დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

2023-07-03 08:58:35

მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია დასრულდა.

ზუსტად 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დაიწყო. 26 ივლისს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 

გამოცდბის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებს 2023 წელს 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.

2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით.

„თბილისში გამოცდებისათვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით. საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.

ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

აბიტურიენტებისათვის წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდრეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.

ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება:

გამოცდის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო;

ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;

 დაუძლეველი ძალის გამო.

აბიტურიენტმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

გაითვალისწინეთ, რომ ეს პირობები ვრცელდება მხოლოდ აბიტურიენტებზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებზე.

რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე იწყება. მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდისა კი - 15:00 საათი“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენრის ინფორმაციაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

16 საათის წინ

18 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები