დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ექსპო ჯორჯია ფინანსურად პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა - რესან ქიქავა

ექსპო ჯორჯია ფინანსურად პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა - რესან ქიქავა

2024-01-24 11:05:00

როგორი იყო 2023 წელი და რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა „ექსპო ჯორჯია“ და  რა იყო მისი გუნდის მთავარი წარმატება, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia ექსპო ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორ რესან ქიქავასთან ინტერვიუს გთავაზობთ: 

 

  • როგორ შეაფასებდით 2023 წელს? რამდენად ნაყოფიერი იყო ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო სივრცისთვის?

2023 წელი ექსპოს გუნდისთვის წარმატებულად შეიძლება შეფასდეს, რადგან ჩვენს მიზანს, რომელიც კომპანიის ფინანსურად პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნებას ითვალისწინებდა - მივაღწიეთ.

40%-ით გავზარდეთ გამოფენებში მონაწილე კომპანიების რაოდენობა და 10%-ით ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა.

გასათვალისწინებელი, რომ ჩვენ ეს გზა გავიარეთ ურთულეს პირობებში. უკრაინაში მიმდინარე ომს, 2023 წელს თან დაერთო აზერბაიჯანს და სომხეთს შორის გაჩაღებული საომარი მოქმედებები, რაც ბუნებრივია რეგიონის მიმართ ბიზნესის ინტერესზე მნიშვნელოვნად აისახა. გარდა ამისა, წერეთლის გამზირზე დაწყებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, საგამოფენო ცენტრის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეზღუდა, რამაც როგორც საგამოფენო ცენტრის, ასევე ჩვენი მეიჯარეების საქმიანობას ხელი ძალიან შეუშალა.

  • რამდენ გამოფენას უმასპინძლეთ 2023 წელს და თქვენი შეფასებით, რომელი იყო ყველაზე საინტერესო და რომელს ესწრებოდა ყველაზე მეტი ვიზიტორი?

2023 წელს ჩავატარეთ 8 საერთაშორისო გამოფენა, რომელთაგან ყველაზე დიდი, მონაწილე კომპანიის რაოდენობიდან გამომდინარე, იყო სამშენებლო მასალების გამოფენა Caucasus Build, რომელსაც ექსპო 29 წელია ყოველწლიურად აორგანიზებს.

ნიშანდობლივია, რომ უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციასთან ერთად, ვატარებთ უძრავი ქონების კვირეულს (REW - Tbilisi), რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ზემოხსენებული Caucasus Build და ასევე სრულიად ახალი საერთაშორისო გამოფენა - „უძრავი ქონების გამოფენა“, სადაც წარმოდგენილია საქართველოში მოქმედი ყველა ძირითადი დეველოპერული კომპანია. REW-Tbilisi-ის ფარგლებში, „უძრავი ქონების ფორუმზე“, ვუმასპინძლეთ მსოფლიოში ყველაზე მსხვილ რეალტორთა ასოციაციას - აშშ-ს რეალტორთა ასოციაციას, მის პრეზიდენტს, დელეგატებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ევროპის რეალტორთა ასოციაციის პრეზიდენტს და საქართველოს უძრავი ქონებით დაინტერესებულ 30-მდე ბროკერს. ეს იყო ამ ინდუსტრიისთვის უპრეცედენტო მოვლენა.

ვიზიტორების მხრივ, ტრადიციულად ყველაზე მეტი ვიზიტორი დაესწრო წიგნების და ღვინის გამოფენებს, რომელშიც ასევე სრულფასოვნად აღვადგინეთ საერთაშორისო კონკურსის კომპონენტი. ჟიურის თავმჯდომარემ, ღვინის მაგისტრმა - ტიმ ატკინმა და მისმა გუნდმა, რომელიც შედგებოდა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი, დარგის წამყვანი ექსპერტებისგან, ორი დღის განმავლობაში შეაფასეს საქართველოში წარმოებული რამდენიმე ასეული ღვინის ხარისხი და გამოავლინეს საუკეთესო ღვინოები.

  • რომელი გამოფენა იყო ყველაზე საინტერესო ბიზნესისთვის, რასაც ახალ ბაზრებზე გასვლა და ახალი პარტნიორების მოძიება მოჰყვა?

ჩვენი გამოფენები, რომლებიც ბიზნესებზე არის ორიენტირებული (B2B გამოფენები) არის პლატფორმა ბიზნესისთვის და ამ მხრივ, ნებისმიერი ჩვენი პროექტის მიზანი მონაწილეებისთვის და ვიზიტორებისთვის გაზომვადი კომერციული შედეგის მიღწევას წარმოადგენს. შესაბამისად, ალბათ თითოეული მათგანი, გამორჩეული იყო სხვადასხვა ინდუსტრიისთვის, ამიტომ ერთი დასახელება გამიჭირდება.

  • რას გეგმავს „ექსპო ჯორჯია“ 2024 წელს?

2024 წელს ჩვენ წარვდგებით ტრადიციული გამოფენებით და დამატებით შევეცდებით დავასრულოთ სამი ახალი პროექტის განვითარება, რომელზე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან, თუმცა ვფიქრობთ რომ ეს გამოფენები საინტერესო დანამატი იქნება და ახალ სივრცეებს გააჩენს, როგორც ცოდნის ზრდის, ასევე პარტნიორული ურთიერთობების დამყარების თვალსაზრისით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

16 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები