დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ExpoGeorgia ქმნის ბიზნესისთვის პლატფორმას, რომლითაც მოთამაშეებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ - რესან ქიქავა

ExpoGeorgia ქმნის ბიზნესისთვის პლატფორმას, რომლითაც მოთამაშეებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ - რესან ქიქავა

2023-06-27 10:40:31

კარიერა, საქმიანობა ექსპო ჯორჯიაში, ყველაზე რთული გადაწყვეტილებები, როგორია საგამოფენო სივრცის ნიშა, რა გამოწვევების წინაშეა ეს ბიზნესი და რას გეგმავს მომავალში, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia ექსპო ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორ რესან ქიქავასთან გიორგი აბაშიშვილის „სხვა პოდკასტს“ გთავაზობთ:

 

  • დიდი ხანია, რაც ექსპო ჯორჯიას ხელმძღვანელობთ... როგორი იყო თქვენი კარიერა მანამდე?

 

ბიზნესის სკოლა ESM-ელი ვარ, რითაც ძალიან ვამაყობ. ამის შემდეგ განათლება მივიღე ბრიტანეთში. რამდენჯერმე ლონდონში ვსწავლობდი. პროფესიული თვალსაზრისით, მაქვს საბანკო და უძრავი ქონების მართვის გამოცდილება. განათლება ბიზნესის მართვის მიმართულებით მივიღე. ძალიან მიყვარს ეს პროფესია. ამ მიმართულებით წავიდა ჩემი აკადემიური კარიერაც. ილიას და კავკასიის უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ. ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვარ. რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, იყო საბანკო საქმე, იყო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით, იყო უძრავი ქონება...ბევრ სფეროში ვცადე ჩემი თავი და ბოლოს მოვხვდი გამოფენების ცენტრში, სადაც წლის განმავლობაში გვაქვს ძალიან ბევრი გამოფენა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიას ეხება. 7 წელია ექსპო ჯორჯიას ვხელმძღვანელობ. აქედან 2 წელი იყო პანდემია, როცა პროცესები შეჩერდა, იყო მტკივნეული, მაგრამ საინტერესო გამოცდილება.

 

  • როგორი ბიზნეს-მოდელით მუშაობს ექსპო ჯორჯია და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?

 

ძალიან ბევრმა არ იცის, რომ თავად ვაკეთებთ გამოფენების ორგანიზებას. ფიქრობენ, რომ ჩვენ ვართ სივრცე, რომელიც ასეთი ღონისძიებებისთვის ქირავდება. ჩვენს გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც 30-40 წელია საგამოფენო ცენტრში მუშაობენ, რომელთაც მასშტაბური ღონისძიებების კეთების გამოცდილება აქვთ.

ჩვენ ძალიან ვამაყობთ... ეს არის ძალიან საინტერესო, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება. ჩვენ გარკვეულწილად ვეხმარებით ქვეყნის ეკონომიკას, ვქმნით ბიზნესისთვის პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც მოთამაშეებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ.

საგამოფენო ცენტრი 60-70 - იან წლებში ჩამოყალიბდა. არქიტექტურული თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა, რადგან ერთდროულად საბჭოთა არქიტექტურის კლასიკური და თან განსხვავებული ნიმუშია. დროს გაუსწრო და დღესაც რომ ვუყურებთ ამ პავილიონებს გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ძალიან ძველი, თუმცა ამავე დროს ძალიან თანამედროვე. ამაში თავისი წვლილი შეიტანეს იმ ადამიანებმა, ვინც ეს საგამოფენო ცენტრი 1994 წელს შეისყიდა. ეს არის სააქციო საზოგადოება, რომელსაც 4 ძირითადი პარტნიორი ჰყავდა. მათ შორის არიან ადამიანები ვინც ძირითადი სტატუსი შესძინეს, აღადგინეს და განავითარეს ეს სივრცე. მათ უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს ამ საქმიანობას ვეწევით. თუმცა შესაძლებელი იყო, ამ ტერიტორიაზე სხვა ბიზნესი მოეფიქრებინათ....

როცა გაქვს 10 ჰექტარი ტერიტორია და ის შემოსავალი რაც საგამოფენო ცენტრს აქვს, უბრალოდ არსად უნდა ვახსენო, რომ ვარ ექსპო ჯორჯიას ხელმძღვანელი, ეს არის სირცხვილი. მაგრამ შინაარსობრივად რომ შევხედოთ, ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ. ჩვენ ვაკეთებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს... აქ შეიძლებოდა გვქონოდა სამშენებლო მოედანი, კორპუსები, კომერციული სივრცეები და ა.შ. ბევრჯერ ვთქვით უარი შემოთავაზებებზე...სულ არის ის დამოკიდებულება, რომ ეს ფორმატი უნდა შევინარჩუნოთ. რამდენი კომპანია იცით საქართველოში, რომელსაც აქვს ერთი ჰექტარი რეკრეაციული სივრცე და სამად გადააქცევს?

ჩვენ გვაქვს უამრავი სივრცე, რომელსაც არანაირი კომერციული დანიშნულება არ აქვს. ეს სივრცე ღიაა მოქალაქეებისთვის. ადგილობრივი მცხოვრებნი, ხშირად არიან ჩვენი სტუმრები და აბსოლუტურად უსასყიდლოდ სარგებლობენ ამ ინფრასტრუქტურით, რომელიც არის კერძო და შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. ვიდრე ეს სივრცე არსებობს, ვერ ვაფასებთ, გვგონია, რომ ჩვეულებრივი ამბავია. რა თქმა უნდა კომპანიას აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ნებისმიერს უნდა ჰქონდეს, თუ მორალთან ყველაფერი წესრიგში აქვს.

 

ვფიქრობდი და ვერ გავიხსენე ვერცერთი კომპანია, რომელსაც ასეთი ტიპის კონცეფცია აქვს...

იქნება რა თქმა უნდა... ეს ისე ვთქვი დრამატიზებისთვის. ძალიან ცოტაა კომპანია, რომელიც მწვანე საფარს გაზრდის, რომელსაც არანაირი კომერციული დანიშნულება არ აქვს.

ერთი საინტერესო ამბავი მაქვს: ფიჭვების დაავადება გავრცელდა. ჯერ 10 ფიჭვი დაზიანდა, მერე 30... როცა მოვედი ექსპო ჯორჯიაში უკვე 100 ფიჭვი იყო გამხმარი. ეს ფიჭვები იყო მოსაჭრელი, რადგან დაავადების გავრცელების საფრთხე არსებობდა. სამწუხაროდ, იმ პერიოდში გამხმარი ფიჭვების მოჭრისა და გატანის ნებართვა ვერ მივიღეთ. კანონი არ გვაძლევდა მოჭრის საშუალებას და თითო ფიჭვზე უნდა გადაგვეხადა 15 ათასი ლარი. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ხეებს მოვჭრიდით და ჩვენ გავიტანდით. არ დავასახელებ უწყებას, მოვჭერით ხეები, მაგრამ სამწუხაროდ ვერცერთი ხე ვერ მივიღეთ. ახლაც ჩვენი ძალებით ვაკეთებთ ყველაფერს, თუმცა ის ინსტიტუცია, რომელზეც მინიშნება გავაკეთე, გვეხმარება. გვაქვს ყოველთვიური ხარჯი, რადგან მწვანე საფარს მოვლა სჭირდება.

 

ამ სივრცის მოვლა ბუნებრივია, თქვენი კომერციული სივრციდან მიღებული შემოსავლით იფარება და რა თქმა უნდა, ესაა სოციალური პასუხისმგებლობა. აქვე გკითხავთ, რა არის მოდელი, როგორ ახერხებთ ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორების დაკავშირებას?

 

ჩვენ უნდა ვიყოთ პროაქტიულები საქართველოს შემთხვევაში. მე ხშირად დავდივარ გამოფენებზე სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ იქ სხვა მოცემულობაა. ჩვენთან ცხელი რეგიონია და აქედან გამომდინარე დამატებითი ინიციატივებია გვჭირდება, იმისთვის რომ უცხოელი დააინტერესო და საქართველოში ჩამოიყვანო. აქ პროაქტიულობის გარეშე არაფერი არ გამოვა. გამოფენის გამართვის შესახებ ხმა რომ მივაწვდინოთ უცხოელებს ამას საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება. შემდეგ არის კითხვის ნიშნები - საქართველო? რა ხდება რეგიონში? საქართველო 3,5 მილიონი მოსახლეობით რამდენად საინტერესოა? თუ ჩვენ პროაქტიულად ვიმუშავებთ და დავუკავშირდებით იმ ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა, გამოხატონ ინტერესია საქართველოსთან მიმართებით, თუ გადავუხდით ფრენის საფასურს, შემდეგ ფიქრობენ რომ არაფერი აქვთ დასაკარგი. უმრავლესობა პოულობს პარტნიორს საქართველოში, არიან ბედნიერები და შემდეგ ურთიერთობები გრძელდება.

საგამოფენო საქმიანობას ახასიათებს სპეციფიკა და იმ დღის შედეგით არ განისაზღვრება, არამედ აქვს გრძელვადიანი შედეგი. მაგალითად შესაძლოა, 6 თვეში დაგიკავშირდეს ადამიანი ან მომდევნო გამოფენაზე. გამოფენაში მონაწილეობით კარგი გეგებით ანკესებს ყრი, რომელსაც ბოლოს ვიღაც წამოეგება. ჩვენი კომპანიები თანდათან სწავლობენ გამოფენებში მონაწილეობის წესებს, ფორმას და ხვდებიან ამ ღონისძიების მნიშვნელობას. რა თქმა უნდა ჩვენც ვსწავლობთ როგორ შევქმნათ უფრო საინტერესო პლატფორმა.

ჩვენ გვაქვს შეზღუდული ინფრასტრუქტურა. საგამოფენო ცენტრი 5-ჯერ დიდი უნდა იყოს იმისთვის, რომ ქვეყანას, რეგიონული გამოფენების გამართვაზე პრეტენზია ჰქონდეს. დღეს რომ გვქონდეს ხუთი ამხელა საგამოფენო ცენტრი, ავამუშავებთ, ჩვენი გუნდი ამ სივრცეს მიხედავს. ჩვენ გვაქვს ეს პროექტი, თავის დროზე ვიმუშავეთ ამერიკელ არქიტექტორებთან. გაკეთდა პროექტი, რომელსაც სჭირდება დიდი ინვესტიცია და სხვა ტიპის ჩართულობა.

 

გაფართოების საშუალება ადგილზეა, თუ სხვა სივრცეში?

 

ადგილზე შესაძლებელია, თუმცა ამას სჭირდება დიდი ინვესტიცია და ბევრი კერძო ინტერესი ხომ არ გამოარჩევთ,

 

იმ რთულ გადაწყვეტილებებს, რომელიც ექსპო ჯორჯიას ხელმძღვანელობისას მიიღეთ?

 

გასულ კვირას შევხვდი თანამშრომლებს… ბოლოს, როცა ასეთ გაფართოებულ ფორმატში შევხვდი დაიწყო პანდემია. ამის შემდეგ ვფიქრობდი გამეკეთებინა თუ არა შეხვედრა, შემდეგ დაიწყო ომი უკრაინაში...ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მუდმივად გვიწევს პრობლემებთან გამკლავება. ეს პრობლემები სულ იქნება. ახლა თანამშრომლებს ვუთხარი, რომ გვექნება ბევრი პრობლემა, თუმცა ყველა სირთულეს გადავლახავთ. ეს არის ჩვენი კომპანიისა და ქვეყნის ბედიც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის ვიპოვით გზას. ასე ვპოულობდით...

ახლახან შვეიცარიაში ვიყავი და მკითხეს, ომი რომ დაიწყოს თქვენთან როგორ იქნებითო? ვუპასუხე, როგორც ამ 8 000 წლის განმავლობაში ვიყავით, როგორღაც თავს დავაღწევთ ამ ვითარებას მეთქი. ამ კუთხით ჩვენი ერი გამორჩეულია. მეამაყება, რომ შევძელით და ძირითადი ღერძი შევინარჩუნეთ და მომავალშიც მაგას გავაკეთებთ, როგორც ქვეყანა, ისე ორგანიზაციაც.

 

კარგი მიგნებაა, ისე დავძლევთ ყველაფერს, როგორც ამ 8 000 წლის განმავლობაში ვიყავით

 

ეს ღვინის ისტორიასთან დავაკავშირე, შვეიცარიაში სწორედ ღვინოზე ვსაუბრობდით.

 

ღვინის ფესტივალს ახლახან უმასპინძლა ექსპო ჯორჯიამ. ზოგადად რომელ ღონისძიებას გამოარჩევდით?

 

ყველა გამოფენას თავისი ემოცია ახლავს... თავისი ხიბლის აქვს წიგნების გამოფენას...

 

ექსპოზე პირველად წიგნების გამოფენაზე მოვხვდი..

 

ბევრი ადამიანი მოდის ექსპოში წიგნების გამოფენის გამო. წიგნებისა და განათლების სექტორის გამოფენები განსხვავებულ ემოციებთანაა დაკავშირებული. ყველაზე მეტად რაც მახარებს, რაც დრო გადის უფრო კარგად ვაკეთებთ გამოფენებს ჩვენც და მონაწილეებიც. უკეთესად გამოგვდის. ამიტომ ღვინისა და სამშენებლო გამოფენა იყო წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. თამასა ავწიეთ და ახლა ვფიქრობთ, როგორ შევინარჩუნოთ.

სამშენებლო გამოფენის შემთხვევაში გავაკეთეთ რეალტორთა ასოციაციის კონფერენცია, საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის დახმარებით. ეს იყო დიდი მოვლენა, რადგან აშშ-ის უძრავი ქონების ასოციაციის პრეზიდენტი ჩამოვიდა. ამ ასოციაციას 1,5 მილიონი წევრი ჰყავს.

 

თამასა აღარ უნდა დასწიოთ

 

ეს გამოფენები იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ რეკორდული რაოდენობის ვიზიტორი მოვიდა. ღვინის გამოფენის შემთხვევაშიც ყველაზე წარმომადგენლობითი ჟიური გვყავდა, მონაწილეებისა და ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე დიდი იყო, რაც კი ოდესმე ყოფილა. ახლა ვაპირებთ ორი მიმართულებით კონცენტრირებას: ეს იქნება ალბათ დიზაინი და ამ გამოფენაში ნატურალური ღვინოების მონაწილეობა. გვინდა კონკურსის მოფიქრება. ნატურალური ღვინო მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ქვევრში დაყენებული ნატურალური ღვინო არის ქვეყნის მნიშვნელოვანი ნიშა, ეს უძველესი ტექნოლოგიაა და რაღაც პოზიცია უნდა დავიკავოთ ბაზარზე. ჩვენ ვერ ვაწარმოებთ იმ რაოდენობის ღვინოს, რამდენსაც აწარმოებს ჩილე. ამიტომ ნიშური პროდუქტი, ქვევრის ღვინო, ნატურალური ღვინო, არის ის დროშა, რომელიც ყველას უნდა გვეჭიროს. როცა გვკითხავენ, თქვენ რა ღვინოს აყენებთ, ეს ღვინო უნდა დავალევინოთ. რა თქმა უნდა პირველ რიგში კომერციაა და ჩვენ არ გვაქვს ბევრი საექსპორტო პროდუქტი და ამ კუთხით ყველა ბაზარი მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ხარისხის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის, გარდა რეპუტაციისა. ხარისხს თან ახლავს განათლება, რომ კარგი ღვინო დააყენო. ამ კუთხით ჩვენი ფოკუსირება გრძელვადიან პერსპექტივაში კარგ შედეგს მოიტანს.

 

რას უნდა ველოდეთ უახლოეს პერიოდში ექსპოსგან? რა გეგმები გაქვთ?

 

ჩვენ გვიჭირავს ხელი პულსზე და ვაკვირდებით იმ ინდუსტრიებს, რომელიც მნიშვნელოვანია და ვითარდება. უფრო მარტივია დაელოდო ტალღას და სერფინგით შემოახტე, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ხდება ისე, რომ პირიქით, ტალღას ჩვენ ვქმნით. მაგალითად „თბილისის ხელოვნების ბაზრობა“ როცა გავაკეთეთ, ეს ტალღა ჩვენ შევქმენით. ახლა გვინდა დიზაინის გამოფენის განხორციელება.

გვინდა, რომ ქართული დიზაინი წარმოვაჩინოთ დასაბამიდან. კერძოდ, 5 000 წლის წინ შექმნილი ოქროს ნაკეთობები, რომელიც ჩვენს მუზეუმშია, ძალიან ბევრ ადამიანს ნანახი არ აქვს. ეს მართლაც გამორჩეული დიზაინი და შედევრია.

ახლახან BMV-ს მუზეუმში ვიყავი და სავსე იყო ბავშვებით. მშობლები აჩვენებდნენ შვილებს, რას მიაღწიეს წინაპრებმა და მშობლების თაობამაც. გამოფენილი იყო BMV-ს პირველი მოდელი და ბოლო. ჩვენ მსგავსი არაფერი არ გვაქვს, რასაც ჩვენს შვილებს ვაჩვენებთ. საბოლოო ჯამში ქვეყნიდან გარბიან ალბათ ფიქრობენ, რომ გაუგებრობაში დაიბადნენ. სინამდვილეში დაიბადნენ უძველესი ტრადიციის მქონე ქვეყანაში, პათეტიკის გარეშე ვამბობ, რომელსაც ბევრი რამ აქვს საამაყო და ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

საჭიროა დიზაინის კუთხით იმის წარმოჩენა თუ რა გზა გავიარეთ, დიზაინს მოჰყვება კრეატიული აზროვნება, ინჟინერია და ა.შ. თავიდან ბოლომდე რომ ვაჩვენოთ. ეს არის ჩემთვის და გუნდისთვის ძალიან კარგი პროექტი. ისე ზოგადად კი, ყველა იმ პროექტს რაც დაგეგმილი გვაქვს, შევეცდებით, რომ მასშტაბი შევძინოთ, გავამრავალფეროვნოთ და ახალი ტიპის პროდუქტები შემოგთავაზოთ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები