მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.4
-0.0092
flag
AZN 1.5839
-0.0021
flag
CNY 37.726
-0.0015
flag
EUR 3.1394
-0.0003
flag
GBP 3.624
0.0104
flag
KZT 49.88
-0.0007
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.6936
-0.0035

ევრობასკეტზე ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი და ნაკრების მდგომარეობა - საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

news image

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ნახევარზე მეტი უკვე გაიარა. ტურნირის ყველაზე რთულ ჯგუფში მყოფი საქართველო, 4 დღეში 3 გრანდს - მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს, ასევე იტალიასა და საბერძნეთს დაუპირისპირდა.

ესპანეთთან სენსაციურმა გამარჯვებამ (83:69) ჩვენი ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსი რეალური გახადა. არადა, პლეი-ოფში თამაშის ყველაზე პროგნოზირებადი გზა ტურნირის ერთ-ერთი მასპინძლის, კვიპროსისა და ჩინებულ ფორმაში მყოფი ბოსნია და ჰერცეგოვინას დამარცხება უნდა ყოფილიყო. თუმცა ჩვენმა ნაკრებმა მთელი საკალათბურთო სამყარო გააოცა: ესპანეთს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

შემდეგ იყო 2 დღეში გამართული 2 მატჩი. იტალია გადაულახავი ზღუდე აღმოჩნდა. წინ 3 შეხვედრა იყო სათამაშო. ამ მოცემულობით, საბერძნეთთან ვა-ბანკზე წასვლა და გარისკვა შეიძლება ძალიან ძვირად დაგვჯდომოდა. ამიტომაც, ალეკსანდარ ჯიკიჩმა სიფრთხილე გამოიჩინა: გუნდი არ გადაღალა, აქცენტი სათადარიგოთა სკამის მოთამაშეებზე გააკეთა და გუნდის ბირთვის ძალა მომდევნო მატჩებისთვის შემოინახა. საბერძნეთთან დავმარცხდით, თუმცა უკან დახევა სტრატეგიულად გამართლებული ნაბიჯი იყო.

გადატვირთული კალენდრის შემდეგ, ჩვენს კალათბურთელებს პაუზის აღების საშუალება მიეცათ. ამჟამად, ისინი ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადებიან.

2 სექტემბერს, 19:15-ზე, ჯგუფის მთავარ აუტსაიდერს - კვიპროსს დავუპირისპირდებით. ჩვენთან შეხვედრამდე, ტურნირის ერთ-ერთმა მასპინძელმა 3 მატჩი გამართა და სამივეში დამარცხდა. მეტსაც გეტყვით: ტურნირზე მონაწილე გუნდებს შორის, ყველაზე ცოტა ქულა სწორედ კვიპროსს აქვს ჩაგდებული. შესაბამისად, უდიდესი ალბათობით, კვიპროსი იოლი ნადავლი აღმოჩნდება და მთავარ მატჩზე გადავერთვებით.

ბოსნია და ჰერცეგოვინა გაცილებით რთული მეტოქეა, თუმცა ჩვენი ნაკრების შემადგენლობა და ესპანეთთან ნაჩვენები კალათბურთი იმის მანიშნებელია, რომ ამ შეხვედრას 1 ფავორიტი ჰყავს. ჯიკიჩის მთავარი ამოცანა ამ პრინციპულად მნიშვნელოვან მატჩში გამარჯვება იქნება (4 სექტემბერი, 16:00).

ევრობასკეტის პლეი-ოფში 6-დან 4 გუნდი გადის და ჯგუფში თანაბრად დაგროვებული ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებულს მიენიჭება. შესაბამისად, კვიპროსთან, შემდეგ კი ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გამარჯვებით, პლეი-ოფის საგზურს ავტომატურად მოვიპოვებთ.

ვის ვხვდებით პლეი-ოფში?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ პოზიციას დავიკავებთ ჯგუფში. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ასპარეზობს, სადაც 1-4 პოზიციაზე გასული გუნდები D ჯგუფის საუკეთესო 4 ნაკრებს დაუპირისპირდებიან. პირველ ადგილზე გასული მეოთხეადგილოსანს შეხვდება, მეორე-მესამეს და ა.შ. ამ ფორმატის მიზანია, ევრობასკეტის დასკვნით ნაწილში, მხოლოდ საუკეთესო გუნდებმა მოიყარონ თავი.

მომდევნო შეხვედრები ამ პრინციპით გადანაწილდება:

• C1 v D4
• C2 v D3
• C3 v D2
• C4 v D1

3 მატჩში 3 გამარჯვებით, D ჯგუფს, ერთპიროვნულად, პოლონეთის ნაკრები ლიდერობს. 5-5 ქულა აქვთ ისრაელსა და საფრანგეთს, მათ მოჰყვებიან სლოვენია და ბელგია (4-4 ქულა), ბოლო ადგილს კი, 3 მარცხით, ისლანდია იკავებს (3 ქულა).

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საქართველო მუნდიალის გზაზე | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

04.09.2025.20:17

მონატრებული სანაკრებო ფეხბურთი დაგვიბრუნდა: ევროპის ზონაში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება, რომელიც 2026 წლის მუნდიალის მონაწილე ევროპულ ნაკრებებს გამოავლენს. საქართველო E ჯგუფში, თურქეთთან, ესპანეთთან და ბულგარეთთან ერთად არის წარმოდგენილი და მუნდიალის სადებიუტო საგზურისთვის იბრძოლებს.

 

4 სექტემბრის მატჩი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ფავორიტის სტატუსს ატარებს და დიდი ალბათობით, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი პირველ ადგილს დაიკავებს. საქართველოსთვის, პროგრამა მინიმუმი მეორე ადგილისთვის იქნება და ამ პროცესში, მთავარ კონკურენტად თურქეთი უნდა მივიჩნიოთ - ვინჩენცო მონტელას მიერ გაწვრთნილი, ძალიან კარგ ფორმაში მყოფი ნაკრები, რომელსაც დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ვიხილავთ.

 

ესპანეთის ნაკრები დღეს მსოფლიო მწვერვალზე დგას. ბულგარეთს რაც შეეხება, ის ჯგუფის მთავარი აუტსაიდერია. შესაბამისად, პირველ ორ მატჩში (სექტემბრის თამაშები თურქეთთან და ბულგარეთთან) მინიმუმ 4 ქულის მოპოვება ჩვენი მხრიდან ხმამაღალი განაცხადი იქნება. თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი მატჩი, ამას ჩვენი კაპიტნის სიტყვებიც ადასტურებს: ჯგუფიდან გასვლის ერთადერთი შანსი თურქეთთან გამარჯვების მოპოვებაა და მჯერა, მიზანს მივაღწევთო.

 

თურქეთთან მატჩის წინ, უნდა გავიხსენოთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი სადებიუტო მატჩი დორტმუნდში (თურქეთი 3:1 საქართველო), სადაც, ერთი მხრივ, დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, თუმცა მთელ საფეხბურთო სამყაროს ვაჩვენეთ, რომ ტურნირზე ყოფნას ვიმსახურებდით. ვნახეთ ქოჩორაშვილის შესანიშნავი ინდივიდუალური გარღვევა, მიქაუტაძის დაფარული, ძალიან გონივრული დარტყმა, კიდევ იყო ძელი, რამდენიმე ურეალურესი საგოლე ეპიზოდი, მამარდაშვილის ჩასვლა მეტოქის საჯარიმოში და კიდევ ბევრი სხვა… ეს იყო თვითგამორკვევისა და საკუთარ ძალებში თავდაჯერების პერიოდი - როდესაც გავიაზრეთ, რომ საბერძნეთთან გამარჯვება შემთხვევითობა კი არა, შედეგი იყო - ის, რასაც ახალმა საფეხბურთო თაობამ თავდაუზოგავი შრომით მიაღწია.

 

დღეს თურქეთი უფრო ძლიერი, საქართველო კი უფრო გამოცდილია, ვიდრე 2024-ში. ამიტომაც, წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება. ჩვენთვის, სავარაუდოდ, ყველაზე რთული ამოცანა მოედნის ცენტრში ბურთის დაკავება და თამაშის საკუთარი კარნახით წაყვანა იქნება, რადგან, სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებენ - ფეხბურთელები, რომლებსაც ბურთის კონტროლი და დაცვიდან შეტევაში ტრანზიცია შესანიშნავად გამოსდით. სავარაუდოდ, ძირითადში ვიხილავთ ანრი მექვაბიშვილს, რომელმაც სეზონი ჩინებულად დაიწყო (12 მატჩში 6 საგოლე გადაცემა). შესაძლოა, კიტეიშვილი-ჩაკვეტაძის არყოფნა გახდეს იმის მიზეზი, რომ ბურთი დავთმოთ, თუმცა ჩვენი კოზირი - სწრაფი კონტრშეტევა, ასეთ მოცემულობაში კიდევ უფრო სახიფათო ხდება.

 

ყველაზე კომფორტულად წინა ხაზში უნდა ვიგრძნოთ თავი - ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გამტანი კვარაცხელია ამ მატჩის მთავარი ვარსკვლავია. კარგ ფორმაშია ზურიკო დავითაშვილი, მიქაუტაძე კი, ახლა უკვე, “ლა ლიგის” გუნდებს დაატერორებს - “ვილიარეალმა” მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. შედარებით, უთამაშებელია ბუდუ ზივზივაძე, მაგრამ შესაძლოა, მოედანზე იგი მეორე ნახევარში მაინც ვიხილოთ.

 

ბოლო მატჩებში, 5-მცველიან ტაქტიკაზე უარი ვთქვით. ამხანაგური შეხვედრების შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა დაადასტურა, 4 მცველით თამაში გუნდის პრიორიტეტი იყო, თუმცა ვილი სანიოლმა კვლავ ნაცად გზას მიმართა (3 ცენტრალური მცველი და 2 ფლანგზე მყოფი ფეხბურთელი, რომელსაც როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც ვხედავთ), რაც, ნაწილობრივ, შეიძლება მოედნის ცენტრში საკვანძო ფეხბურთელების არყოფნით აიხსნას.

 

ჩვენი ძირითადი შემადგენლობა ასეთია: 

  • მამარდაშვილი
  • კაკაბაძე
  • კაშია
  • გოგლიჩიძე
  • ლოჩოშვილი
  • ქოჩორაშვილი
  • მექვაბიშვილი
  • დავითაშვილი
  • კვარაცხელია
  • მიქაუტაძე

ნუ დავივიწყებთ, რომ მატჩის დაწყებამდე, 19:45 საათზე, ნიკა კვეკვესკირის გაცილების ცერემონია გაიმართება და სასურველია, რომ მოედანზე მალე შევიკრიბოთ, რათა კვეკვეს დიდი მადლობა გადავუხადოთ - ფეხბურთელს, რომლის გადამწყვეტმა, ზუსტმა 11-მეტრიანმა, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოგვიპოვა.

 

  • 04.09, 20:00 | საქართველო v თურქეთი 
  • 07.09, 17:00 | საქართველო v ბულგარეთი 
  • 11.19, 22:45 | ესპანეთი v საქართველო 
  • 14.10, 22:45 | თურქეთი v საქართველო 
  • 15.11, 21:00 | საქართველო v ესპანეთი 
  • 18.11, 23:45 | ბულგარეთი v საქართველო

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა