დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გუდაურში, ვარცლას მთაზე, სავარძლის ტიპის ორი ახალი საბაგირო გზა მოეწყობა

გუდაურში, ვარცლას მთაზე, სავარძლის ტიპის ორი ახალი საბაგირო გზა მოეწყობა

2023-07-26 12:00:52

კომპანია M.T.A. 2023 - 2024 წლების სათხილამურო სეზონის მოსამზადებელი ღონისძიებების ფარგლებში კურორტ გუდაურში ვარცლას მთაზე, სავარძლის ტიპის ორი ახალი საბაგირო გზის მშენებლობას გეგმავს.

შპს „ემ თი ეი“-მ საბაგირო გზის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ყველა სახის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს და მომსახურებას გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძენს.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ახალ გუდაურში დღეს ფუნქციონერებს მხოლოდ ერთი გონდოლას ტიპის საბაგირო გზა, რომელიც ყოველწლიურად გაზრდილ ვიზიტორთა პირობებში ვეღარ ახერხებს მგზავრთა ნაკადის განტვირთვას.

ამიტომ დღის წესრიგში დადგა ორი ახალი საბაგირო გზის მშენებლობა. ახალი საბარგოების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა პირდაპირპროპორციულად აისახება გუდაურში არსებული სუბიექტების (ადგილობრივი მოსახლეობა, მცირე და საშუალო ბიზნესი, ინვესტორები), კომპანიისა და სახელმწიფოს შემოსავლებზე. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმის განვითარებაა, დამსვენებლებისთვის საუკეთესო ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების უზრუნველყოფა. შესაბამისად, კომპანიის მიზანია, ვიზიტორებს შესთავაზოს ვარცლას მთაზე შეუფერხებლად ასვლა საბაგიროების საშუალებით.

„სპორტული ტურიზმის განვითარება განსაზღვრულია ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად, დასტურად, საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს (ბაკურიანი 2023), ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის და სპორტის მიმართულებით. წარმატებულად ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება საქართველოსადმი, სწორედ ამიტომ FIS-ის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო კონკრეტულად კი, გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვედრილიყო, წამყვან ქვეყნებს შორის და ახლა უკვე პირველად გუდაურში ჩატარდება საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპი, სნოუბორდ ქროსში, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ დადასტურებულად ყოველწლიურ სპორტულ კალენდარში ჩასვა. აღნიშნული ფაქტი უმნიშვნელოვანესია, როგორც ზამთრის კურორტებისა და სპორტის განვითარებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის.

განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებას, ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და კონკურენტული და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას გუდაურში.

გარდა ამისა, ვარცლას მთაზე სავარძლის ტიპის 2 (ორი) ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გაამრავალფეროვნებს კურორტ გუდაურში სერვისებს, რაც ხელს შეუწყობს კურორტის სწრაფ განვითარებას, არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და შესაბამისად, კურორტის პოპულარობის გაზრდას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც დადებითად აისახება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობასა და საერთაშორისო დონეზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე. ზემოთ მითითებულის გათვალისწინებით, კომპანიის მიზანია, საქართველოში არსებულმა სამთო-სათხილამურო კურორტებმა გაიუმჯობესონ მართვის დონე და მიაღწიონ საერთაშორისო სტანდარტებს უსაფრთხოებისა და მომსახურების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს სათანადო გამოცდილების მიღებას, ვიზიტორებისთვის სასიამოვნო და ხელსაყრელი გარემოს შექმნას და მათი ნდობის გაზრდას. კურორტ გუდაურში ახალი, თანამედროვე მაღალი სტანდარტებისა და გამტარუნარიანობის საბაგირო გზებისა და სასრიალო ტრასების მოწყობა პირდაპირპროპორციულად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ინვესტორების, კომპანიისა და სახელმწიფოს შემოსავლებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიზიტორთა მზარდი ოდენობის და საერთაშორისო ღონისძიებების ხელშეწყობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ახალ გუდაურში მოეწყოს სავარძლის ტიპის საბაგირო გზები. კომპანიის მიერ, შემუშავდა ტექნიკური დავალება და განისაზღვრა ის კრიტერიუმები და მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს 2  საბაგირო გზის მოწყობა დაახლოებით 1249 და 1369 მეტრი სიგრძის, რომელიც დაიწყება ახალი გუდაურიდან და დასრულდება კუდების წინა ფერდზე, 6 ადგილიანი ფარიანი („ბაბლიანი“) საბაგიროებით, გამტარუნარიანობით არანაკლებ 1800 კაცი საათში“, - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

2023 წლის 13 ივნისს კომპანიამ, ტექნიკური დავალების შესაბამისად, გამოაცხადა ბაზრის კვლევა, რომელიც გაეგზავნა საბაგიროს მწარმოებელ წამყვან კომპანიებს. იტალიურ კომპანია “Leitner-ს, ფრანგულ კომპანია „Poma”-ს, შვეიცარიულ კომპანია “Bartholet”-სა და ავსტრიულ კომპანია „Doppelmayr”-ს. აღნიშნული კომპანიებიდან პროექტის განხორციელებაზე წინადადება წარმოადგინა ავსტრიულმა კომპანია „Doppelmayr“-მა კომპანია - შპს „დოპელმაიერ საუს კაუკაზუსთან“ ერთად.

შესაბამისად, შპს „ემ თი ეი“ გეგმავს სწორედ ამ მიმწოდებლებისგან განახორციელოს კურორტ გუდაურში 2 ახალი საბაგიროს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვას.

კომპანიების მიერ მოწოდებულ იქნა ფასი, რომლის მიხედვითაც, ორი საბაგირო კომპლექსის სრული საპროექტო და სამშენებლო ღირებულება შეადგენს, იმპორტირებულ პროდუქტზე - 14.435.00,00 ევროს და ადგილობრივ სამშენებლო/სამონტაჟო ნაწილზე - 24.571.700,00 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).

პროექტის ჯამური ღირებულება ლარში, საპროგნოზო 2,9 ევროს კურსის მიხედვით, შეადგენს 66.433.200,00 ლარს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

21 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები