დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვირის რძისგან დამზადებული  ყველი ერთ წელიწადში 300 ლარით გაძვირდა - ,,სახე-დარი“

ვირის რძისგან დამზადებული ყველი ერთ წელიწადში 300 ლარით გაძვირდა - ,,სახე-დარი“

2023-03-26 12:31:00

,,სახე-დარი“ - ვირების პირველი ფერმა საქართველოში, რომელიც რძეს სამკურნალო და კოსმეტიკური დანიშნულებით აწარმოებს. როგორც ფერმის ხელმძღვანელი თემურ ლომიძე Business Insider Georgia -თან ამბობს, სახედრები იკვებებიან მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი საკვებით, რაც იმის გარანტიაა, რომ აწარმოონ 100%-ით ნატურალური პროდუქტი.

რაც შეეხება ფასს, ვირის რძისგან დამზადებული ყველი ერთ-ერთი ძვირადღირებული პროდუქტია და 1800 ლარი ღირს. შარშან 1500 ლარი ღირდა.

როგორც მეწარმე აღნიშნავს, პროდუქტზე ფასი ზრდა წარმოებისა და ნედლეულის გაძვირებამ გამოიწვია.

მაღალი ფასის მიუხედავად, ,,სახე-დარის“ პროდუქტებზე მოთხოვნა დიდია, რასაც ფერმერი პროდუქტების უნიკალურ თვისებებს მიაწერს და აღნიშნავს, რომ სამკურნალოდ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და მრავალი სხვა დანიშნულებით ვირის რძე შეუცვლელი პროდუქტია, რომლის უნიკალურ თვისებებს მედიცინაც აღიარებს.

„ჩვენ, გარდა იმისა, რომ ნედლ რძეს ვთავაზობთ მომხმარებელს, რძის ფხვნილს ვამზადებთ. ექსპორტზე ძირითადად რძის ფხვნილის სახით გადის. ეს არის მშრალი, ნატურალური რძისგან მიღებული პროდუქტი, რომელსაც ვაცლით სითხეს, გადასატანად ადვილია და სასარგებლო თვისებებს დიდხანს ინარჩუნებს. რაც შეეხება ყველს, ერთ-ერთი ძვირადღირებული პროდუქტია და მისი ღირებულება 1800 ლარს აღწევს, შარშან 1500 ლარი ღირდა. პროდუქტზე ფასი წარმოების და ნედლეულის გაძვირების გამო გავზარდეთ. წარმოება დიდ დანახარჯთან არის დაკავშირებული. მარტო ფხვნილის მისაღებად 800 ლარს ვიხდით, ძვირადღირებული პროცესია. მაღალ ფასს პროდუქტის უნიკალურობაც განსაზღვრავს. ცნობილია, რომ ვირის რძე შესაძლებლობით დედის რძესთან 97%-ით მიახლოებული პროდუქტია. რაც შეეხება მოთხოვნას, საქართველოში უფრო სამკურნალო და კოსმეტიკური დანიშნულებით იყიდება“, - ამბობს თემურ ლომიძე.

რაც შეეხება ფასებს, 1 ლიტრი ვირის რძე 70 ლარი ღირს. 1 კილოგრამი რძის ფხვნილის ფასი 900 ლარია. ერთი კილოგრამი ყველის მომზადებას 25 ლიტრი, ხოლო 1 კილოგრამი ფხვნილის მიღებას 10 ლიტრი რძე სჭირდება.

მაღალი ფასი განპირობებულია ვირის დაბალი წველადობით, რომელიც დღეში სულ რაღაც 200-300 გრამ რძეს იძლევა. ამიტომ რძეს ფერმაში კვირაობით აგროვებენ.

ცნობისთვის, ვირების ფერმა ,,სახე-დარი“ 2016 წელს დაარსდა, რომლის ბაზაზე 100 სახედარია. 30 ჰა ფართობის საძოვარი კომპანიას იჯარით აქვს აღებული.

ამავე თემაზე: 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები