დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის კანონს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს - ირაკლი ნადარეიშვილი

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის კანონს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს - ირაკლი ნადარეიშვილი

2023-05-02 12:01:18

 

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის კანონს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ბოლო ორი თვეა აქტიურად ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური,  ინდუსტრიის ჩართულობით ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტს მოკლე ვადაში წარედგინება განსახილველად“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა. 

მისივე თქმით, დეტალები დამუშავებულია, არის კარგი სამუშაო დრაფტი.

„ორ-სამ კვირაში ოფიციალური ვერსია წარედგინება მთავრობას და შემდეგ მთავრობა წარუდგენს პარლამენტს.  შემდეგ უკვე დეტალებზე შევძლებთ საუბარს. ვფიქრობ, ამ კანონს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის დამტკიცებას ოთხი წელია ელოდება.

საკანონმდებლო რეგულაცია, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირისთვის ქონების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების დაზღვევას ავალდებულებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი თქვენ სხვის კუთვნილ მანქანას ან ფეხით მოსიარულეს დაეჯახეთ და შემთხვევის ადგილის შეფასების შედეგად გაირკვა, რომ ამაში ბრალი თქვენ მიგიძღვით, დაზარალებულის კომპენსაციისთვის თანხების სახელდახელოდ მოძიება აღარ მოგიწევთ. მესამე პირისთვის მიყენებული ზარალი თქვენი სადაზღვევო პოლისის საფუძველზე ანაზღაურდება.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა განვითარებულ ქვეყანაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო წესით დაზღვევა სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტია. ამ მხრივ არც ევროპაა გამონაკლისი, სადაც გზებზე რეგულარულად დაახლოებით 300 მილიონი ავტომობილი გადაადგილდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება ავსტრიელებმა ჯერ კიდევ 1929 წელს იტვირთეს. დიდ ბრიტანეთში დაზღვევის ეს ფორმა სავალდებულო  1930 წლიდან გახდა, შვეიცარიაში - 1932 წლიდან, ჩეხეთში - 1935 წლიდან, გერმანიაში კი - 1939 წლიდან. მოგვიანებით დაზღვევის ეს ფორმა სავალდებულოდ ევროპის სხვა ქვეყნებმაც აღიარეს.

იგივე თემაზე: 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები