დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
INTIME GROUP-ის ტოპ-მენეჯმენტთან შეხვედრისას, გაჩნდა ახალი შესაძლებლობა, რომ ქართული ბრენდები ჩინეთის მარკეტზე მოხვდნენ - EEAG FUND-ის ვიცე-პრეზიდენტი

INTIME GROUP-ის ტოპ-მენეჯმენტთან შეხვედრისას, გაჩნდა ახალი შესაძლებლობა, რომ ქართული ბრენდები ჩინეთის მარკეტზე მოხვდნენ - EEAG FUND-ის ვიცე-პრეზიდენტი

2024-03-20 19:00:00

მიმდინარე წლის 15 მარტს, ფინეთში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ევროპის, აღმოსავლეთ აზიის და სპარსეთის ყურის პირდაპირი ინვესტიციების განვითარების ფონდსა (EEAG FUND) და ჩინურ INTIME GROUP-ს შორის, მხარეებმა ისაუბრეს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, კერძოდ საუბარია შესაძლებლობაზე, რომ პრემიუმ ბრენდების მაღაზიათა ქსელების მფლობელმა გიგანტმა ჩინურმა კორპორაციამ თანამშრომლობა დაიწყოს ქართველ მწარმოებლებთან და გაჩნდა უნიკალური შესაძლებლობა ქართული ბრენდები მოხვდნენ ჩინეთის მარკეტზე.

როგორც Business Insider Georgia-თან EEAG FUND-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა კოხტაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ჯგუფის ტოპ-მენეჯმენტთან შეხვედრა ჰელსინკში შედგა, როდესაც INTIME GROUP-ის წარმომადგენლები ფინელ პოტენციურ პარტნიორებთან მართავდნენ შეხვედრებს. ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით INTIME GROUP-ის მფლობელობაშია ჩინეთში მდებარე 100-ზე მეტი ელიტარული სავაჭრო ცენტრი და საცალო ქსელის სხვა პრემიუმ ბრენდების მაღაზიები.

„აღსანიშნია, რომ კომპანიის აქციების უდიდეს წილს ფლობს Alibaba Group-ი. ჩვენ აღნიშნულ კონფერენციას სპეციალური სტუმრის სტატუსით ვესწრებოდით, სადაც საქართველო წარვადგინეთ, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ჰაბი. ჩავატარეთ პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო, ტურისტული, ლოჯისტიკური და უძრავი ქონებაში ინვესტირების შესაძლებლობების შესახებ.

ქართული კუთხის სტენდზე წარმოდგენილი გვქონდა ქართული ღვინო. სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული პრემიუმ ხარისხის თაფლის მწარმოებელი კომპანია „ლამარიას“ თაფლი. ასევე გაეცნენ ჩანთების მწარმოებელი ქართული ბრენდის „გეფერინის“ ისტორიას, რომელიც უკვე წარმატებულად ოპერირებს ჩინურ ბაზარზე. აღნიშნულ შეხვედრაზე ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შევთავაზეთ, საქართველოში ვიზიტი, რომ ადგილზე გაეცნონ ქართულ ბრენდებს და ადგილობრივ საინვესტიციო გარემოს. ჩინური მხარის მხრიდან ჩვენ შემოთავაზებას საქართველოში ვიზიტის თაობაზე, დადებითი რეაქცია მოჰყვა, შესაბამისდ გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან გაიჟღერა საქართველოში სავარაუდო ვიზიტთან მიმართებაში, თუმცა, ამ ეტაპზე შეხვედრის ამ ნაწილის შესახებ უფრო მეტ დეტალს ვერ გავამხელ.

გეტყვით, რომ ჰელსინკში გამართულ კონფერენციას ჩინური კომპანიის ტოპ მენეჯმენტის 60 თანამშრომელი ესწრებოდა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებზე არიან პასუხისმგებელნი. ფინურმა კომპანიების ბრენდებმა მოწონება დაიმსახურეს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ბრენდები მალე INTIME GROUP-ის სავაჭრო ობიექტებში გამოჩნდებიან, - აღნიშნა პაპუნა კოხტაშვილმა.

„INTIME GROUP-თან თანამშრომლობა პოტენციურად ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქტები, როგორიც არის თაფლი, ღვინო და მსგავსი ხარისხით გამორჩეული პროდუქტები მოხვდეს ჩინური კომპანიის გაყიდვების ობიექტებში, ან თუნდაც მრავალმილიონიანი უნიკალური მომხმარებლის სასაჩუქრე კალათაში. როგორც შევიტყვეთ მსგავსი ტიპის აქტივობები ჩინურ კომპანიას მუდმივად აქვს, მთელი წლის განმავლობაში“ - აღნიშნა ქართული თაფლის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია „ლამარიას“ დირექტორმა ლევან ბიგვავამ.

EEAG FUND ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა კოხტაშვილი ფიქრობს, რომ INTIME GROUP-ის წარმომადგენლების საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, ქართული კომპანიების ბრენდებს, რომლებიც ორიენტირებული არიან უმაღლესი ხარისხის საკვების, სასმლის ექსკლუზიური მოდური ტანსაცმლის, აქსესუარების და საიუველირო ნაწარმის შექმნაზე, მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა INTIME GROUP-ს ტოპ მენეჯმენტის წინაშე გამართონ მათი ნაწარმის პრეზენტაციები, რაც შეიძლება იყოს უმოკლესი გზა, რომ მათი ნაწარმი მოხდეს ჩინეთის ბაზარზე. ჩინეთს და საქართველოს შორის უკვე არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რაც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობას წარმოადგენს.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ INTIME GROUP-ი ჩინეთში პრემიუმ ბრენდებით პოზიციონირებას, ისინი არიან ერთგვარად სტრატეგიის განმსაზღვრელები, თუ როგორ უნდა მივიდეს პრემიუმ ბრენდები ჩინურ მომხმარებლებთან, - აცხადებს პაპუნა კოხტაშვილი. აღსანიშნავია, რომ INTIME GROUP განთქმულია მაღალი შემოსავლების მქონე სეგმენტზე ორიენტირებული ლაქშერი ბრენდებით დაკომპლექტებული სარეალიზაციო ობიექტებით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები