დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჩელთი“ „მემკვიდრეობის ხაზის“ ღვინოებს გაყიდის, რომლის 2015-2016 წლების მოსავალმა WinExpo-ზე ოქროს მედლები მიიღო

„ჩელთი“ „მემკვიდრეობის ხაზის“ ღვინოებს გაყიდის, რომლის 2015-2016 წლების მოსავალმა WinExpo-ზე ოქროს მედლები მიიღო

2023-06-05 03:30:03

 

WinExpo Georgia 2023-ის მასშტაბური ფესტივალის ღვინის საერთაშორისო კონკურსში კომპანია „ჩელთის“ ღვინოებმა, ყველა კატეგორიაში 19 მედალი მოიპოვა.

როგორც Business Insider Georgia-თან კომპანიის კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი აცხადებს, „ჩელთის“ ღვინოებმა ორი ოქროს მედალი ქვევრში დაწურული 2015 და 2016 წლის საფერავისთვის მიიღო, რომელიც სარეზერვო ღვინოა და კომპანიის „მემკვიდრეობის ხაზის“ ქვეშ ჩამოისხა.

ამასთან, WinExpo Georgia 2023-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში 9 ოქროს მედალი გაიცა, საიდანაც ჟიურიმ სამ კომპანიას ტროფი გადასცა - მათ შორისაა „ჩელთი“.

„მემკვიდრეობის ხაზი“ მეღვინეობა „ჩელთის“ ახალი პროდუქტია, რომელიც ბაზარზე შემდეგი კვირიდან გამოჩნდება.

„ესაა უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ერთი ხაზის ქვეშ „ჩელთის“ მიერ 2007 წლიდან დამზადებული ღვინის რეზერვები გაერთიანდება. სწორედ ამ „მემკვიდრეობის ხაზიდან“ ორმა მოსავალმა WinExpo Georgia 2023-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში ოქროს მედლები აიღო“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.

მისივე თქმით, „მემკვიდრეობის ხაზის“ ღვინოები პრემიუმ სეგმენტისთვისაა განკუთვნილი.

„ეს „ჩელთის“ სარეზერვო ღვინოებია. ჩვენი მიზანი იყო საფერავის მემკვიდრეობის ხაზის განვითარება. პროდუქტის ფასი მაღალი იქნება. გაიყიდება ადგილობრივ ბაზარზე და გავა ექსპორტზეც. უცხოეთში არის მზარდი ინტერესი დარეზერვებულ ღვინოებზე.

15 წლის დარეზერვებული ღვინო ადგილობრივ ბაზარზე თითქმის არ არის. „მემკვიდრეობის ხაზის“ ყველა ღვინოს ექნება განსხვავებული ფასი და განისაზღვრება 100 ლარიდან ზევით“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.

„ჩელთის“ კომერციული დირექტორის შეფასებით, WinExpo Georgia 2023-ს საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს კომპანიისთვის, რაც ახალ შესაძლებლობებს ხსნის, რადგან კვალიფიციური ჟიურის შეფასება საკმაოდ მნიშვნელოვანია.

„ჩელთის“ ბრენდის ქვეშ 20-მდე დასახელების ღვინო და ორი დასახელების ჭაჭა 28 ქვეყანაში იყიდება.  ევროკავშირის ყველა ქვეყანაში გაგვაქვს გარკვეული მოცულობები. „ჩელთის“ ღვინო იყიდება გერმანიაში, ესპანეთში, იტალიასა და ბელგიაში, ჰოლანდიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში. ვიღებთ შეკვეთებს ევროკავშირის ქვეყნებიდან“, - აღნიშნავს კომპანიის კომერციული დირექტორი.

ამასთან, ანა მირიანაშვილი აღნიშნავს, რომ „ჩელთის“ სტრატეგიაა ბაზრების დივერსიფიკაცია.

„ჩვენი კომპანია არ არის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზარზე. ამ ქვეყნებში გვაქვს გაყიდვების მნიშვნელოვანი სტატისტიკა“.

შეგახსენებთ, რომ THE WASHINGTON POST-მა „ჩელთის“ ღვინო მსოფლიოს იმ ხუთ ღვინოს შორის დაასახელა, რომელიც ყველამ უნდა გასინჯოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

18 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები