დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აგვისტოდან სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისია მუშაობას დაიწყებს

აგვისტოდან სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისია მუშაობას დაიწყებს

2023-07-27 17:00:02

1-ელი აგვისტოდან სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისია მუშაობას შეუდგება.

აღნიშნული კომისია იქნება დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც კოლეგიური წესით განიხილავს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის საჩივრებს, მასსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის დავის თაობაზე, რომლებიც უკავშირდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, აგრეთვე მათ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებს.

კომისიაში დავის განხილვის საფუძველია მომხმარებლის მიერ მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი საჩივარი. 

საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს საჩივრის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. შესაძლოა, კომისიამ საჩივარი დაახარვეზოს და სუბიექტს 7 დღე ეძლევა საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად.

კომისია უფლებამოსილია აღნიშნული ვადის ამოწურვამდე საჩივრის წარმდგენი პირის მიერ ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში ხარვეზის (ხარვეზების) გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა გააგრძელოს დამატებით არაუმეტეს 7 კალენდარული დღით. ხარვეზის აღმოფხვრამდე  საჩივრის წარმოებაში მიღების ვადის დენა შეჩერებულად ითვლება.

კომისია საჩივარს არ მიიღებს წარმოებაში და საჩივარი დარჩება განუხილველი, თუ:

ა) საჩივრის წარმდგენმა პირმა ხარვეზი (ხარვეზები) არ გამოასწორა;

ბ) არსებობს კომისიის გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება, ან კომისიაში დავა დასრულდა მორიგებით;

გ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

დ) სასამართლოს წარმოებაშია საქმეზე დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

ე) არბიტრაჟის წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით ან არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან დავა დასრულდა მხარეთა მორიგებით;

ვ) გასულია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 41​​​2  მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა;

ზ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საჩივრის განხილვა შეწყდა საჩივრის წარმდგენი პირის მოთხოვნით, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით;

თ) არ არსებობს დავის საგანი;

ი) დავის საგანი სცილდება კომისიის კომპეტენციის ფარგლებს, მათ შორის, თუ საჩივრით გათვალისწინებული დავის საგნის ღირებულება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს (სადავო ქმედების განხორციელების თარიღით ან წარდგენის დღის თარიღით) აღემატება;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

კომისია დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. საჩივრის შინაარსისა და სპეციფიკის, აგრეთვე, დავის მსვლელობისა და მოსაკვლევი საკითხის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. კომისია აღნიშნულის შესახებ, საფუძვლის მითითებით, ატყობინებს მხარეებს.

ასევე, საჩივრის წარმდგენი პირი უფლებამოსილია უარი თქვას საჩივარზე, კომისიის მიერ საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

კომისია წყვეტს დავის განხილვას, თუ

ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი აღიარებს მის მიმართ ყველა მოთხოვნას;

ბ) საჩივრის წარმდგენი პირი ითხოვს დავის განხილვის შეწყვეტას;

გ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

დ) სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

ე) არბიტრაჟის წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით ან არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან დავა დასრულდა მხარეთა მორიგებით;

ვ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესი დასრულდა;

ზ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საჩივრის განხილვა შეწყდა საჩივრის წარმდგენი პირის მოთხოვნით, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით;

თ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საჩივრის წარმდგენი პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან/და სხვა გარემოებების გამო, დავის საგანი აღარ არსებობს;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

კომისია საქმის არსებითად განხილვის შედეგად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

გ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დავაში მონაწილე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის მორიგებით დასრულების შესახებ, რომელსაც თან დაერთვის მხარეთა მორიგების აქტი. კომისიის გადაწყვეტილება დავის მორიგებით დასრულების შესახებ ორივე მხარისთვის შესასრულებლად სავალდებულოა.

კომისია ამ წესით გათვალისწინებულ ყველა გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად, განხილვაში მონაწილე წევრთა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს კომისიის თავმჯდომარეს. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ კომისიის სხდომას ესწრება სულ მცირე 3 წევრი (რომელთაგან ერთ-ერთი თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელია). კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება მისი გაცნობიდან/ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები