დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უცხოეთში დასვენება 2-3 ჯერ უფრო იაფია ვიდრე საქართველოში - „აჭარა ტური“ შემცირებულ სტატისტიკაზე

უცხოეთში დასვენება 2-3 ჯერ უფრო იაფია ვიდრე საქართველოში - „აჭარა ტური“ შემცირებულ სტატისტიკაზე

2023-03-16 18:00:19

2022 წელს ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა შემცირდა, თუმცა ხარჯვითი ნაწილი გაიზარდა. როგორც Business Insider Georgia-თან ტურ-ოპერატორი „აჭარა ტურის“ ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე აცხადებს, 2022 წელს ადგილობრივი ტურისტების რაოდენობის კლება კოვიდპანდემიის შემდეგ გახსნილმა საზღვრებმა განაპირობა, რადგანაც 2 წლიანი ჩაკეტილობის შემდეგ საქართველოს მოსახლეობამ უცხოეთში დასვენება ამჯობინა.

რაც შეეხება ხარჯების ზრდას, ირაკლი თავართქილაძე აცხადებს, რომ გარკვეულწილად ეს 2022 წელს მაღალი ინფლაციის ფონზე ფასების ზრდას უკავშირდება.

„2021 და 2022 ფინანსური წლების შედარებისას, ტურიზმის სამომხმარებლო კალათაში ლარში ფასები 2-3-ჯერაა გაზრდილი. იგივე სერვისის მიღება 2021 წელთან შედარებით მომხმარებლებს 2022 წელს მინიმუმ 50%-ით გაუძვირდა.

ესაა სასტუმრო მომსახურება, ტრანსპორტი, გადაადგილება, ე.წ. შოპინგი, თუ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მიღებული სერვისები, გართობა. ფასები ყველა სერვისზე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ საქართველოში 2022 წელს საცხოვრენლად საკმაოდ ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, რომელთაც მაღალი ან საშუალო შემოსავალი აქვთ. რამაც სამომხმარებლო კალათის ზრდა განაპირობა.

მიუხედავად იმის, რომ 2022 წელს უფრო ნაკლები ვიზიტორი მოგზაურობდა ქვეყნის შიგნით, მათი ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია“, - ამბობს „აჭარა ტურის“ ხელმძღვანელი.

ტურისტული კომპანიის მენეჯერი მიიჩნევს, რომ ინფლაციის შემცირების მიუხედავად, მიმდინარე წელს ტურისტულ სერვისზე ფასების კლება არ ფიქსირდება.

„ჩემი პირადი დაკვირვებით არც ერთ სერვისზე ფასები ქვემოთ არ ჩამოსულა. ერთადერთი ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამომხმარებლო კალათზე ფასი თუ დასტაბილურდა და ლარის კურსი გამყარდება იმპორტირებულ საქონელზე ფასებმა აღარ უნდა მოიმატოს და პირიქით უნდა შემცირდეს“, - განმარტავს Business Insider Georgia-თან ირაკლი თავართქილაძე.

ამასთან „აჭარა ტურის“ ხელმძღვანელის პროგნოზით, ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა 2023 წელს 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 15%- მდე შემცირდება.

„ვინაიდან ლარის კურსის გამყარების ფონზე აშშ დოლარი გაიაფდა, ეს ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნებში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა და ამ მიმართულებით სტატისტიკა გაიზრდება. საქართველოს ვიზიტორები უპირატესობას უცხოეთში დასვენებას მიანიჭებენ. რადგანაც უცხოეთში დასვენება 2-3 ჯერ უფრო იაფია ვიდრე საქართველოში“, - აცხადებს თავართქილაძე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები