დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cnick-ი, პირველ ქართული ჭკვიანი ბეჭდისათვის ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციის დამატებაზე მუშაობს

cnick-ი, პირველ ქართული ჭკვიანი ბეჭდისათვის ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციის დამატებაზე მუშაობს

2024-05-09 17:00:00

წლიდან წლამდე cnick-ის („კნიკი)“ ანუ ქართული მაღალტექნოლოგიური სტარტაპის გაყიდვები, რომელიც ჭკვიან ბეჭდებს აწარმოებს, 100%-მდე ზრდას აჩვენებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან cnick-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა დავით კვიციანმა განაცხადა, ჭკვიანი ბეჭდების ბაზარი ჯერ ახლა იდგამს ფეხს და კომპანიას  მოლოდინი აქვს, რომ გაყიდვების ზრდა ექსპონენციალურად გაგრძელდება. 

„Amazon-ი ამ ეტაპზე, ჩვენი საიტის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი გაყიდვების არხია აშშ-სა და ევროპაში“,  აცხადებს cnick -ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

cnick-ი საკუთარი მაღაზიით უკვე წარმოდგენილია ბერლინში, რაც ევროპაში cnick-ის პროდუქციაზე მაღალ მოთხოვნას უკავშირდება. 

„მაღაზიის ბერლინში გახსნა გადავწყვიტეთ, რადგან ევროპაში ყველაზე დიდი მოთხოვნა ჩვენს პროდუქტზე გერმანიაში იყო და გაყიდვების ყველაზე დიდი წილი სწორედ დედაქალაქზე მოდიოდა. ძალიან ბევრი მომხმარებელი გვიკავშირდებოდა თხოვნით, რომ ფიზიკურად შესძლებოდათ ბეჭდების ნახვა და მორგება. ამასთან ერთად, აღსანიშნავია რომ კარგი შემოთავაზება მივიღეთ Mall of Berlin-ისგან და საბოლოოდ, გადავწყვიტეთ გვესინჯა ფიზიკური მაღაზიის გახსნა, იმ მიზნითაც რომ დაგვხმარებოდა ევროპელი მომხმარებლის ნდობის გაზრდაშიც“, - აღნიშნა დავით კვიციანმა. 

cnick-ის ჭკვიან ბეჭედს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს, მისი გამოყენება შესაძლებელია უკონტაქტო გადახდების განსახორციელებლად და ასევე, გამოიყენება როგორც Tesla-ს ავტომობილის გასაღები (Tesla Ring).

„cnick  მუდმივად ახერხებს საერთაშორისო ბაზარზე ინოვაციის შემოტანას, ჩვენ შევქმენით პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რომელსაც ავტომობილის გასაღების ფუნქცია აქვს და ასევე მსოფლიოში პირველი ოქროსა და ვერცხლის ჭკვიანი ბეჭედი - ეს აქამდე შესაძლებელი არ იყო, რადგან მეტალი ახშობს NFC სიგნალს, შესაბამისად, ამ ტექნოლოგიაზე უკვე შევსებული გვაქვს საპატენტო განაცხადი.

დიზაინისა და მასალების მიხედვით ფართო არჩევანი გვაქვს. მომხმარებლებს ვთავაზობთ ვერცხლის, ოქროს, კერამიკისა და ბუნებრივი ხის მასალებისაგან დამზადებულ უნიკალური დიზაინის ბეჭდებს. ყველაზე მოთხოვნადი კი ვერცხლის ბეჭდები გახლავთ“, აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი. 

cnick-ი ამ დროისათვის აქტიურად მუშაობს პირველ ქართული ჭკვიანი ბეჭდისათვის ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციების დამატებაზეც. 

„ჩვენი პირველი ამოცანა არის გავაერთიანოთ სხვადასხვა ბარათები და გასაღებები ერთ ბეჭედში, რომელსაც არასდროს არ სჭირდება დატენვა, რათა აღარ დაგვჭირდეს ფიზიკური საფულის ტარება ან მუდმივად მობილური ტელეფონის იმედად ყოფნა, რომლის ელემენტიც შეიძლება ჩვენთვის მოუხერხებელ დროს დაიცალოს და უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ. ამის გარდა, ვმუშაობთ ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციების დამატებაზეც“, - განმარტავს დავით კვიციანი. 

cnick-ი ქართული მაღალტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც 2016 წელს თბილისში დაფუძნდა. კომპანია ქართველმა სტუდენტებმა: დავით კვიციანმა, კობა ცერცვაძემ და გიორგი მიქაცაძემ დააარსეს.

2020 წლიდან cnick-ის პროდუქტები გლობალურ ბაზარზე შევიდა. კომპანიის პროდუქცია აქტიურად იყიდება აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალი ზელანდიაში, ჩინეთში, ტაივანში,ევროკავშირში და სხვა. 

cnick-ის ყველა პროდუქტი არის ხელნაკეთი და წყალგამძლე და დამზადებულია საქართველოში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები