დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

2023-09-13 15:41:28

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საკითხი განიხილა. 

„ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვთქვათ, თუ საგზაო შემთხვევა დაგვემართება და იმის რესურსი არ გვექნება, რომ ადამიანებს ვუმკურნალოთ, ამ შემთხვევაში ამ ადამიანებს არ ვწირავთ”, -  განაცხადა  ირაკლი იზორიამ.  

ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა სატრანსპორტო სფეროში დაგეგმილი რეგულაცია შეაფასა, რომელიც „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტითაა გათვალისწინებული.

„სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე დაახლოებით 10 წელია, რაც მუშაობა მიდის. გარკვეული პროექტები შეიქმნა, თუმცა, შუა გზაზე ჩერდებოდა, საბოლოოდ მიღებული არ იყო. ასოცირების შეთანხმება იმ დირექტივებს ითვალისწინებს, რომელიც აუცილებელია, საქართველოში იყოს იმპლიმენტირებული. ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ არსებობს, სადაც სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღევა არ არსებობს. საქართველო გამონაკლისს წარმოადგენდა. ეს, რა თქმა უნდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხითაც ძალიან ცუდი იყო. როდესაც საგზაო შემთხვევები ხდება, ხშირ შემთხვევაში მონაწილეები ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები არიან, სადაზღვევო კომპანიების მიერ საგზაო შემთხვევების დროს ანაზღაურება არ ხდებოდა, ძალიან ბევრი ინციდენტი იყო, ხშირად ბრალეული მხარე ვერ მტკიცდებოდა. ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ეს ყველაფერი მოგვარებული იყოს. იმის გამო, რომ მძღოლს თანხა არ აქვს, მკურნალობის ხარჯები გადაიხადოს, ვიღაც არ უნდა კვდებოდეს და ზიანდებოდეს. ამიტომ, ყველა მძღოლი ვალდებული იქნება, სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე დააზღვიოს.

ეს ასევე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემასაც შეუწყობს ხელს, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ვიცით, რომ ჯანდაცვის სისტემის მიერ მკურნალობაზე გამოყოფილი თანხები ლიმიტირებულია. თუ მოქალაქე ვერ ახერხებდა, მკურნალობა თავის სახსრებით გაეგრძელებინა, ძალიან სავალალო შედეგებამდე მივდიოდით. დაზღვევის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება, რომ ამ ადამიანებს ყურადღება ბოლომდე მიაქციონ. ეს ინიციატივა კარგია, თუმცა, აქვე მინდა დავამატო, რომ კანონპროექტი ჯერ შეტანილი არაა, როცა მთავრობა საშემოდგომო სესიებზე დააყენებს და ოფიცილურად იქნება გაგზავნილი, ამ პროცესს სამოქალაქო ორგანიზაციები დავაკვირდებით, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვნახოთ, კონკრეტულად რას ითვალისწინებს კანონპროექტი, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება როგორ იქნება უზრუნველყოფილი.

რომ შევაჯამოთ: ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვთქვათ, თუ საგზაო შემთხვევა დაგვემართება და იმის რესურსი არ გვექნება, რომ ადამიანებს ვუმკურნალოთ, ამ შემთხვევაში ამ ადამიანებს არ ვწირავთ. ვფიქრობ, სადაზღვევო პრემია ძალიან დიდი არ იქნება”, - განაცხადა ირაკლი იზორიამ.

ცნობისთვის, „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონპროექტზე საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია საუბარი, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საშემოდგომო სესიისთვისაა გათვალისწინებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები