დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანაკლიის პორტში სახელმწიფოს სულ მცირე 51% -იანი წილი ექნება და შესაძლოა, ოპერირების სხვა ფორმებიც განვიხილოთ - ეკონომიკის მინისტრი

ანაკლიის პორტში სახელმწიფოს სულ მცირე 51% -იანი წილი ექნება და შესაძლოა, ოპერირების სხვა ფორმებიც განვიხილოთ - ეკონომიკის მინისტრი

2023-06-15 12:00:19

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში სახელმწიფოს აქტიური როლი ექნება. 

ამის შესახებ მან გიორგი აბაშიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. 

„ანაკლიის პორტის პროექტის განვითარება სახელმწიფოს აქტიური როლით მოხდება. ითქვა, რომ სახელმწიფოს ექნებოდა საკუთრებაში უმეტესი, სულ მცირე 51%-იანი წილი და შესაძლოა, აქაც ვსაუბრობდეთ საჯარო საკუთრებაზე და ოპერირების შემდგომი სხვადასხვა ფორმის არსებობაზე“, - აღნიშნა დავითაშვილმა. 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა  პარლამენტში, მარტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა,რომ  მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას ოქტომბრიდან დაიწყებს. 

„ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, მთავრობა დაიწყებს ამას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

2023 წლის 20 თებერვალს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. 

ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც  სახელმწიფო 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულება შეუწყვიტა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები