დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაიხსნება თუ არა „მარცვლეულის დერეფანი“ და რა გავლენა ექნება საქართველოზე

გაიხსნება თუ არა „მარცვლეულის დერეფანი“ და რა გავლენა ექნება საქართველოზე

2023-12-21 19:00:00

თუ „მარცვლეულის დერეფანი“ გაიხსნება ეს ნედლეულს გააიაფებს, თუმცა თუ კონსენსუსის მიღწევა ვეღარ მოხერხდება უკვე არსებობს ალტერნატიული, შედარებით ძვირი, თუმცა ამ თვეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სისტემები, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა უკვე დააანონსა, რომ „მარცვლეულის დერეფნის“ ამუშავებაზე მალე მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან გამართავს, სადაც დადებითი შედეგების მიღწევის იმედი აქვს.

ლევან სილაგავა ფიქრობს, რომ ლოგისტიკის გაიაფება პროდუქტის გაიაფებას გამოიწვევს და შესაბამისად, მსოფლიო ბაზრიდან გამომდინარე, ეს ტენდენცია საქართველოზეც აისახება. თუმცა მისივე განმარტებით, არის მეორე მხარეც, რამდენად უღირთ იაფი, თუმცა დროებითი დერეფნით ხორბლის ტრანსპორტირება, როცა არსებული მარშრუტები შედარებით ძვირი, მაგრამ მუდმივია და იქ ოპერირება საფრთხეებს არ ქმნის. 

„მარცვლეულის დერეფანი“ თავის დროზე საკმაოდ კარგად მუშაობდა. იყო პერიოდი, როცა მთელი უკრაინული მარცვლეული მსოფლიოს სწორედ ამ „მარცვლეულის დერეფნით“ მიეწოდებოდა. ოდესის და მისი შემოგარენი პორტებით უკრაინული მარცვლეული შედიოდა თურქეთში და თურქეთის გავლით უკვე მიდიოდა საჭიროებისამებრ.

დღეს „მარცვლეულის დერეფანი“ გაჩერებულია, რადგანაც ვეღარ მოხდა კონსენსუსის მიღწევა და შესაბამისად მხარეებს შორის ვეღარ მოხდა შეთანხმების გაგრძელება. ამ შეთანხმებაში კი რუსეთი, უკრაინა, თურქეთი და გარეო მონაწილეობდნენ. რუსეთი მოითხოვდა, რომ „მარცვლეულის დერეფნის“ მუშაობის პარალელურად გაეროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში რუსეთისთვის მიეცათ საშუალება, რომ ხორბალი მსოფლიო ბაზარზე შეფერხებების გარეშე გაეტანა.

ისინი ამბობდნენ, რომ ეს შეფერხება გამოწვეულია არა იმით, რომ ხორბლის გატანა არ შეიძლება, არამედ იმით, რომ ქვეყანა გათიშულია Swift-დან და გადარიცხვების და ფულის მოძრაობის პრობლემა აქვთ. მეორეა, სანქცირებული გემები, რომლებიც გადაიტანენ რუსულ ტვირთებს. ხორბლის თემა მათი მხრიდან ირიბი მექანიზმი იყო. შესაბამისად რუსეთის მხრიდან აღარ მოხდა მემორანდუმის შესრულება და „მარცვლეულის დერეფანიც“ ამიტომ დაიბლოკა. 

ამ დაბლოკვის შემდეგ „მარცვლეულის დერეფნის“ ყველა ტვირთი სხვა, ალტერნატიულ მარშრუტებზე გადაეწყო. ერთ-ერთი მარშრუტია დუნაიდან, რომელიც შედარებით ძვირია, მაგრამ ვინაიდან შავი ზღვის დერეფანი ვერ მუშაობს გადავიდა ხელსაყრელ მხარეს. მეორე მარშრუტია, ტვირთები მიდის არა ოდესის პორტისკენ, არამედ მიდის რუმინეთში კონსტანცას პორტისკენ. რუმინეთის პორტიდან გადის იგივე შავ ზღვით და ბოსფორით. ანუ „მარცვლეულის დერეფნის“ ალტერნატივები არის, მაგრამ შედარებით ძვირია. კარგია, რომ „მარცვლეულის დერეფანი“ ისევ ამოქმედდეს, რადგანაც ეს მარშრუტი უფრო მოკლე და იაფია. თუმცა მსოფლიო დღეს მაინც გადაწყობილია“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში თურქეთსაც საკუთარი ინტერესები აქვს, საუბარია აფრიკის ქვეყნებისთვის ფქვილის მიწოდებაზე.

„კატარი დააფინანსებს ამ ოპერაციას, ანუ რუსეთიდან ხორბლის შეტანას თურქეთში, სადაც მოხდება მისი გადამუშავება და შემდგომ ფქვილი მოხვდება აფრიკის ქვეყნებში. შესაბამისად ეს პროექტი მომგებიანია როგორც თურქეთისთვის ისე რუსეთისთვის. აფრიკას ხორბალი დღესაც ეწოდება, მაგრამ ის ფქვილი, რომელიც თურქეთში გადამუშავდება იქნება უფრო იაფი. 

რაც შეეხება კატარის ინტერესი სავარაუდოდ უფრო პოლიტიკურია, რომ აფინანსებენ ამ ოპერაციას და შუამავალის როლს ითამაშებენ. რაიმე გამოკვეთილი არაფერი უთქვამთ, უბრალოდ აცხადებენ, რომ პროცესის ფინანსურ ნაწილს უზრუნველყოფენ.ანუ ამ ხორბალს კატარი იყიდის რუსეთისგან და შემდეგ თურქეთი გადაამუშავებს“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის მალე რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შეხვდება და მარცვლეულის შეთანხმებების განახლებისკენ მოუწოდებს.

”უახლოეს მომავალში ჩვენ შევხვდებით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს და „მარცვლეულის დერეფნის“ [ხელახლა] ამუშავებას შევთავაზებთ. იმედი მაქვს, რომ მისგან დადებით პასუხს მივიღებთ და გავაგრძელებთ ამ სამუშაოს”, - განუცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის მექანიზმი იყო პოზიტიური ნაბიჯი უფრო სამართლიანი სამყაროსკენ“.

„ჩვენ უნდა განვაახლოთ მისი მუშაობა და გავუფრთხილდეთ აფრიკის ღარიბ ქვეყნებს. მანამდე მივაღწიეთ სამმხრივ შეთანხმებებს რუსეთთან და კატართან. კატარი მიიღებს მონაწილეობას ფინანსურად. ჩვენ ადრე მივაღწიეთ სამმხრივ შეთანხმებებს რუსეთთან და კატართან. კატარი ფინანსურად მიიღებს მონაწილეობას.

მარცვლეულს [რუსეთიდან] ჩვენს ქარხნებში ფქვილად გადავამუშავებთ და შემდეგ აფრიკის ქვეყნებში გავაგზავნით. ჩვენ ამ გეგმას მივყვებით“, - განაცხადა ერდოღანმა. 

„მარცვლეულის შეთანხმება“, რომელიც 2022 წლის ივლისში დაიდო, მიმდინარე წლის 18 ივლისს შეწყდა. პუტინმა მანამდე აღნიშნა, რომ მისი პირობები რუსეთთან დაკავშირებით, გაეროს მცდელობის მიუხედავად, არ შესრულდა, რადგან დასავლეთის ქვეყნები არ აპირებდნენ დაპირებების შესრულებას.

31 აგვისტოს მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს სერგეი ლავროვსა და ჰაკან ფიდანს შორის, სადაც განიხილეს მარცვლეულის შეთანხმება და 1 მილიონი ტონა რუსული მარცვლეულის მიწოდების ინიციატივის განხორციელების პარამეტრები.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები