დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,უმმი“ -  კულინარია ქვაბებისა და ტაფების გარეშე

,,უმმი“ - კულინარია ქვაბებისა და ტაფების გარეშე

2023-06-03 00:01:47

Raw Food-ის ანუ ცოცხალი საკვების პირველი კაფე-სამზარეულო საქართველოში ,,უმმი“  ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და პოპულარობა მალევე მოიპოვა როგორც ვეგეტარიანულ და ვეგანური კვების მიმდევრებში, ასევე  ჯანსაღის კვების მოყვარულებშიც.

„უმმის“ დამფუძნებელმა სალომე კალანდაძემ ბიზნესი თავდაპირველად პირადი საჭიროებიდან გამომდინარე დაიწყო და დღეს საკმაოდ დიდი და ჯანსაღი ამბიცია აქვს.

სურს, მომავალ წლებში საქართველოსა და მსოფლიოში მეტი ,,უმმი“ იყოს, ვიდრე ,,მაკდონალდსი“.

„ცოცხალი კვების კაფე-სამზარეულოს გახსნის იდეა გამიჩნდა პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან Raw Food-ზე  მოთხოვნა არ იყო. არ არსებობდა მსგავსი დაწესებულება და პირველებმა შევქმენით ეს სივრცე ჯანსაღი კვების მიმდევრებისთვის.

თავდაპირველად ორიენტირებული ვიყავით უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ახლა უკვე ქართული საზოგადოებაც საკმაოდ დაინტერესდა და ბევრი გულშემატკივარი გვყავს, რაც განსაკუთრებით გვახარებს. ეს არის  ჯანსაღი კვება, კულინარია ქვაბებისა და ტაფების გარეშე. ევროპაში ჯანსაღი საკვების მიღება ძალიან პოპულარული გახდა და ეს ბაზარი მუდმივად იზრდება. 100%-ით მცენარეული კვებაა, ჩვენ არ ვიყენებთ არანაირ ცხოველურ პროდუქტებს, არ ვწვავთ, არ ვხარშავთ და არ ვათბობთ ანუ თერმულად  არ ვამუშავებთ“, - ამბობს სალომე კალანდაძე.

რაც შეეხება საკვების დამზადების ტექნოლოგიას, ოთხი ძირითადი მეთოდია: გაღივება, დეჰიდრატაცია, ფრიზინგი და ფერმენტაცია - ასე იქმნება უმი პიცა, გამომშრალი პური, ყაბაყის სპაგეტი და ა.შ.

როგორც ,,უმმის" თანადამფუძნებელი ამბობს,  საკვების დასამზადებლად გამოყენებული ზოგიერთი ნედლეული ქართულია, მაგრამ  რაც ადგილობრივ ბაზარზე არ არის, იმპორტული  და  უმაღლესი ხარისხისაა.

„მაღაზია ნაკლებად გვეთქმის, ,,უმმი“ კაფე და სამზარეულოა, სადაც მომხმარებელს  შეუძლია ადგილზე დააგემოვნოს კერძი, სურვილის შემთხვევაში, წაიღოს ან მიტანის სერვისით ისარგებლოს. არა მარტო ერთჯერადად შეუკვეთოს, არამედ ყოველდღიურად დაუგეგმოს კვების რაციონი.

მიუხედავად იმისა, რომ ვეგანური კაფეა, ძალიან ბევრი გვსტუმრობს, მათ შორის, ჯანსაღ კვებაზე ორიენტირებული ადამიანები, ასევე ვინც მარხვას იცავს ან წონაში დაკლება სურს. ჩვენი მიზანია, ადამიანს ჯანსაღი კვების  მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს.

სუპერმარკეტები სავსეა არაჯანსაღი პროდუქციით და  გვინდა ჩავანაცვლოთ. გვინდა, იმაზე მეტი „უმმი“ იყოს ,,მსოფლიოში, ვიდრე მაკდონალდსია“, - აცხადებს სალომე კალანდაძე.

„უმმის“ დამფუძნებლები ამჟამად მუშაობენ აპლიკაციაზე, რომელიც უმ და ჯანსაღ კვებაზე ორიენტირებულ ადამიანებს საშუალებს მისცემს, რომ მიიღონ  მეტი ინფორმაცია. აპლიკაციაში წარმოდგენილი იქნება ბლოგები, ექნებათ აზრთა გაზიარების შესაძლებლობა. პროექტი დამუშავების და ინვესტორის ძიების ეტაპზეა.

რაც შეეხება კაფეს შექმნაში ჩადებულ ინვესტიციას, ყველაფერი სახლის პირობებში, ნულოვანი ინვესტირებით დაიწყო. მოგვიანებით კი ,,შარქ თენქის" დახმარებით კომპანიის დამფუძნებლებმა 70 000 ლარიანი თანადაფინანსება მიიღეს და გაფართოვდნენ. ,,უმმი" ამჟამად 2 ობიექტით არის წარმოდგენილი და 15 ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები