დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესი, მწვანე ენერგეტიკის პროექტების განვითარებისთვის, ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას ითხოვს - დავით ნარმანია

ბიზნესი, მწვანე ენერგეტიკის პროექტების განვითარებისთვის, ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას ითხოვს - დავით ნარმანია

2024-03-22 17:30:00

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მე-11 დისკუსია გაიმართა, რომლის თემა „მწვანე ენერგეტიკის პერსპექტივები და რეგულირება“ იყო. პანელურ დისკუსიაში სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მონაწილეობდნენ, ხოლო დისკუსიის მოდერაციას Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი უწევდა. 

თავის გამოსვლაზე სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მწვანე ენერგეტიკის განვითარება საქართველოში და რამდენად არის იმის რისკები, რომ გაიზარდოს ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა. ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა ასევე ენერგოდამოუკიდებლობის კონტექსტში მარეგულირებელი ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე და ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე გატარებული რეფორმებზე.

„ვისაუბრეთ მწვანე ენერგეტიკის აქტუალურ საკითხებზე და იმ რეფორმებზე, რომელიც ენერგეტიკული განვითარების თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ტარდება, როგორც სახელმწიფოს ისე სემეკის მხრიდან. ვისაუბრეთ ასევე იმ შედეგებზე, რომელიც ამ რეფორმის კვალდაკვალ გვაქვს ქვეყანაში და საუბარი შეეხება ასევე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს სექტორი დგას. უმთავრესი საკითხები, რომელიც გამოიკვეთა ეს არის ბაზრის გახსნა და მასთან დაკავშირებული, როგორც დადებითი მხარეები ასევე გამოწვევები, რომელიც გეოპოლიტიკურ სივრცეში რჩება.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ბიზნესის მხრიდან ისმის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, განსაკუთრებით ახალი, მწვანე ენერგეტიკული პროექტების განვითარების ნაწილში.

გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია და ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრამ ჩვენც დაგვანახა ის საკითხები, რომელზეც მომავალში უნდა ვიმუშაოთ და ვითანამშრომლოთ მათთან. ჩვენი მხრიდან კი საუბარი შეეხო იმ სიახლეებს, რომელიც მომდევნო პერიოდში გვექნება, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის და მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციის ნაწილში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, განახლებადი ენერგიების ნაწილში მნიშვნელოვანია დამატებითი ენერგიების წყაროების განვითარება და პროექტების ხელშეწყობა.

“ასევე ენერგეტიკის მართვის ნაწილში მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაცია, რომელიც ევროპის ქვეყნებში ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და ჩვენ ახლახან დავიწყეთ ამ საკითხებზე მუშაობა. მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი პერსპექტივის მატარებელია ევროპასთან პირდაპირი ენერგეტიკული კავშირი, დაანონსებული შავი ზღვის ქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში, რომელიც ტექნიკურ ეკონომიკური კვლევაც მიმდინარეობს და ამ წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. ამდენად ეს არის ის მთავარი ამოცანები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას ევროპასთან ენერგეტიკული ინტეგრაციის ნაწილში“, - განაცხადა ნარმანიამ.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე საუბრისას დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ პროექტი ითვალისწინებს წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1195 კილომეტრი სიგრძის კაბელი დაუკავშირდება რუმინეთს, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს მისცემს საშუალებას, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა. აღნიშნული  პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას; 

„კვლევის წინასწარი შედეგებით თანახმად, საუბარი მაქვს როგორც ტექნიკური ისე ეკონომიკური მიმართულებით, დადებითი მაჩვენებლები გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროექტი არის სიცოცხლის უნარიანი, განხორციელებადი და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო შედეგებიც ასეთი იქნება“, - აღნიშნა ნარმანიამ.

რაც შეეხება ენერგეტიკული ბაზრის გახსნას, სემეკის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულზე საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. 

„ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ის გეოპოლიტიკური რისკები, რის გამოც მთავრობამ გადადო ბაზრის გახსნა ჯერ კიდევ არ განელებულა. თუმცა სისტემა დღეს ბაზრის გახსნისთვის უკეთაა მომზადებული, ბაზრის მონაწილეები არიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონენი. ყველა პროცედურა გაწერილია და წესები მარეგულირებლის, სემეკის მიერ დადგენილია, ისევე როგორც საცდელი ვაჭრობა არაერთხელ ჩატარებულია. ამრიგად სისტემის ტექნიკური და მარეგულირებელი მზაობა ამ თვალსაზრისით არსებობს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ.

ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის„ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“.

მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 საათის წინ

12 საათის წინ

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები