დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს 7%-ის ნაცვლად ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა - საქსტატის განახლებული მონაცემები

2023 წელს 7%-ის ნაცვლად ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა - საქსტატის განახლებული მონაცემები

2024-02-12 11:34:00

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტის და ეროვნული ანგარიშების მონაცემები განაახლა. ახალი მონაცემებით, წინა წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ის ნაცვლად 7.5%-ით გაიზარდა. 

2022 წელს ეკონომიკური ზრდა 10.4%-ის ნაცვლად 11% იყო, ხოლო 2021 წელს მშპ 10.5%-ის ნაცვლად 10.6% იყო.

„ეროვნული ანგარიშები, მათი შედგენის მეთოდების კომპლექსურობიდან გამომდინარე, რეგულარულ გადასინჯვას ექვემდებარება, რაც წინასწარ შედგენილი კალენდარული გეგმის მიხედვით, სხვადასხვა პერიოდულობით ხორციელდება.

ეროვნული ანგარიშების ერთ-ერთი მთავარი მაკროეკონომიკური ინდიკატორია მთლიანი შიდა პროდუქტი, რომლის წინასწარი მაჩვენებელიც საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან მე-80 დღეს ქვეყნდება კვარტალური გამოკვლევების შედეგების შესაბამისად, ხოლო ზუსტდება საანგარიშო წლის დასრულებიდან 11 თვის შემდეგ, წლიური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე. გარდა აღნიშნული ყოველწლიური დაზუსტებისა, მაჩვენებლების შესადარისობის მიზნით ისტორიული მონაცემებიც ექვემდებარება ეტაპობრივად გადასინჯვას, რისი მიზეზიც შესაძლოა იყოს: ანგარიშების შედგენის მეთოდოლოგიური ცვლილებები, წყაროდან მიღებული მონაცემების დაზუსტება, მონაცემთა წყაროს გაუმჯობესება, ცვლილებები კლასიფიკატორებში და სხვა.

მშპ-ს და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ისტორიული მწკრივების გადასინჯვა და გადაანგარიშება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (IMF, Eurostat და ა.შ.), რეკომენდირებულია 5 წელიწადში ერთხელ, რომლის მიზანია ეროვნული ანგარიშების მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საქართველოში მშპ-ს ისტორიული მწკრივის გადაანგარიშება უკანასკნელად 2019 წლის ნოემბერში განხორციელდა, ხოლო შემდგომი გადაანგარიშება იგეგმებოდა 2023 წელს. თუმცა, 2023 წლის შემოდგომაზე ევროსტატის, UNECE-ს და EFTA-ს მიერ განხორციელებული სტატისტიკის სისტემის გლობალური შეფასების ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს მიერ მსგავსი ტიპის აქტივობები, შესაბამისობაში უნდა იყოს ევროპის მონაცემთა გადასინჯვის ჰარმონიზებულ პოლიტიკასთან (Harmonized European Revision Policy), რომლის მიხედვითაც გადასინჯვის პერიოდად ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიჩნეულია 2024 წელი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მონაცემთა გადაანგარიშების პერიოდად (განახლებული მონაცემების გამოქვეყნების თარიღად) შეირჩა 2024 წლის თებერვალი. გადაანგარიშება მოიცავს ისტორიულ მწკრივს 2010 წლიდან, ხოლო მასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს 2023 წლის იანვრიდან“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები