დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უთუოდ უნდა ვყოფილიყავი დღეს კიევში და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე - პრეზიდენტი

უთუოდ უნდა ვყოფილიყავი დღეს კიევში და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე - პრეზიდენტი

2023-02-24 12:36:40

თბილისში, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ეგიდით უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესწრება. 

საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. პრეზიდენტის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ;

„მივესალმები ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც დღეს საქართველოში არიან, აქ დგანან და ჩამოსულები არიან საქართველოში,

მივესალმები მთელს მსოფლიოში დღეს ყველა იმ ქართველს და უკრაინელს, რომელიც სხვადასხვა დედაქალაქში გამოდის, იმისთვის, რომ აღნიშნოს დღევანდელი დღე.

ერთი წელია, რაც რუსეთმა, უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენობის წინააღმდეგ სრულმაშტაბიანი აგრესია წამოიწყო.

ერთი წელია, რაც უკრაინელი ხალხი, ერთობლივად და არნახული შემართებით უძლებს განუწყვეტელ შეტევას, დაბომბვას, დესტრუქციას, ქალაქების, სოფლების, ადამიანების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების განადგურებას.

ერთი წელია, რაც მიმდინარეობს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი, ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპებისა და კონვენციების დარღვევითა და უგულებელყოფით.

ერთი წელია, რაც უკრაინამ მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცა - პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში - თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება: ამ მიზანს კი უკრაინა ჰქვია!

ამ შემართებამ და ერთიანობამ შედეგიც გამოიღო  - რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია: ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა, ვერც საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტა; პირიქით - უკრაინის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ ნდობა და მხარდაჭერა დღითი დღე იზრდება. არნახული სოლიდარობა, არნახული დახმარება არა მხოლოდ სიტყვიერი, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ყველა შესაძლო რესურსით.  რუსეთისთვის კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს საოცარი ერთობა, რომელსაც ვერც ენერგო შანტაჟმა, ვერც ბირთულმა შანტაჟმა და ვერც ეკონომიკურმა კრიზისმა ვერ გადაათქმევინა მხარდაჭერა და ვერ შეაცვლევინა პრინციპული სოლიდარობა.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ომმა ერთგვარად ახალი, თვითდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა, რომელიც აქამდე სტრატეგიულად ვერ ყალიბდებოდა. დღეს მთელმა ევროპამ გააცნობიერა საიდან მოდის საფრთხე და რომ დღეს უკრაინა იცავს არა საკუთარ თავისუფლებას, არამედ იცავს ყველას თავისუფალ მომავალს.

ამ მოცემულობაში, არ შეიძლება არ გამოვხატო მწუხარება, იმის გამო რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს რომ გაამართლოს ყველასათვის გაუგებარი ვითომცა და ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია; გაუგებარი იმ ქვეყნისგან რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ, რომელმაც კარგად იცის თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე. 

საბედნიეროდ საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია: ყველა ფორმით და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვან მეგობარი ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს სად დგას ქართველი ხალხი. გუშინ ჩვენთან ლევან სონღულაშვილმა  უკრაინის ტრაგედიისთვის მიძღვნილი ნახატის დასათვალიერებლად მოიწვია ახალგაზრდები. დღეს ჩვენთან ერთად დიპლომატიური კორპუსი ეზიარება სიმბოლიკას ჩვენი ორი სახელმწიფოს ერთობისა და სიახლოვის, რაც ამ დროშებით და ჩვენი ჰიმნებით გამოიხატება. საღამოს ახალგაზრდა მწერლები და მუსიკოსები ამ ტრაგედიის მიმართ საკუთარ ხედვას გაგვიზიარებენ. თბილისი კი თავის მხრივ მსოფლიოს გაახსენებს რომ საქართველო, დგას სადაც საუკუნეების მანძილზე იდგა და „საკუთარი ინტერესების“ ძახილმა არ დაგვავიწყებინა მთავარი - საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება. ამ საზოგადოების სახელით, პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ამ ერთი წლის მანძილზე ყველა შესაძლო ადგილას და ფორმატში გამოვხატე  უკრაინას მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა და ასეც გავაგრძელებ. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე.

სამწუხაროდ მოწვევა ვერ მივიღე.  სამაგიეროდ  პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალურ დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ ჩვენ დღეს კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან.

ყველასათვის გასაგებია, რომ საქართველოს არ გააჩნია დახმარების ისეთი საშუალებები, როგორც ბევრად ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის საზღვრები და ნატოს წევრობა უსაფრთხოების გარანტიებს ანიჭებს. თუ ჩვენი სოლიდარობა ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, მით უფრო მტკიცედ უნდა ვიცავდეთ ჩვენს პრინციპებს.

დღეს 24 თებერვალია და დამთხვევად ვერ ჩაითვლება და ვერ მივიჩნევ, რომ ხვალ, 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის დღეა, 23 თებერვალს იუნკრების საგმირო ბრძოლის ხსოვნის დღე, 19 თებერვალი კი, მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე... ეს ნამდვილი სიმბოლური პარალელია, რომელიც არ შეიძლება, არ გავიგოთ როგორც ნიშანი; 1921 წელს მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლა, 1992-1993 წლის გამოუცხადებული ომი რუსულ საჰაერო და საზღვაო ძალების წინააღმდეგ, 2008 წლის ომი უკრაინელების დღვანდელ განსაცდელთან გვაერთიანებს და არა გვაშორებს!

მინდა წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი ერთად უკრაინელ დაღუპულ სამხედროებს და მოქალაქეებს, ბუჩაში, ირპენში თუ მარიუპოლსა და ბახმუტში. მათთან ერთად ჩვენი თანამემამულეები ვინც უკრაინელებთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ და იქ დაიღუპნენ. ისინი ქართულ ღირსებასაც და მომავალს იცავდნენ.

მათთან ერთად მინდა გავიხსენოთ ყველა ვინც საქართველოში თუ უკრაინაში იცავდა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და მაშინ და დღეს ერთიან ევროპულ მომავალს.

არა სადღაც შუაში, არა გაუგებრობაში, არამედ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, უკრაინის მხარეს!

სხვა ალტერნატივაც არ არსებობს და ამ ომის შედეგი, როგორც ჩვენს, ასევე, მთლიანად ევროპის მომავალს გადაწყვეტს.

ქართულ ენას ყველაფრის სწორი გამოხატვა შეუძლია, ბრძნული ენაა: გამარჯობას ვიძახით და მშვიდობას და ვიცით, რომ ერთი მეორეს გარეშე ვერ იქნება.

მჯერა უკრანელი ხალხის გამარჯვების და გამარჯვებული მშვიდობიანი მომავლის! მათი და ჩვენი ერთობლივად!

გაუმარჯოს უკრაინას!

გაუმარჯოს საქართველოს!

გაუმარჯოს ჩვენს მეგობრობას და ჩვენს ერთიან მომავალს!

Slava Ukraini“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები