აჭარა საუდის არაბეთის მედიის ობიექტივში
აჭარის შესახებ საუდის არაბეთის რეიტინგული ტელეკომპანია “MBCI” გადაცემას ამზადებს. გადაცემა „Sabah El Kheir Ya Arab”-ის გადამღებმა ჯგუფმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმოგზაურა. მათ ობიექტივში ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მოხვდა ბოტანიკური ბაღი, პეტრას ციხე და ჩირუხის ხეობა თავისი ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინით. გარდა აჭარისა ტელეკომპანია “MBCI” სპეციალურ სატელევიზიო ეპიზოდებს ამზადებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ. გადამღები ჯგუფი უკვე სტუმრობდა თბილისს, ყაზბეგს, ბორჯომს, ქუთაისს, წყალტუბოსა და შეკვეთილს, რის შემდეგად გადაღებებს წალკასა და კახეთში გააგრძელებენ. ისინი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებიან.
“საუდის არაბეთიდან რეგიონში გვაქვს პირდაპირი ფრენები, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პოტენციურ ტურისტებს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. აჭარისა და ზოგადად, საქართველოს შესახებ მომზადებულ სპეციალურ ეპიზოდებში წარმოჩენილი იქნება ის ულამაზესი ბუნება, გასტრონომია, ტრადიციები და ტურისტული პროდუქტები, რითიც ჩვენი ქვეყანა ამაყობს. აჭარას უცხოელი ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერების წლის განმავლობაში აქტიურად სტუმრობენ, რაც გვეხმარება თანამედროვე, ციფრულ სამყაროში სამიზნე აუდიტორიას გავაცნოთ ჩვენი მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში გაეცნენ
10.07.2026.10:46
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთში საქართველოს შესახებ როუდშოუ გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მასშტაბური ღონისძიებები ბენგალურუსა და ჩენაიში მოეწყო.
როუდშოუში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა საქართველოში ვახტანგ ჯაოშვილმა.
როუდშოუში საქართველოდან 10 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა, ორივე ქალაქში გამართულ ღონისძიებას ინდოეთიდან 100-მდე ტუროპერატორი დაესწრო.
პრეზენტაციების პარალელურად, ღონისძიებები მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს B2B ფორმატში. ქართული და ინდური ტურისტული კომპანიებიების წარმომადგენლებმა შეხვედრებზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ჯგუფური ტურების მოზიდვას საქმიანი ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი, ასევე საზღვაო და სამთო მიმართულებით.
ინდოეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მზარდ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.