შენი პირველი არჩევნები - ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა ახალგაზრდა ამომრჩეველს, მას ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში
4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლის ვადით აირჩევენ საკუთარი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების წევრებს. ამ მოქალაქეებს შორის იქნები შენც და კიდევ 46 000-ზე მეტი ის ახალგაზრდა, ვინც წელს პირველად შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას.
აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შენი პირველი ნაბიჯი საარჩევნო უფლების გამოყენებაა. სწორედ ამ არჩევნებზე შენ პირველად გაქვს შესაძლებლობა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში - პროცესში, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ასე რომ, როცა პირველად ემზადები ხმის მისაცემად, გახსოვდეს, რომ ეს არის შესაძლებლობა, წვლილი შეიტანო შენი ქვეყნის, ქალაქისა თუ თემის მართვასა და მომავლის ფორმირებაში. მხარი დაუჭირო შენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს, ხელი შეუწყო დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საარჩევნო კულტურის განვითარებას.
არ იფიქრო, რომ ერთი ხმა არაფერს ცვლის. ყველაფერი ერთი ხმიდან იწყება, განსაკუთრებით, როცა ეს შენი ხმაა. შენ წყვეტ ვინ იქნება შენი მერი, ვინ იმუშავებს შენს საკრებულოში და სწორედ ეს არჩევანი განაპირობებს იმას, თუ როგორი იქნება ადგილი, სადაც ცხოვრობ და რომელზეც გული შეგტკივა.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელისთვის, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი საერთო საქმე. სწორედ ამიტომ, მოგმართავ - გამოიყენე შენი უფლება, მოდი არჩევნებზე და აირჩიე შენი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა.
საუკეთესო სურვილებით,
გიორგი კალანდარიშვილი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
სხვა სიახლეები
24.09.2025.14:43
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის კანდიდატურა წარადგინა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კახა აბულაძეს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის პერიოდში, არაერთი წარმატებული პროექტისა და პროგრამის განხორციელებაში აქვს წვლილი შეტანილი.
„კახა აბულაძე 2023 ოქტომბრიდან თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ის მედიცინის დოქტორია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მანამდე მუშაობდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე, იქამდე კი თბილისის მერიაში ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა. დიდია მისი წვლილი დედაქალაქის საჯარო ბაგა-ბაღების განვითარების, განხორციელებული წარმატებული პროექტებისა თუ პროგრამების მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ, დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებს აწ უკვე მერის მოადგილის პოსტზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კახა აბულაძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
„წარმატებებს ვუსურვებ კახას ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს იყო თბილისის და თბილისელების სამსახურში. მომდევნო წლები ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება. მზად ვართ, ჩვენი შრომით და ყოველდღიური საქმიანობით, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და კომფორტული გავხადოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.