დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვკოტრდებით, ჯარიმები გვეწერება, ზარალი ზარალზეა - მეხორბლეები მთავრობის ვერდიქტს ელოდებიან

ვკოტრდებით, ჯარიმები გვეწერება, ზარალი ზარალზეა - მეხორბლეები მთავრობის ვერდიქტს ელოდებიან

2023-04-03 14:00:31

მეხორბლეების პრობლემა ვერ მოგვარდა. ფერმერები მოსავალს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში ჰყიდიან. პარალელურად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტრატეგიული პროდუქტის მოსავლიანობის გაზრდის პროგრამაზე მუშაობს. 

Business Insider Georgia-თან საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიანიძე ამბობს, რომ მეხორბლეებს მოსავალი უფუჭდებათ. 

„2022 წელს 1 კგ. ხორბლის ღირებულება 1,20 ლარს აღწევდა და ამ ეტაპზე ფერმერები 55 თეთრზე მეტად ვერ ჰყიდიან. ესეც იმიტომ, რომ სასესხო ვალდებულებებს გაუმკლავდნენ“. 

ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს იმასაც, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ როგორ უშველონ დარგს, მაგრამ შედეგი ჯერ ნულოვანია.

„რეალურად ჯერ ვერაფერზე ვერ შევთანხმდით. საუბარი იყო, რომ ექსპორტზე გატანაში დაგვეხმარებიან, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის, უკვე ძალიან დაგვიანდა. შარშან, როცა უცხოელი მომხმარებლები მოვიზიდეთ და უნდა გაგვეყიდა ხორბალი, ვერ მოხერხდა, პროდუქტის გატანაზე აკრძალვა დაწესდა. ქერზე შეზღუდვა მოხსნილია და ხორბალზეც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ არაფერი გამოვა, წისქვილკომბინატები ვერ მუშაობენ, ფქვილის ჭარბი იმპორტია ქვეყანაში. რუსეთში წარმოებული ფქვილის 20% საქართველოში რეალიზდება, ხორბალს კი პერსპექტივა ჯერჯერობით არ აქვს.

ხორბალი გაუყიდავი არ დარჩება, მაგრამ ფასს გააჩნია. 2022 წელს 1,20 ლარი ღირდა და დღეს ფერმერები იძულებული არიან, ხორბალი 55 თეთრად გაყიდონ. გვეჩქარება, სესხები გვაქვს, ვკოტრდებით, ჯარიმები გვეწერება, ზარალი ზარალზეა. მიზერულ ფასად კი იმიტომ ჰყიდის ფერმერი მოსავალს, რომ ეშინია, ბანკმა მიწა და სახლი არ წაართვას, ამას სხვა ახსნა არ აქვს“, - აცხადებს ნიკოლოზ ბენიანიძე.

საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ სექტორი მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება. ბენიანიძის თქმით, ფერმერებს ჯერ არ მიუღიათ ისეთი შემოთავაზება მთავრობიდან, რომელიც დარგს კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანს.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ საბაჟო გადასახადის ამოქმედების შემდეგ, საქართველოში წისქვილებს უკვე მეორედ მოუწიათ მუშაობის შეჩერება. მიზეზი კვლავ ის არათანაბარი პირობებია, რაც ხორბლისა და ფქვილის საბაჟო გადასახადს შორის არსებობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები