დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დავით ნარმანია სემეკის წევრობის კანდიდატად პარლამენტში მეორედ წარადგინეს

დავით ნარმანია სემეკის წევრობის კანდიდატად პარლამენტში მეორედ წარადგინეს

2023-12-13 09:00:00

სემეკის წევრობის კანდიდატად საკანონმდებლო ორგანოს დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა, რომელსაც სემეკის წევრობის ვადა 2023 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ეწურება.

არსებული კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მთავრობის წარდგინებით კომისიის წევრობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.

საქართველოს პარლამენტი კომისიის წევრებს ირჩევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. რაც იმას ნიშნავს, რომ დავით ნარმანიას კანდიდატურაზე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები განიხილავენ, იმავდროულად მოისმენენ მის ხედვებს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მისი კანდიდატურა უკვე საპარლამენტო სესიაზე გავა დასამტკიცებლად, სადაც ნარმანიას მინიმუმ 76 ხმა დასჭირდება.

პარლამენტის მიერ სემეკის წევრად დავით ნარმანიას დამტკიცების შემდეგ, მისი სემეკის თავმჯდომარედ არჩევა ხელმეორედ მოხდება.

კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, კომისიის სხვა წევრმაც გამოთქვას პრეტენზია. თუმცა, არსებული ინფორმაციით მას სემეკის თავმჯდომარის პოსტზე კონკურენტები არ ჰყავს. 

როგორც Business Insider Georgia-სთან სემეკის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ და მეორე ვადით სემეკის წევრობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ის დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანას და ამოცანების სრულყოფას გეგმავს. 

„ვაპირებ, რომ აქტიური მუშაობა განვაგრძო კომისიაში მით უმეტეს ისეთ პერიოდში, როცა ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს. ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში ბევრი რამ გაკეთდა, გვაქვს ახალი ამოცანებიც.

შესაბამისად მაქვს სურვილი, რომ ამ კუთხით აქტიური მუშაობა განვაგრძო და დაწყებული საქმეები სათანადო ნიშნულამდე მივიყვანო. კერძოდ, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, შემდეგ პერიოდში იქნება მომხმარებელთა უფლებების კიდევ უფრო მეტად დაცვა და შესაბამისი კომუნალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, თანამედროვე მართვის სისტემების კიდე უფრო აქტიურად დანერგვა და ასევე ახალი სექტორის -  მელიორაციის რეგულირება და განვითარების ახალ ეტაპზე აყვანა. ამდენად ეს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იქნება ჩემი შემდგომი პერიოდის ამოცანები“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

აღსანიშნავია, რომ სემეკის წევრის ვაკანტურ პოსტზე წარდგენილია ასევე გივი სანიკიძის კანდიდატურა, რომელსაც დღეს სემეკში ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა უკავია. თავად გივი სანიკიძე სემეკის წევრად გოჩა შონიას ჩაანაცვლებს. 

შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანიას თავმჯდომარეობისას, სემეკს მიენიჭა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის კუთხით ჩამოყალიბდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, ენერგეტიკული ბაზრების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი 50-ზე მეტი ნორმატიული აქტი, შემუშავდა ნეტო-აღრიცხვის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, დაინერგა დავების განხილვის გამარტივებული პროცედურები, შემუშავდა და განხორციელდა მომსახურების მარტივი ხელმისაწვდომობის სხვადასხვა პროექტები, სემეკში დაინერგა თანამშრომელთა შეფასების სისტემა, ხელი შეეწყო საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებას.

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ პირველი ვადით პარლამენტმა 2019 წელს აირჩა, ხოლო კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე 2017 წლის დეკემბერში, პირველი 6 წლის ვადით დაამტკიცა. კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკის წევრთა ფარული კენჭისყრით, სემეკის თავმჯდომარედ ირჩევა სემეკის ერთ-ერთი წევრი 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა.

დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ევროსაბჭოს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესში. 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციას, 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, 2008-2012 წლებში იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი, 2006-2007 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, 2004-2005 წლებში იკავებდა ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფს გენერალური დირექტორის პოსტს.2001-2003 წლებში საქმიანობდა საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში.

დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. იგი არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48 ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

6 საათის წინ

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები