წელს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის თვალსაზრისით, ისტორიულ მაქსიმუმს ველოდებით - თამარ იოსელიანი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) უმსხვილესმა კონტრაქტორმა TAV Georgia-მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი კრიტიკულ ზონებში 1 კმ-ის მონაკვეთზე ხელოვნური საფარის კაპიტალურ განახლებას მოიცავდა. ბათუმის აეროპორტში საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა გაორმაგდა, რაც აეროდრომს ერთდროულად 9 საშუალო ზომის თვითმფრინავისა და 1 ვერტმფრენის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, ასევე აეროპორტების გაერთიანების (UAG) მენეჯმენტთან ერთად დაათვალიერა და გაფართოების ახალ პროექტსაც გაეცნო.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, 2025 წელი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, მგზავრთნაკადის წინასწარი პროგნოზით ისტორიული იქნება.
,,თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. რეაბილიტირდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის კრიტიკული ზონა. შესაბამისად ჯამში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, TAV Georgia-მ 25 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნული ხელს უწყობს მგზავრთნაკადის ზრდას და შესაბამისად აეროპორტის ეფექტიან მომსახურებას.
ჩვენ, წელს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის თვალსაზრისით ისტორიულ მაქსიმუმს ველოდებით. შესაბამისად, 1,2 მლნ მგზავრზე არის ჩვენი პროგნოზი გაკეთებული. მგზავრთნაკადი რომ შევადაროთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდის 8 თვეს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის უკვე 32%-იანი მატება გვაქვს, რეისების კუთხით კი 35%-იანი ზრდა,-" განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მიმდინარე წელს ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტში დაგეგმილია მგზავრთა გაფრენისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონების გაფართოება, ასევე ტერმინალის შესასვლელის დამატებითი ფართის მოწყობა.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანიას TAV Georgia-ს ბათუმში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილ და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 25 მლნ. ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. მათ შორის, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამართულად ფუნქციონირებისთვის დამატებითი სპეცტექნიკა შეიძინა.
სხვა სიახლეები
19.09.2025.18:00
Saponchike მაღაზია-მინი კაფის კონცეფციის სივრცეა, რომელიც 2024 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ხათუნა შონიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი კომპანია მაღაზია-მინი კაფის კონცეფციისაა და ფუნქციონირებს 2024 წლის მაისიდან.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველასთვის საყვარელ კლასიკურ დონატს შიგთავსით, ასევე 20-ზე მეტ ორიგინალური გემოს დონატებს, რომლებიც ჩვენთვის ასოცირდება ბავშვობასთან და სასიამოვნო ემოციებთან.
დღევანდელი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს:
• ჩვენი ინტერპრეტაციით შექმნილ სინაროლებს;
• უნიკალურ შეფუთვაში წარმოდგენილ დესერტებს – ტრუფელებს;
• ნატურალურ წვენებზე დამზადებულ მილქშეიკებსა და ლიმონათებს;
• კლასიკურ ყავას;
• ჩამოსასხმელ ნაყინს.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ზაფხული გაყიდვების თვალსაზრისით შედარებით მშვიდი პერიოდი აღმოჩნდა, რადგან ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი დასასვენებლად იყო წასული.
თუმცა, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ლოკაცია რამდენიმე უნივერსიტეტთან ახლოსაა, ვვარაუდობთ, რომ მოთხოვნა ყოველდღიურად გაიზრდება.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ორიგინალურ გემოს და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი პროდუქციის განსაკუთრებულ და განსხვავებულ გემოზე.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
კომპანია ახალი გახსნილია, ამიტომ უახლოესი პერიოდის მთავარი მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა და მომხმარებელთა ნდობის მოპოვება.
დიდი სურვილი გვაქვს სამომავლოდ მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ფორმატისა და მასშტაბის ღონისძიებებში.
ინფორმაციისთვის, სივრცე ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის 16 ნომერში მდებარეობს. სამუშაო საათებია ყოველ დღე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.