დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GREDA განახლებადი ენერგიის ბაზრის მოთამაშეებს, ბიზნესის დაზღვევაში ეხმარება

GREDA განახლებადი ენერგიის ბაზრის მოთამაშეებს, ბიზნესის დაზღვევაში ეხმარება

2024-04-11 18:00:00

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) წევრი კომპანიებისთვის მორიგი შეხვედრა გამართა და დარგში მიმდინარე პროცესები განიხილა.

შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა, სფეროს წარმომადგენლებმა სექტორში არსებული გამოწვევებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ გამართეს დისკუსია. 
 
შეხვედრაზე GREDA-ს ინსტიტუციური განვითარების პროგრამის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც USAID Human and Institutional Capacity Development Activity-ს პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ GEC Consulting განახორციელა.

ექსპერტების მიერ შეფასდა ასოციაციის საქმიანობა, რომლის საფუძველზეც გაიცა რეკომენდაციები GREDA-ს მდგრადი განვითარებისა და წინსვლისთვის.  

როგორც GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა GREDA-ს დღეს 60-მდე წევრს მოიცავს და ერთ-ერთი მსხვილ სექტორულ ასოციაციას წარმოადგენს.

მაია მელიქიძის თქმით, ენერგეტიკა არის ეკონომიკის საყრდენი და ამ საყრდენს სჭირდება გამაგრება. 

„ჩვენი ასოციაცია ემსახურება განახლებადო ენერგიების ხელშეწყობასა და განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ენერგეტიკა არის ყველა ქვეყნის და მათ შორის საქართველოს ეკონომიკის განვითარების ქვაკუთხედი. აქედან გამომდინარე ჩვენი ასოციაცია, დღეს უკვე 60-მდე წევრს აერთიანებს. აქ არიან მზის, ქარის, წყლისა და ასევე სხვადასხვა, მათ შორის ტექნიკური მიმართულებით მომუშავე კომპანიები. ანუ ეს არის საკმაოდ მსხვილი ასოციაცია, რომელიც ემსახურება შემდეგ კრიტერიუმებს, რაც ჩვენს ქვეყანაში უნდა განვითარდეს:

ეს არის ენერგეტიკის ხელშეწყობა. მოგეხსენებათ, ენერგეტიკა არის საყრდენი, რომელსაც სჭირდება გამაგრება. GREDA-ს აქვს საკანონმდებლო ინიციატივები და საკომუნიკაციო არხები, ჩვენ უკვე გავაფორმეთ მემორანდუმი მესტიის მუნიციპალიტეტთან, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ვიწყებთ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციას. ეს კრიტიკულია, შეძლება ითქვას ყველაზე დიდი გამოწვევაა და ზუსტად ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა.

ვიმუშავებთ ადგილობრივ მედიასთანაც, იმისათვის რომ განვუმარტოთ რატომ გვჭირდება ელექტროენერგია. ელექტროენერგია, ჩადებულია ყველა პროდუქტსა და მომსახურებაში. ეს არის მოცემულობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ასოციაციამ შეძლოს მთავრობის ამ საკითხში დარწმუნება, რომ რაც შეიძლება მეტი ხელშემწყობი მექანიზმები არსებობდეს.

ჩვენ გვქონდა CFD მექანიზმი, რომელიც პირდაპირ ვიტყვი საკმარისი არ არის. გვჭირდება მწვანე სერტიფიკატები და წარმოშობის სერტიფიკატები და გარანტიები. ამიტომ აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ბაზარი გავხსნათ  უნდა არსებობდეს ნიადაგი და ეს ნიადაგი არის ხელშემწყობი მექანიზმები. სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ შეხვედრაზე და ბუნებრივია, ჩვენს ხედვას მთავრობას შევთავაზებთ“, - აღნიშნა ​GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ.

ასოციაციის მენეჯმენტისა და წევრების შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ასევე  სადაზღვევო კომპანია “უნისონისა” და საბროკერო კომპანიების  Arriba-ს და Acton-ის პრეზენტაციებს, რომელთაც GREDA-ს წევრებისთვის სპეციალურად შექმნილი სადაზღვევო პაკეტები წარადგინეს, რომლებიც განახლებადი ენერგიის ობიექტების სადაზღვევო საჭიროებებზეა მორგებული და სექტორს რისკების შესამცირებლადა და ინვესტიციების დასაცავად ყოვლისმომცველ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. 

სადაზღვევო კომპანია “უნისონის” არასიცოცხლის დაზღვევის ანდერაიტინგისა და გადაზღვევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ურიათმყოფელი აცხადებს, რომ „უნისონს“ განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე კომპანიებს მათზე მორგებულ ქონებრივი რიკების დაზღვევას და შესაბამის პროდუქტებს სთავაზობს. 

ენერგეტიკა ზოგადად და მათ შორის განახლებადი ენერგია, ერთ-ერთ ფუნდამენტურ და უმნიშვნელოვანეს სექტორს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და  იმ მდიდარი რესურსებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას გააჩნია, უაღრესად დიდია მისი განვითარების პოტენციალიც. სწორედ ამ განვითარების გზაზე დაზღვევის მხარდაჭერასა და სადაზღვევო ბიზნესის როლზე იყო დღეს საუბარი.  
როგორც ვიცით, რეალურად გვაქვს როგორც ქვეყანას იმის შანსი, რომ ენერგიის დისტრიბუტორებიც კი გავხდეთ და ერთგვარი ჰაბი ვიყოთ რიგი ქვეყნებისთვის, დასანანია, რომ არსებული რესურსებიდან მხოლოდ 20-22% არის ათვისებული ამ ეტაპზე, თუმცა მთავარია რომ წინსვლა იგრძნობა, და კომპანიები აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ასოციაციის მიწვევით ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამას მოწმობს, რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა GREDA-ს და ქალბატონ მაია მელიქიძეს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ სახელით.
ფაქტია, ბევრი გამოწვევის წინაშე დგას ეს სექტორი, ისევე როგორც სადაზღვევო სფერო საქართველოში, და პირველ რიგში ესაა ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, დარგის ექსპერტების სიმცირე და  სხვა, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალურ მზაობას ვუცხადებთ სექტორს და ის პრეზენტაცია, რაც უნისონმა შეთავაზების სახით წარმოადგინა დღეს უფრო მეტად დაცულს და  ფინანსურად მყარს გახდის ენერგო სექტორს. ჩვენი გამოვყავით სამი ძირითადი კომპონენტი დაზღვევის მიმართულებით: 1. გარდა იმისა, რომ არა მარტო ქონებრივ რისკებზე, არამედ ზოგადად სადაზღვევო პროდუქტებზე საუკეთესო ტარიფით და პირობით ისარგებლებენ, ჩვენი რისკების მართვა გამყარებული იქნება უმაღლესი რეიტინგის გადამზღვეველი კოპანიების მხარდაჭერით, ეს კი მცირე და საშუალო ელექტროსადგურებს საშულებას მისცემს საოპერაციო ეტაპზე ყველა გაუთვალისწინებელი შემთხვევა ჩვენი რისკების მართვის გუნდს გადმოაბაროს; 2. ზარალების მართვისას შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობა - Loss adjuster service, რომლების სწორი შეფასების და სამართლიანი დასკვნების დადების შესაძლებლობას იძლევა. და 3. მოვუმზადოთ კვალიფიციური, მრავალპროფილური „სურვეი რეპორტი“(Survey Report), მოვიწვიოთ დარგის უცხოელი სპეციალისტები და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით სწორი შეფასებები გავუკეთოთ, რაც დაინტერესებულ კომპანიებს დაეხმარებათ როგორც ბიზნესის განვითარებასა და მართვაში, ასევე ინვესტორების მოძიებაში, რაც უკვე ბაზარს საკმაოდ სტაბილურს და სანდოს გახდის საინვესტიციო თვალსაზრისით“, - აღნიშნა „უნისონის“ არასიცოცხლის დაზღვევის ანდერაიტინგისა და გადაზღვევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ურიათმყოფელმა.

სადაზღვევო საბროკერო კომპანიის Acton-ის დირექტორი გიორგი კანკია აცხადებს, რომ კომპანია სექტორს მათზე მორგებულ პროდუქტს სთავაზობს. 

„Acton-ი სადაზღვევო საბროკერო ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს, როგორც ქონების დაზღვევის ასევე ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით. GREDA-სთან ურთიერთობა გადავწყვიტეთ იმ კუთხით, რომ განახლებადი ენერგიის სექტორის მოთამაშეებისთვის შეგვეთავაზებინა მათ ბიზნესზე მორგებული პროდუქტი, რადგან ეს სეგმენტი რისკებს შეიცავს და ცოტა რთული დასაზღვევია. ამასთან, ინდივიდუალურ შესწავლას მოითხოვს ამ რისკების გადაზღვევა და ერთობლიობაში GREDA-ს მეშვეობით ყველა ამ სუბიექტს შევეხოთ, შევთავაზოთ მათზე მორგებული პროდუქტი, რომ უფრო მშვიდად აკეთონ თავიანთი ბიზნესი“, - განაცხადა სადაზღვევო საბროკერო კომპანია Acton-ის დირექტორმა გიორგი კანკიამ. 

მსგავსი პერიოდული შეხვედრების საშუალებით, GREDA მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეების ერთობლივი პლატფორმის შექმნას, რათა განიხილონ მნისვნელოვანი საკითხები, გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და გამოიკვლიონ მაქსიმალური შესაძლებლობები სექტორის წინსვლისთვის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები