დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვმუშაობთ, რომ ახალგაზრდებში პროფესიული განათლება პრიორიტეტული გახდეს -  მაგდა მაღრაძე

ვმუშაობთ, რომ ახალგაზრდებში პროფესიული განათლება პრიორიტეტული გახდეს - მაგდა მაღრაძე

2023-04-16 11:30:08

საქართველოს შრომის ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პროფესიული განათლების მიმართ დაბალი მოთხოვნაა, რის გამოც ბიზნესს კადრების მოძიება ყოველთვის უჭირს.

წლებია, ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველოს საიმედო პარტნიორი - აშშ მთავრობა ეხმარება.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის ინფორმაციით, სხვადასხვა პრიორიტეტული დარგის მიმართულებით ყოველწლიურად პროფესიულ სასწავლებლებს 1200-1500 ახალგაზრდა ამთავრებს, თუმცა შრომის ბაზრის მოთხოვნა გაცილებით დიდია.

„პროფესიული განათლების მიმართულებით 2013 წლიდან ვმუშაობთ. დავიწყეთ პროექტით, რომელიც დააფინანსა აშშ-ს მთავრობამ $16 მილიონი გამოყო. მანამდე, 2012-2013 წლებში აშშ-სა და საქართველოს მთავრობების დაფინანსებით ჩატარდა კვლევები, რათა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები დაგვედგინა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პროფესიული კადრების ნაკლებობა აღმოჩნდა. ჩავარდნა იყო მოთხოვნა-მიწოდებას შორის.

მიწოდების მხრივ, რა თქმა უნდა პერსონალების უმეტესობას აქვს უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლების მქონე პირი ცოტა იყო და ამ ტიპის ცოდნის ხარისხი და დონე არ იყო ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი.

მანამდე ქვეყანა ნაკლებად აკეთებდა აქცენტს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, ამ მხრივ ადამიანური კაპიტალის სიმცირე ინდუსტრიისა და დამსაქმებლებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. სწორედ მაშინ დაიწყო რეფორმა, რომელიც მთავრობამაც დააანონსა, ვინაიდან ადამიანური კაპიტალის განვითარება პრიორიტეტი გახდა და დონორი, ამ შემთხვევაში ,,ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია“ გახდა, რომელიც აშშ-ს მთავრობის ერთ-ერთი დამოუკიდებელი სააგენტოა. გადაწყდა, რომ გრანტი ძირითადად განათლების სექტორის განვითარებისთვის დახარჯულიყო. ჯამში ეს იყო $ 140 მლნ აშშ დოლარის გრანტი და აქედან $ 16 მილიონი შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი პროფესიონალი კადრების მომზადებისთვის გამოიყო“, - ამბობს მაგდა მაღრაძე Business Insider Georgia-თან.

ერთ-ერთი საკითხი, რის მოგვარებაშიც ფონდმა დიდი წვლილი შეიტანა პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებაა. პრობლემის მოგვარებაში მთავრობასა და დონორ ორგანიზაციას ბიზნესიც დაუდგა გვერდში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ერთობლივად გაკეთდა, პროფესიული განათლებისადმი დაბალი ინტერესი დღესაც გამოწვევაა.

„სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების უმეტესობას უმაღლესი განათლების მიღება სურს. წელს 48 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბაკალავრიატის დონისთვის, რაც უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობაა.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის ბევრი რამ კეთდება, ჯერჯერობით უმაღლესი განათლება არის პრიორიტეტი. აქ არის სხვადასხვა ფაქტორი, ადრე, განსაკუთრებით ბიჭი სტუდენტებისთვის ჯარის ფაქტორი, მაგრამ ესეც მოიხსნა. პროექტებზე მუშაობისას პროფესიული განათლების ხარისხი იყო ერთ-ერთი თემა.

ბუნებრივია, აბიტურიენტი ირჩევს კარგ პირობებში სწავლას, ამიტომ პროფესიული განათლების კუთხით განხორციელებული ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარება იყო. რა თქმა უნდა, პროფესიას ვერ დაეუფლები, თუ არ არის მაღალ დონეზე აღჭურვილი კოლეჯი, სადაც პროფესიული განათლების მიღება ხდება.

ამიტომ პირველ რიგში, იდენტიფიცირება გავუკეთეთ იმ პროფესიებს, სადაც იყო ჩავარდნა -საბუნებისმეტყველო, საინჟინრო დარგები, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ამ სექტორებში დავაფინანსეთ პროექტები, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში 60-ზე მეტი ახალი განახლებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შემოვიტანეთ.

ეს პროგრამები დაფინანსდა დაახლოებით $12 მილიონით (გრანტით), დაახლოებით $6 მილიონი გაიღეს კერძო და საჯარო სექტორებმა თანადაფინანსების სახით. ეს იყო პირველი მცდელობები დამსაქმებლების, რომ თანხა ჩაედოთ პროფესიულ განათლებაში, ვინაიდან დაინახეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასაქმებული კადრის კვალიფიკაცია ბიზნესის განვითარებისთვის“, - აცხადებს მაგდა მაღრაძე.

ცნობისთვის, საერთაშორისო ხელშეკრულება - ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი - საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის 2013 წელს გაფორმდა და მისი რატიფიცირება მოახდინა საქართველოს პარლამენტმა.

კომპაქტი, რომლის მოცულობაც 140 მილიონი აშშ დოლარია, 2014 წლის ივლისიდან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ხორციელდება.

კომპაქტი არის საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის შემცირებას ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნული გამოწვევის გადასალახად ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს პროგრამებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, სადაც აქცენტი კეთდება STEM სფეროში განათლების ხარისხისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს" ფარგლებში არაერთი პროგრამა დაფინანსდა, რომლის მიზანიც კვალიფიციური კადრების დეფიციტის აღმოფხვრა და ქვეყანაში პროფესიული განათლების დონის ამაღლებაა.

ფონდი ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისთვის საბუნებისმეტყველო-საინჟინრო მიმართულებებში, ასევე ტურიზმში, სოფლის მეურნეობასა და ტექნიკურ დისციპლინებში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები