დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
1 ტონა ფქვილზე საიმპორტო გადასახადი დაახლოებით 200-დან 250 ლარის ფარგლებში იქნება

1 ტონა ფქვილზე საიმპორტო გადასახადი დაახლოებით 200-დან 250 ლარის ფარგლებში იქნება

2023-05-29 15:00:48

მთავრობამ ბიზნესის მოთხოვნა გაითვალისწინა და ხორბლის და ფქვილის იმპორტის თანაბარ პირობებში ჩაყენება გადაწყვიტა.

როგორც დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, ფქვილის იმპორტზე დაწესდება დამატებითი საფასური, რაც წისქვილკომბინატებს  კონკურენტულ გარემოში ჩააყენებს.

წინასწარი ინფორმაციით, 1 ტონა ფქვილზე საიმპორტო გადასახადი დაახლოებით 200-დან 250 ლარის ფარგლებში იქნება. 

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან მომზადდება შესაბამისი განკარგულება და სწორედ აღნიშნული გზით დარეგულირდება საკითხი.

„დადგენილება იქნება, რომელშიც გაიწერება ფქვილის საიმპორტო გადასახადი, გაიწერება სავარაუდოდ ფქვილის  ქარხნებისთვის მიწოდების პროცედურა, რომელთაც ექნებათ ვალდებულება, რომ პური არ გაძვირდეს და ასევე გაიწერება წისქვილ კომბინატების მიერ ადგილობრივი ხორბლის მიღების გეგმა (როგორც ძველი ასევე ახალი მოსავლის). 

ფქვილის საიმპორტო გადასახადი იქნება უნიფიცირებული, რამდენიმე თვიანი, რომელიც შესაძლოა მერე გადაიხედოს, რადგანაც ზოგადად ეს პრობლემა გამოწვეულია რუსეთის ფქვილის საექსპორტო გადასახადიდან გამომდინარე და ყოველ კვირაში იცვლება, მცურავი ბაჟია.

ტექნიკურად ძნელია მებაჟისთვის და შესაბამისი უწყებებისთვის, რომ ყოველკვირეული ცვლილება ჩვენთანაც მოხდეს. შესაბამისად, ფქვილის საიმპორტო გადასახადი იქნება უნიფიცირებული, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იმოქმედებს და თუ დრამატულად გაიზარდა ან შემცირდა, შესაძლოა, ვადაზე ადრეც მოხდეს ფქვილის საიმპორტო გადასახადის კორექტირება. იდეა არის ის, რომ გარკვეულწილად გათანაბრდეს ფქვილის იმპორტისა და ხორბლის იმპორტის საიმპორტო გადასახადები“, - განმარტავს სილაგავა.

რაც შეეხება დამატებით ვალდებულებებს, რაც წისქვილკომბინატებს დაეკისრებათ, იქნება ის, რომ ქარხნებისთვის მისაწოდებელი ფქვილის ღირებულება, რომლებიც სოციალურ პურს აწარმოებენ 53 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 

ხოლო რაც შეეხება ადგილობრივ სასურსათო ხორბლის მიღებას, საუბარია ძველ მოსავალზე, წისქვილკომბინატებმა საორიენტაციოდ 70  თეთრზე ნაკლებად არ უნდა ჩაიბარონ, ხოლო ახალი მოსავლის ფასს თავად ბაზარი განსაზღვრავს. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობა, ფქვილზე ხუთი თვით საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები