დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მე-5 ფაზა იწყება

ბათუმში, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მე-5 ფაზა იწყება

2023-11-16 18:00:12

ბათუმში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით კომუნალური პროექტის განხორციელება იწყება, რომლის ოთხი ფაზა შავი ზღვიპირეთის ულამაზეს ქალაქში უკვე წარმატებით განხორციელდა და ახლა უკვე  V ფაზის განხორციელება იწყება.

KfW-ის მიერ დაფინანსებული უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს საქართველოში გერმანიის ელჩი  ერნსტ პეტერ ფიშერი ადგილზე, მედიასთან ერთად, გაეცნო.

KfW-ის წარმომადგენელმა და ბათუმის ვიცე-მერმა ლევან დავითაძემ KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული წყლისა და წყალარინების რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა, კერძოდ, მახინჯაურის წყლის რეზერვუარი, ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები და სანიაღვრე სატუმბი სადგური მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ დაიწყო პროექტების V ფაზის განხორციელება, რაც წყალარინების გამწმენდი ნაგებობების გაფართოებას, სატუმბი სადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტი KfW-ის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში განხორციელდება და ითვალისწინებს:

• ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, ა და ბ სატუმბი სადგურების გაფართოებას

• აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინების სისტემების მოწყობას

• ინჯალოს წყლის სამარაგო რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი წყლის მკვებავი ხაზის მშენებლობას

• მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდას

• ჩაქვისწყლის სათავე ნაგებობისა და ჩაქვის გადამცემი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციას

• ხელვაჩაურისა და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის მოწყობას.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 78.8 მილიონი ევრო დაიხარჯება.

V ფაზის სამშენებლო სამუშაოები 3-4 წელში უნდა დასრულდეს. სამუშაოები რთულ რელიეფურ პირობებში უნდა განხორციელდეს და ასევე ეს სამუშაოები საკმაოდ მოცულობითია. როგორც ირკვევა, სამშენებლო სტანდარტების ნაწილი მაღალია და ამიტომ სამუშაოების განხორციელებას მნიშვნელოვანი დრო სჭირდება. 

ამ პროექტის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე  Business Insider Georgia-სთან ბათუმის ვიცე-მერი საუბრობს, რომელიც განმარტავს, რომ პროექტზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და 2024 წლის დასაწყისში პირველი ტენდერი გამოცხადდება. 

„ბათუმის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ჩატარდა რეაბილიტაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის ნაწილში მნიშვნელოვანია kfw-ის პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები, რომელიც გულისხმობს 4 დასრულებულ ფაზას. სადაც ჯამში 0,5 მლრდ-ლარზე მეტი დაიხარჯა და ქალაქის არეალში გამოიცვალა წყალმომარაგების,  წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წყალმომარაგება.

საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო წლებში ქალაქის მასშტაბები რამდენჯერმე გაიზარდა და ეს გულისხმობს შემოერთებულ ტერიტორიებს, სადაც აღნიშნული სამუშაოების განხორციელება ქალაქისთვის გამოწვევად რჩება, მაგრამ ამ გამოწვევის დასაძლევად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 53 მლნ ევრო სასესხო კომპონენტია და 2 მლნ ევრო საგრანტო კომპონენტი, ხოლო 25 მლნ ევრო არის ბათუმის თანამონაწილეობა. ჯამში ამ პროექტზე 80 მლნ ევრო დაიხარჯება.

მნიშვნელოვანია, რომ საპროექტო საზედამხედველო კომპანიასთან ასევე გაფორმებულია ხელშეკრულება და მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. რამდენიმე დღის წინ გავაფორმეთ ხელშეკრულება საკონსულტაციო კომპანია MACS-თან.

მიმდინარეობს პროექტირება და პროექტირების დასრულების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება სამუშაოები. რაც თავის მხრივ გულისხმობს ჩაქვის სათავე ნაგებობის მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე ინჯალოს რეზერვუარისა და შემდგომი დაქსელვის სამუშაოებს. მნიშვნელოვანია წყალარინების მიმართულება, სადაც ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება იგეგმება, კერძოდ, დამატებითი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. ასევე საგულისხმოა ჭაბურღილების ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს უამინდობის დროს ქალაქის წყალმომარაგებას. 

ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წლის დასაწყისში საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს, ამიტომ ტენდერზე რამდენიმე ლოტად იქნება წარმოდგენილი“, აცხადებს ლევან დავითაძე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები