მებაჟე ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილმა პირმა განახორციელა, ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.
სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სამგზავრო ჩანთაში, 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები (,,მეთადონი“, „მდმა“, „კეტამინი“) საკონდიტრო ნაწარმის ორ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული.
გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლების შესაბამისად აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.
სხვა სიახლეები
01.08.2025.16:34
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" წარმატებით დაასრულა სენაკისა და ხონის მუნიციპალიტეტებში. ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების შესახებ სენაკში 46, ხოლო ხონში 39 სემინარი ჩატარდა, რომელთა ფარგლებშიც ჯამში 1200-ზე მეტი პირი გადამზადდა. შეხვედრების ფარგლებში ბენეფიციარებმა ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სრულიად უფასოდ აიმაღლეს ცნობიერება და გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამამ", რომელსაც კომუნიკაციების კომისია 2022 წლიდან საქართველოს რეგიონებში უწყვეტად ახორციელებს, უკვე 17 მუნიციპალიტეტის 247 სოფელი და დასახლებული პუნქტი მოიცვა. პროგრამის ფარგლებში კი 9000-მდე ბენეფიციარია გადამზადებული.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.