დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აქტიურ ფაზაშია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი - ლევან დავითაშვილი

აქტიურ ფაზაშია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი - ლევან დავითაშვილი

2024-04-03 16:55:00

აქტიურ ფაზაშია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, რომელიც 2024 წლის ივლისისათვის დასრულდება.

„პარალელურად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუშაობს პროექტისთვის საჭირო გარემოს და სოციალური ზემოქმედების, ასევე, ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური კვლევების ანგარიშის ჩასატარებლად მომსახურების შესყიდვაზე“, - აღნიშნა დავითაშვილმა. 

2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები