დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„არქი“ მზადაა, გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და თავი უცხოურ ბაზარზეც დაიმკვიდროს - შიო ხეცურიანი

„არქი“ მზადაა, გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და თავი უცხოურ ბაზარზეც დაიმკვიდროს - შიო ხეცურიანი

2024-02-20 17:00:00

როგორ ვითარდება კომპანია „არქი“, რა სიახლეებს გეგმავს 2024 წელს, რომელი პროექტია ყველაზე საინტერესო და რა ტენდენციებია მოსალოდნელი სამშენებლო ბაზარზე, როგორი იქნება ფასები, რა იყო 2023 წელს კომპანიის მთავარი გამოწვევა, ამ სხვა საკითხებზე Business Insider Georgia-ს კითხვებს კომპანია „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა უპასუხა:

ცნობილია, რომ „არქი“ ამერიკაში, კერძოდ, მაიამის დეველოპერულ ბაზარზე შედის, სადაც მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. რა მოცულობის ინვესტიცია იგეგმება და რა ეტაპზეა პროექტი?

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მაიამისთან, პომპანოს სანაპიროზე მულტიფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ვიწყებთ უახლოეს მომავალში. „არქი მაიამი“ 100-მდე ბინას, აუზს, სამუშაო და დასასვენებელ სივრცეებსა და სპორტულ ცენტრებს გააერთიანებს. პროექტის ინვესტიცია 50 მილიონ დოლარს შეადგენს.

რა გახდა აშშ-ის ბაზარზე შესვლის მიზეზი და ხომ არ გეგმავთ ევროპის ან მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე შესვლას?

მრავალწლიანი დაუღალავი შრომისა და საქართველოში განხორციელებული მაღალი დონის პროექტების შემდეგ, ვთვლით, რომ „არქი“ მზად არის, გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და თავი უცხოურ ბაზარზეც დაიმკვიდროს. უშუალოდ ფლორიდის შტატი, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის. ის დასაქმების დიდი შესაძლებლობებითა და ბიზნესისთვის მოქნილი კანონმდებლობითაც გამოირჩევა. ფლორიდაში მიგრაციის მზარდი მაჩვენებელი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა მომავალი 15-20 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. ვფიქრობთ, რამდენიმე წელიწადში ეს ტერიტორია უნიკალურ და მიმზიდველ ადგილად იქცევა როგორც ტურისტებისთვის, ისე ახალი მცხოვრებლებისთვის.

„არქი“ მაიამის გარდა, მომავალში გვაქვს გეგმაში სხვა პროექტების განხორციელება, როგორც აშშ-ში, ასევე სხვა ქვეყნებში.

სად და რამდენ ლოკაციაზე დაიწყება ახალი პროექტები?

ჩვენი ახალი პროექტები თბილისის სხვადასხვა უბანში დაიწყება, კერძოდ ნაძალადევში, დიდ დიღომში, ვეძისში და ა.შ. ასევე წელს დავიწყებთ კომპლექსის მშენებლობას რუსთავში. აპარტოტელების კუთხით კი დაგეგმილი გვაქვს პროექტები სიონში, ქობულეთში, კახეთში.

ამ დროისთვის რამდენ პროექტს ახორციელებს „არქი“ და რა არის საქართველოს ბაზარზე თვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

ამ ეტაპზე არქის 45 დასრულებული და 22 მიმდინარე პროექტი აქვს, თბილისის ფაქტობრივად ყველა უბანში და ბათუმში. მომხმარებელს მაღალი ხარისხის საცხოვრებელ სახლებს, საუკეთესო გადახდის პირობებს ვთავაზობთ. გარდა ამისა არქიში მომხმარებელთან ურთიერთობა ბინის შეძენით მხოლოდ იწყება. არქი ერთი დიდი ოჯახია, რომელიც 35 000-ზე მეტ მცხოვრებს აერთიანებს. არქელებისთვის მუდმივ რეჟიმში იმართება სხვადასხვა ღონისძიებები და აქტივობები, იმისათვის, რომ მათი ცხოვრება არქის სახლებში მაქსიმალურად პოზიტიური გავხადოთ.

როგორ შეაფასებთ 2023 წელს? რამდენ %-იანი ზრდა გქონდათ?

2023 წელი საკმაოდ წარმატებული იყო ჩვენი კომპანიისთვის. წინა წელთან შედარებით 5%-იანი ზრდა გვქონდა გაყიდვებში.

რა იყო 2023 წელს თქვენი კომპანიისთვის მთავარი გამოწვევა?

მთავარი გამოწვევა პოსტპანდემიურმა და გეოპოლიტიკური ფაქტორებმა განაპირობა. 2023 წელს ლოგისტიკური შეფერხებები აღინიშნებოდა, ასევე საკმაოდ გაიზარდა სამშენებლო მასალებისა და მუშა-ხელის ღირებულება.

2023 წელს გაყიდვების მიხედვით, თქვენს პროექტებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უფრო მეტი ბინა იყიდეს თუ საქართველოს მოქალაქეებმა?

ჩვენი მომხმარებლის დაახლოებით 5-7% არიან უცხოელები. 60-65% საქართველოს მცხოვრებნი, ხოლო 25-30% ქართველი ემიგრანტები არიან.

რომელი ქვეყნებიდან ინტერესდებიან თქვენს პროექტებში ბინების შესყიდვებით?

ჩვენს პროექტებზე მოთხოვნა სხვადასხვა ქვეყნიდან ფიქსირდება, მათ შორის უმეტესად ისრაელიდან და პოლონეთიდან, ასევე ნაწილობრივ არაბული ქვეყნებიდან.

ყველაზე მზარდი მოთხოვნა რომელ პროექტზე დაფიქსირდა?

ჩვენ პროექტების ფართო არჩევანი გვაქვს, თბილისის ყველა უბანში, ბაკურიანსა და ბათუმში. გვაქვს როგორც საცხოვრებელი კომპლექსები, ასევე აპარტოტელები. თითოეულ პროექტს თავისი მომხმარებელი ჰყავს და ყველა მათგანზე დიდია მოთხოვნა. თუმცა ლოკაციების კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ინტერესი დიდი დიღმის, გურამიშვილისა და ისნის პროექტებზე აღინიშნება.

რა მოლოდინები გაქვთ 2024 წელს? მოსალოდნელია თუ არა, თქვენი კომპანიის მაგალითზე მშენებარე უძრავი ქონების გაძვირება? ამასთან, ზოგადად რა ტენდენციებია მოსალოდნელი დეველოპერულ ბაზარზე? რა კომპონენტი ახდენს ყველაზე მკვეთრ გავლენას ფასზე?

ამ ეტაპისთვის ბინების ფასის ზრდის მთავარი გამომწვევები სამშენებლო მასალისა და მუშა-ხელის გაძვირება იყო. 2024 წელს ფასის ისეთ მკვეთრ ზრდას, როგორიც წინა წლებში იყო, არ ველოდებით, თუმცა მცირედი ზრდა ფასებში წლიდან წლამდე ფიქსირდება.

რა არის სამშენებლო ბიზნესისთვის თქვენი კომპანიის მაგალითზე და ზოგად მთავარი გამოწვევა - კადრების დეფიციტი, ინვესტიციების მოზიდვა თუ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა?

ინვესტიციების მოზიდვა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არქისთვის არ წარმოადგენს გამოწვევას. ადამიანური რესურსის კუთხითაც არქიში არ აღინიშნება დეფიციტი. თუმცა ვინაიდან ჩვენ დეველოპერული კომპანია ვართ და ჩვენი პროექტების მშენებლობას პარტნიორი კომპანიები ახორციელებენ, მათგან გვაქვს ინფორმაცია, რომ უშუალოდ სამშენებლო მიმართულებით კადრების გარკვეული დეფიციტი ბაზარზე არსებობს.

რა გავლენა ექნება [ან თუ უკვე აქვს] საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დეველოპერების საქმიანობაზე? რა შეიცვლება?თუ იგრძნობა ეს გავლენა?

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაინერგება ევროპული სტანდარტები მშენებლობისა და ხარისხის მიმართულებით. გაჩნდება მოთხოვნა ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებაზე. არქი ამ მხრივ ყოველთვის უსწრებდა რეგულაციებს. ჩვენ წლებია მშენებლობაში ენერგოეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა მასალებს ვიყენებთ და პროექტებში უმაღლეს დონეზე გვაქვს უსაფრთხოება დაცული. საბოლოო ჯამში მომხმარებლისთვის უფრო მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსები შეიქმნება.

გარდა უშუალოდ საცხოვრებელი სახლებისა, კომპანიის ინტერესი თუ არის აპარტამენტების და ზოგადად სასტუმრო ნომრების მიმართულებით განვითარება და გარკვეულწილად სტუმარ-მასპინძლობის სექტორში შესვლა?

ამ ეტაპზე არქის უკვე აქვს დასრულებული აპარტოტელი დიალოგი კოხტა ბაკურიანში, რომელიც უკვე მე-2 წელია ფუნქციონირებს და მასპინძლობს სტუმრებს. ასევე წელს გაიხსნება სასტუმრო IBIS Red ორთაჭალაში. გვაქვს მიმდინარე მშენებლობა ბათუმში, სადაც საერთაშორისო ბრენდ რამადასთან პარტნიორობით მაღალი სტანდარტის აპარტოტელს ვაშენებთ. სამომავლო გეგმებში კი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების სასტუმროებისა და აპარტოტელების მშენებლობა გვაქვს დაგეგმილი სიონში, ქობულეთში, კახეთში და სხვა რეგიონებში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები