დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება, რომ ბაკალავრიატის სხვა პროგრამებიც გახდეს სამწლიანი - სამინისტრო

ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება, რომ ბაკალავრიატის სხვა პროგრამებიც გახდეს სამწლიანი - სამინისტრო

2024-03-01 11:48:00

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ბიზნესის ადმინისტრირების გარდა, ეტაპობრივად სხვა პროგრამებსაც მიეცემათ. ამის შესახებ განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. 

საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე სტუდენტების საუკეთესო ინტერესების დაცვით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ.

 აღსანიშნავია, რომ 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების არსებობა ევროპის უმაღლესი განათლების სფეროში გავრცელებული პრაქტიკაა, რაც ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზონ სტუდენტებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამწლიანი პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ერთობლივი საერთაშორისო პროგრამის განხორციელებას საქართველოში.

სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას. შედეგად, ყველა უნივერსიტეტის ჩართულობით, ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება, რომ სხვა პროგრამებსაც შეეხოს ცვლილება და საქართველოში კიდევ უფრო მეტი 180-კრედიტიანი პროგრამა განხორციელდეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უახლოეს მომავალში მიღებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც უნივერსიტეტებს მისცემს საშუალებას, განახორციელონ 1-წლიანი (60-კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები