დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნულ ბანკში მასწავლებელთათვის განკუთვნილი „სკოლა-ბანკის“ ტრენინგები გრძელდება

ეროვნულ ბანკში მასწავლებელთათვის განკუთვნილი „სკოლა-ბანკის“ ტრენინგები გრძელდება

2024-03-14 18:17:00

ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ (www.finedu.gov.ge) „სკოლა-ბანკის“ პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა გადამზადებას განაგრძობს. 11-14 მარტს ეროვნულ ბანკში ტრენინგების მორიგი 2 სესია გაიმართა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან საჯარო და კერძო სკოლების 40 მასწავლებელი დაესწრო.

2-დღიან ტრენინგებზე ფინანსური განათლების საკითხების სკოლაში სწავლების ყველა ის აქტიური მეთოდი და საკითხი განიხილეს, რომელიც „სკოლა-ბანკის“ სახელმძღვანელოშია მოცემული, მათ შორის დაზოგვა და ბიუჯეტირება, გონივრული სესხება, საბანკო პროდუქტები, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა, ფინანსური უსაფრთხოება და ა.შ. ტრენინგის შემდეგ ყველა მონაწილე მასწავლებელს შესაბამისი სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა. ტრენინგის ფარგლებში მიღებულ ცოდნას მასწავლებლები სკოლებში დანერგავენ და თავიანთ მოსწავლეებს „სკოლა-ბანკის“ მოდულით გათვალისწინებულ 15 გაკვეთილს ჩაუტარებენ.

აღსანიშნავია, რომ „სკოლა-ბანკი“ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Aflatoun International-ის (ყოფილი Child and Youth Finance International) (Aflatoun International) მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების პროგრამაა, რომელიც VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. გაკვეთილები მოზარდებისთვის გასაგები ენითა და სახალისო ფორმატით არის გადმოცემული, რაც მასწავლებლებს ფინანსური განათლების საკითხების თამაშით, ეფექტურად მიწოდებაში, მოსწავლეებს კი საკითხით მეტად დაინტერესებასა და აქტიურად ჩართულობაში ეხმარება.

“სკოლა-ბანკის“ ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მასწავლებელს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ საგანს ასწავლის. ამ ეტაპისთვის, „სკოლა-ბანკის“ პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა მასწავლებელთა 10 ნაკადს უმასპინძლა და დაახლოებით 200-მდე მასწავლებელი გადაამზადა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები