დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაბალი ინფლაცია რუსეთში, მიუთითებს, რომ ქვეყანაში მოთხოვნა შემცირდა და მომხმარებლები ფრთხილობენ ხარჯვისას - PMC-ის კვლევა

დაბალი ინფლაცია რუსეთში, მიუთითებს, რომ ქვეყანაში მოთხოვნა შემცირდა და მომხმარებლები ფრთხილობენ ხარჯვისას - PMC-ის კვლევა

2023-06-13 14:30:10

2019-2023 წლებში შავი ზღვის რეგიონის საშუალო ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო ინფლაციას, - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის პუბლიკაციაში "ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის ტენდენციები შავი ზღვის ქვეყნებში“ არის აღნიშნული. 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის შუა პერიოდიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ინფლაციამ რეკორდულად მაღალ ნიშნულებს მიაღწია. ამ გლობალური ტრენდიდან გამონაკლისი არც შავი ზღვის ქვეყნები არიან.

„შავი ზღვის რეგიონში მაღალი საშუალო ინფლაცია ძირითადად თურქეთს უკავშირდება. ინფლაციამ თურქეთში პიკს - 85.5%-ს - 2022 წლის ოქტომბერში მიაღწია.

კრიტიკულია, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკი, საპირისპიროდ ტრადიციულად მიღებული ეკონომიკური თეორიებისა, ასეთი მაღალი ინფლაციის დონეზე რბილ მონეტარული პოლიტიკას (დაბალი საპროცენტო განაკვეთები და გაზრდილი ფულის მიწოდება) ინარჩუნებს.

2023 წლის იანვრიდან ინფლაციამ თურქეთში შემცირდება დაიწყო, თუმცა ისევ საგანგებოდ მაღალ დონეზე დარჩა - 2023 წლის აპრილში 43,7%-ს მიაღწია. 

მიმდინარე ომის მონაწილე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში - რუსეთსა და უკრაინაში - საკმაოდ განსხვავებული ინფლაციის დინამიკა ფიქსირდება. უკრაინაში ინფლაცია საგრძნობლად მაღალ ნიშნულზეა (2023 წლის აპრილში ინფლაციამ უკრაინაში 17.9%- შეადგინა), თუმცა მიუხედავად ჰიპერინფლაციის რისკებისა, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ მოახერხა ინფლაცია 30%-ზე დაბალ ნიშნულზე შეენარჩუნებინა.

ამასობაში კი რუსეთში ინფლაციის მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა (2.3%-მდე 2023 წლის აპრილში). თუმცა, რუსეთში დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი არ უნდა მივიჩნიოთ იმის ნიშნად, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება ომს და მასზე დაწესებულ სანქციებს.

პირიქით, დაბალი ინფლაცია მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ერთობლივი მოთხოვნა დაბალია და მომხმარებლები ფრთხილობენ ხარჯვისას“, - აცხადებენ PMC-ის კვლევით ცენტრში.

უკანასკნელ თვეებში საქართველო რეგიონში ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანად გამოიკვეთა. 2023 წლის მაისში საქართველოში ინფლაციის დონე 1.5%-ზე ჩამოვიდა. ამავდროულად, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი განაკვეთია - 10.5%.

„ბულგარეთი და რუმინეთი, ორივე  ევროზონაში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. თუმცა, საერთო მიზნის მიუხედავად ევროკავშირში ამ ქვეყნებმა მონეტარული პოლიტიკის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული კურსი აირჩიეს. ბულგარეთმა დათმო მონეტარული ავტონომია ევროზე თავისი ვალუტის მიმაგრებით.

შედეგად, ბულგარეთის ცენტრალურ ბანკს შეზღუდული ჰქონდა მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების ინფლაციის სტაბილიზაციისთვის გამოყენება, მაშინ როცა ქვეყანაში  რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ინფლაციამ მნიშვნელოვნად მაღალ ნიშნულებს მიაღწია.

ამავდროულად, 2022 წლის თებერვლიდან მზარდი ინფლაციის საპასუხოდ რუმინეთმა თანდათან გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი  და ინფლაციის უფრო სტაბილური მაჩვენებლის შენარჩუნება მოახერხა. თუმცა, 2023 წლის აპრილში, ბულგარეთის და რუმინეთის ინფლაციის მაჩვენებლები (11.6% და 11.2% შესაბამისად) ერთმანეთს მიუახლოვდა“, - აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ პიბლიკაციაში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები