დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გამორჩეული კერძები, რომლებიც ქართულ-ბასკურ კონგრესზე შეფ-მზარეულებმა მოამზადეს

გამორჩეული კერძები, რომლებიც ქართულ-ბასკურ კონგრესზე შეფ-მზარეულებმა მოამზადეს

2024-03-16 16:30:00

გიზიარებთ ბლოგს: “ყველა ტრადიცია ოდესღაც ინოვაცია იყო. საუკუნეების წინ ინოვაცია იყო სიმინდი და დღეს ის ჩვენი ტრადიციაა. დღევანდელი დღის თემაც არის ჩვენს სამზარეულოში ახალი ინგრედიენტების შემოტანა და ტრადიციულ პროდუქტად გადაქცევა”.

ასე გახსნა ქართულ-ბასკური კულინარიული კონგრესის კულინარიული შოუ შეფმა თეკუნა გაჩეჩილაძემ. კონგრესი — Culinary Connection Euskadi-Georgia  2 მარტს კახეთში გაიმართა და მისი მთავარი მისია ქართულ-ბასკური გასტრონომიის დაახლოება და განვითარებაა. საქართველოს ბანკი კონგრესის მხარდამჭერია.

ღონისძიების განმავლობაში ქართველმა და ბასკმა შეფ-მზარეულებმა სტუმრების წინაშე მოამზადეს სხვადასხვა კერძები. მზადების პროცესში ისაუბრეს სამზარეულო ტექნიკებზე, ინგრედიენტებსა და ტრადიციულ მეთოდებზე.

შეფ თეკუნა გაჩეჩილაძემ მოამზადა ნიგვზიანი არტიშოკი, რომელიც ქართულ სამზარეულოში არ გამოიყენება და რომელსაც, მისი თქმით, დიდი პოტენციალი აქვს.

“ეს ის ბოსტნეულია, რომელიც საოცრად უხდება ნიგოზს და რადგან ჩვენ გვაქვს ნიგვზისა და ბოსტნეულის შერწყმის კულტურა, რატომაც არა. არტიშოკი ნიგვზით, შესაძლოა, 20-25 წელში გახდეს ისეთივე ვარსკვლავი, როგორიც დღეს არის ნიგვზიანი ბადრიჯანი. ასევე მოვამზადებ მიწავაშლას პიურეს, რომელიც არტიშოკს საოცრად ერწყმის და რა თქმა უნდა, კერძს დავასრულებ ჩვენი სიამაყე ბაჟეთი.”

თეკუნა გაჩეჩილაძის თქმით, მისი მიზანი იყო, ეჩვენებინა, რომ ის, რაც დღეს უჩვეულოდ ჟღერს, რამდენიმე წელში ჩვენი სამზარეულოს შემადგენელი ინგრედიენტი იქნება. მისი მეორე კერძის იდეა კი პირიქით, ნაცნობი ინგრედიენტის ახლებური აღმოჩენა იყო. როგორც აღნიშნა, ღანძილი აზიური სოუსით არის ის კერძი, რომელიც მის მენიუში სულ იყო და იქნება.

“ერთ-ერთი პირველი ინგრედიენტი იყო ღანძილი, რომელიც კახეთში მოგზაურობისას აღმოვაჩინე. უცებ მივხვდი, რომ ეს საოცარი ინგრედიენტია და არავინ იყენებს, არ იყო რესტორნებში ამის კულტურა. პირველად გავაკეთე აზიური სოუსით. ამ კერძის იდეა არის, რომ გაზაფხული ჩავდოთ ერთ კერძში”. 

კულინარიული შოუ წარმოადგინეს ბასკმა მზარეულებმაც. მათი მთავარი სათქმელი იყო, თუ რა მნიშვნელობა აქვს კერძისთვის პროდუქტის სათანადოდ მომზადებას და რა ტექნიკას იყენებენ. როგორც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა შეფ ენრიკე ფლაიშმანმა აღნიშნა, ინგრედიენტებს ვაკუუმური ტექნიკით ამზადებს, რაც პროდუქტს ბუნებრივ გემოს უნარჩუნებს. რაც შეეხება ტექნიკას, ნაკვერჩხალზე მომზადება ბასკური სამზარეულოსთვის ტრადიციულიცაა და ეს ელექტროენერგიის დაზოგვაშიც ეხმარებათ.

შეფ ენრიკე ფლეიშმანმა რამდენიმე კერძი წარმოადგინა. მათ შორის იყო სწორედ ვაკუუმური ტექნიკით მომზადებული გამომშრალი სოკო კარტოფილთან ერთად. 

თავისი კერძი წარმოადგინა შეფ ხუან კარლოს კარამაც. კერძი ჭარხლით, თხის ყველითა და პესტოთი მოამზადა. მისი თქმით, რესტორანი არ არის მხოლოდ კერძი. ის ბევრ ზრუნვასა და ბევრი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს.

ქართველ შეფებს შორის იყო შეფ ლუკა თოლორდავაც, რომლის კერძიც შავი ქათმის შებოლილ ხორცზე იყო აგებული. გარდა ამისა, გამოიყენა ქართული სამზარეულოს სხვა ინგრედიენტები — გუდის ყველი, აჯიკა, მაწონი, ცაცხვი, რქაწითელი, კეჟერა.

“კეჟერა ჩემი საყვარელი ინგრედიენტია და იშვიათად გამოიყენება ჩვენს სამზარეულოში. კეჟერათი გავაკეთე პიურე. წარმოდგენილი გვაქვს ასევე ქათმის ბალოტინი, ქათმის ღვიძლი და ქათმის ფილე. გამოყენებული გვაქვს რქაწითელი, რომელიც უფრო ინტენსიურ არომატს მიანიჭებს კერძს და ასევე ვიყენებთ ნივრის მარილს, რომელიც დინამიკურ გემოს შექმნის”.

რაც შეეხება ბასკურ სამზარეულოს, როგორც ჩამოსულმა სტუმრებმა აღნიშნეს, ის დაახლოებით, 40 წლის წინ შეიქმნა. შეფ-მზარეულებმა ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობითა და ინოვაციური ელემენტების დამატებით შექმნეს სამზარეულო, რომელიც დღეს მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი. როგორც აღნიშნეს, ქართულ გასტრონომიას აქვს საშუალება და ძალა, რომ განვითარდეს და მთელმა მსოფლიომ გაიცნოს.

კულინარიული კონგრესი წელს პირველად ჩატარდა და ის ყოველ წელს გაიმართება. საქართველოს ბანკი კი, როგორც სოციალურ-ეკონომიკური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, როგორც ამ კონგრესს, ისე კიდევ სხვა მრავალ ინოვაციურ პროექტს ყოველთვის მხარს უჭერს.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი


მსგავსი სიახლეები