დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გონიოში ფინანსური ცენტრის შექმნა იგეგმება

გონიოში ფინანსური ცენტრის შექმნა იგეგმება

2023-05-01 14:40:31

აჭარაში, გონიოს ტერიტორიაზე ფინანსური ცენტრის შექმნა იგეგმება. პროექტი გასულ წელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დააანონსა.

როგორც Business Insider Georgia-თან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა, ამ დროისათვის პროექტის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს.

„ამ ნაწილში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაიწყო ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა. რამდენადაც ვიცი მის შემუშავებაში ჩართულები არიან უცხოელი ექსპერტები და ძალიან მალე ველოდებით ამ ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის დასრულებას.

როდესაც შუალედური დოკუმენტების განხილვა გვქონდა, გამოიკვეთა, რომ გონიო მართლაც საინტერესო მიმართულებაა ფინანსური ცენტრის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა საუბარია უფრო თანამედროვე ფინანსურ სერვისებზე: ბლოკჩეინ სერვისებზე, კრიპტო ვალუტის მიმართულებით ფინანსური მომსახურების და სხვადასხვა სერვისების გაწევაზე და ასე შემდეგ“, - განმარტა მინისტრმა. 

ჯაბა ფუტკარაძის თქმით, ექსპერტები ფინანსური ცენტრის განვითარებისთვის 4 მიმართულებით მუშაობენ.

„ვფიქრობ საინტერესოა იქნება რა პოტენციალი აქვს ზოგადად გონიოს. ბათუმისთვის და ზოგადად საქართველოსთვის ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო და უშუალოდ ფინანსური ნაკადების და ინვესტიციების მოზიდვისთვის ერთ-ერთი საინტერესო ლოკაცია“, - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დასაწყისში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში 2 ფინანსური ცენტრი აშენდება, ერთი გონიოში იქნება, მეორე კი თბილისში, თბილისის ზღვასთან.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინანსური ცენტრების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანიები.

„რამდენიმე თვის წინ მე გამოვთქვი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა ქვეყანაში ფინანსური ცენტრების შექმნის იდეას. ამის თაობაზე, ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან, ფინანსურ ჯგუფთან – Rothschild & Co-თან და მივიღეთ გადაწყვეტილება. მინდა, ეკონომიკის მინისტრს დავავალო, გაუწიოს კოორდინაცია ამ პროცესს, მომზადდეს და წარედგინოს საქართველოს მთავრობას საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. საკითხი ეხება შემდეგ იდეას და ინიციატივას – ჩვენი სურვილია, შევქმნათ საქართველოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები. გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა – ერთი, რომ შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი, რომელიც თბილისის ზღვასთან, სავარაუდოდ 110 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება ჩვენი სურვილისამებრ და ქვეყნის და რეგიონის გამორჩეული საქმიანი ცენტრი გახდეს აღნიშნული ადგილი.

ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში, გონიოს ტერიტორიაზე. გონიოში ჩვენ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ. ამის თაობაზე ჩვენ დავიწყეთ აქტიურად მუშაობა და აქვე გვინდა, შევქმნათ ფინანსური ცენტრი. სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ლიბერალურ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს'', - განაცხადა 2022 წლის დასაწყისში პრემიერმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები