დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფქვილზე იმპორტის გადასახადის ზრდა დარგს დაეხმარება ჩადგეს კონკურენტულ გარემოში - ლევან სილაგავა

ფქვილზე იმპორტის გადასახადის ზრდა დარგს დაეხმარება ჩადგეს კონკურენტულ გარემოში - ლევან სილაგავა

2023-10-02 16:26:14

როგორც  ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა Business Insider Georgia- თან ამბობს,  გადაწყვეტილება ფერმერებისა და პურის მწარმოებლების ინტერესებზეა მორგებული და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს.

,,მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ბაზარზე და ზოგადად, გლობალური მასშტაბით არსებული მდგომარეობას ითვალისწინებს. კარგია, რომ ფქვილის იმპორტის საფასური გაიზარდა 50 ლარით, ქერისა და ქატოს შემთხვევაში, გადასახადი 100 ლარია. ვფიქრობ, მდგომარეობა სწორად შეფასდა და შედეგიც ადეკვატურია. კანონმდებლობა ძალაში რჩება 2024 წლის 1-ელ მარტამდე.

კარგია, რომ მსოფლიო და რეგიონულ ბაზრებზე არსებული ვითარება ობიექტურად შეფასდა. ეს დარგს დაეხმარება, ჩადგეს კონკურენტულ გარემოში. შესაბამისად, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ფასები მისაღებია როგორც მეპურეებისთვის, ასევე მეხორბლეებისთვის. ამ ცვლილებით  ფქვილის შემოტანა დაბალანსდა და ქატოს თემაც დაემატა, რაც ფერმერების ინტერესშია. წისქვილკომბინატების გადამუშავებული პროდუქტი არის არა მხოლოდ ფქვილი, არამედ ქატოც, რომელზეც აქამდე გადასახადი არ მოქმედებდა. ეს ნიუანსიც გარკვეულია. აგრეთვე აღნიშნულია, რომ მოქმედებენ  ,,მდგომარეობის ცვლილების შედეგად“, ვინაიდან, მართლა ხშირად იცვლება მდგომარეობა ბაზრებზე, ვიცით, რომ რუსეთიდან საწვავის იმპორტი შეიზღუდა, რამაც საერთოდ შეცვალა სექტორში აქამდე  არსებული მოცემულობა.  ამდენად, ცვლილება შეიძლება მოხდეს ფქვილის იმპორტის პარამეტრებში, რომელიც დღეის მდგომარეობით, არსებულ ვითარებასთან არის შესაბამისობაში. მთლიანობაში, დადებითი გადაწყვეტილებაა, რასაც სექტორი მიესალმება“, - ამბობს ლევან სილაგავა.

ცნობისთვის, ფქვილის იმპორტზე საიმპორტო გადასახადი 50 ლარით გაზრდის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

„ბოლო თვეებში გამოიკვეთა, რომ მზარდი ტენდენციით ხასიათდება ფქვილის იმპორტი და ეს განპირობებულია ფასის არასტაბილური ფორმირებითა და იმ ჭარბი მოსავლით რაც არსებობს მსოფლიოში. ამის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 50 ლარით გაიზარდოს და ჯამში 250 ლარი დაწესდეს საფასური ფქვილის იმპორტის შემთხვევაში“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ .  

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებაში 5 თვით დროებითი მოსაკრებელი ამოქმედდა. მიზანია, ხორბლისა და ფქვილის საიმპორტო პირობების გათანაბრება.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები