დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ღამის ვერტმფრენი როგორ უშველიდა ამ სიტუაციას? მაშველები სტიქიის ადგილზე მალე მივიდნენ - ოთარ შამუგია

ღამის ვერტმფრენი როგორ უშველიდა ამ სიტუაციას? მაშველები სტიქიის ადგილზე მალე მივიდნენ - ოთარ შამუგია

2023-08-07 17:39:14

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, შესაბამისმა სამსახურებმა შოვში განვითარებული მოვლენების დროს სხვა ქვეყნების დახმარების საჭიროების აუცილებლობა ვერ დაინახეს და ქვეყანა სტიქიას საკუთარი ძალებით გაუმკლავდა.

მისი თქმით, მაშველები სტიქიის ფაქტიდან ადგილზე მაქსიმალურად სწრაფად მივიდნენ და ამიტომ გაუგებარია ღამის ვერტმფრენი ვითარებას როგორ უშველიდა. 

„შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს საჭიროება, რომ ვინმესთვის დახმარება გვეთხოვა. რატომ უნდა ყოფილიყო ამის შეფერხება, თუ ამის საჭიროება იდგა და თუ ეს ადამიანებს უშველიდა ეს უსწრაფესად იქნებოდა განხორციელებული. იმ პროცესში როგორც კი სტიქია მოხდა, მაშველებიც, სპეციალისტებიც მაქსიმალურად სწრაფად იყვნენ ადგილზე მობილიზებული.

ვერტმფრენებზე იყო ასევე საუბარი, რომ ღამის ვერტმფრენები არ გვყავს. ამ სიტუაციაში შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს საჭიროება რაიმე ტიპის დახმარება ეთხოვა სხვა ქვეყნისთვის, რომელიც იმ სიტუაციაში ჩვენ რაღაცნაირად გამოგვადგებოდა და ჩვენი ამას საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებოდით. ჩვენ ვხედავთ, როგორი თავგანწირვით მუშაობენ მაშველები ამ ვითარებაში. 

ღამის ვერტმფრენი როგორ უშველიდა ამ სიტუაციას? მაშველები იქ სტიქიის მოხდენიდან მალევე იყვნენ ადგილზე, შემდგომ იყო ვერტმფრენები, უმალვე განხორციელდა ყველა ღონისძიება, შესაბამისად, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო ყველაფერი გაკეთდა და სხვა ქვეყნის დახმარებით უფრო მეტი ვერ გაკეთდებოდა, თუმცა ჩვენ არა ერთხელ მიგვიმართავს ჩვენი მეზობლებისთვის და ამ შემთხვევაშიც ასე ექნებოდა. გასულ წელს ხანძარი გვქონდა მივმართეთ ჩვენს მეზობლებს და მათგან მივიღეთ დახმარება. ამ შემთხვევაშიც ასე იქნებოდა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად 18 გარდაცვლილია, მათგან 14-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია, მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები