ჩინური ავიაკომპანია მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისს შეასრულებს
ჩინურმა ავიაკომპანიამ China Eastern Airlines დაიწყო ბილეთების გაყიდვა ახალ მარშრუტზე, რომელიც „მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისად“ არის გამოცხადებული. ის შანხაისა და ბუენოს-აირესს დააკავშირებს, რომლებიც დედამიწის მოპირდაპირე ნაწილებში მდებარეობენ.
ავიაკომპანიის ცნობით, ფრენა შანხაიდან ბუენოს-აირესამდე დაახლოებით 25,5 საათს, ხოლო უკან - 29 საათს გაგრძელდება. თუმცა, ორივე მარშრუტი მოიცავს ორსაათიან ტრანზიტულ გაჩერებას ახალ ზელანდიაში, რა დროსაც მგზავრებს თვითმფრინავიდან ჩასვლა და დასვენება შეუძლიათ. ამიტომ რეისი, მართალია, პირდაპირია, მაგრამ არა უწყვეტი.
რეისები Boeing 777-300ER-ის ტიპის თვითმფრინავით, კვირაში ორჯერ შესრულდება. პირველი ფრენა 4 დეკემბერს არის დაგეგმილი. „მარშრუტი შანხაი პუდუნი - ოკლენდი - ბუენოს-აირესი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ ამერიკას შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის“ ახალი არხის შესაქმნელად“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.
დაჯავშნის ვებგვერდ Skyscanner-ის მონაცემებით, შანხაიდან ბუენოს-აირესამდე ამჟამად ყველაზე სწრაფი რეისი დაახლოებით 31 საათს გრძელდება, პარიზში ან ამსტერდამში ტრანზიტული გაჩერებით. ამასთან, საპირისპირო მიმართულებით ფრენის ხანგრძლივობა 28-დან 33 საათამდე მერყეობს.
სხვა სიახლეები
გლობალური ეკონომიკის ზრდა 2026 წელს 3%-ს მიაღწევს, თუმცა რისკები კვლავ მაღალია - IMF
11.09.2026.11:12
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ხუთშაბათს განაცხადა, რომ გლობალურმა ეკონომიკამ ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი მოსალოდნელზე უკეთ გადაიტანა და 2026 წელს გლობალური ეკონომიკის გამოშვების ზრდა კვლავ დაახლოებით 3%-ით არის მოსალოდნელი, თუმცა ფონდმა აღნიშნა, რომ რისკები კვლავ მაღალია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპიკერის, ჯული კოზაკის განცხადებით, ნავთობისა და გაზის ფასები კვლავ მაღალ დონეზე რჩება და ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი ჯერ არ დასრულებულა. ამასთან, გლობალური ვალის ტვირთთან დაკავშირებული წნეხი იზრდება, ხოლო 2022 წლის ცხოვრების გაძვირების კრიზისის შემდეგ ინფლაციის შემცირების პროცესი შეჩერებულია. კოზაკის თქმით, გლობალური ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა, თუმცა გრძელვადიან პერიოდში კვლავ მყარად არის დამაგრებული.
„ჯერჯერობით, ახლო აღმოსავლეთში ომის მიუხედავად, რომელიც უკვე ექვსი თვეა გრძელდება, გლობალური ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს“, - განაცხადა კოზაკმა. მისი თქმით, ნავთობისა და გაზის მარაგების გამოყენებამ ზოგიერთ ქვეყანას ომით გამოწვეულ ენერგეტიკულ შოკთან გამკლავებაში შეუწყო ხელი, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებმა ენერგიის ახალი წყაროების გამოყენებაზე გადაინაცვლეს ან მოთხოვნის შემცირების მიზნით შესაბამისი ზომები მიიღეს.
„ჩვენ კვლავ ვინარჩუნებთ დაახლოებით 3%-იანი მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, თუმცა გაურკვევლობა, როგორც უკვე დიდი ხანია ვამბობთ, კვლავ მაღალია“, - აღნიშნა მან.
IMF-მა ივლისში 2026 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.0%-ზე დატოვა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია 2024 და 2025 წლებში დაფიქსირებულ საშუალოდ 3.5%-იან ზრდასთან შედარებით და აპრილში პროგნოზირებულ 3.1%-ზე ნაკლებია.
იმ დროისთვის IMF-მა განაცხადა, რომ პროგნოზი ეფუძნებოდა ვარაუდს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე კონფლიქტი ივლისის შუა პერიოდში დასრულდებოდა.