დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ივა ფეზუაშვილი საყვარელ საკითხავზე

ივა ფეზუაშვილი საყვარელ საკითხავზე

2024-04-06 13:32:00

გიზიარებთ ბლოგს:  თანამედროვე ქართველი მწერალი ივა ფეზუაშვილი, რომელიც არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი მოთხრობების კრებულისა და რომანების ავტორია, თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წიგნების შესახებ გვიყვება:

წიგნი, რომელმაც კითხვა შემაყვარა

განვითარებულმა მსოფლიომ ოთხმოცდაათიანები რომ ოთხმოცდაცხრამეტის ბოლოს დაასრულა, ჩვენ ხომ, ჩვენი ბედის უკუღმართობით თუ სხვა მილიონი მიზეზით, სადღაც ორიათასიანი წლების შუამდე ისევ მაგ ბნელ დროებაში ჩავრჩით და დროება მარტო მეტაფორულად კი არა პირდაპირი გაგებითაც ხომ ბნელი იყო და კი, ასე სიმბოლურად ტელევიზორებიც გვქონდა და ტელევიზიებიც, “დენდიც” “სეგაც” და “ფლეისთეიშენიც” მაგრამ ელექტრო ენერგია არ გვქონდა რომ გვეთამაშა და კომპიუტერი რომ გაქვს და რომ ვერ თამაშობ — ეგ ხომ არ ქონის კაეშანივით სევდიანია. სამაგიეროდ წიგნები გვქონდა სულ, სულ და ყოველთვის. წიგნები — საბჭოთა კავშირის ხანაში ნაყიდი და თაროზე უპრეტენზიოდ მივიწყებული. წიგნებს ხომ მზის შუქიც ჰყოფნიდა და თან მითუმეტეს ისეთებს, ჭვავის ყანაში ერთად თამაშს რომ გპირდებოდნენ…

უშუქობის მოწყენილობაში გადავშალე სელინჯერი პირველად. გადავშალე და ღმერთო, ორი ოკეანეს იქით გამოგონილ და ჩემზე უფროს ჰოლდენ კოლფილდთან იმდენი საერთო ვიპოვე, რამდენიც არც-ერთ რეალურ მეგობართან არ მქონია… ეგაა წიგნები.

წიგნი, რომლის ავტორობასაც სიამოვნებით დავიბრალებდი

“დათვი, სახელად პადინგტონის” ბოლო სიტყვაში მაიკლ ბონდი ასეთ რამეს წერს –

“ეჭვი მეპარება ოდესმე შევხვდეთ ერთმანეთს, მაგრამ არ გამიკვირდება, რომ ეს მართლაც მოხდეს. დარწმუნებული ვარ ქუდსაც მოიხდის, როგორც ზრდილობიან დათვს შეეფერება და, როდესაც ჩვენი გზები გაიყრება, ვინანებ რომ ქუდი არ მეხურა, რათა მომეხადა და მის მიმართ ჩემი პატივისცემა გამომეხატა”

პადინგტონს ჩემ შვილებს ვუკითხავდი და წიგნის ბოლოს ეს წინადადება ისეთ დიდ ბურთად დამადგა ყელზე თუ ისეთ ცხარე ცრემლად მომადგა თვალზე რომ ტირილი ძლივს შევიკავე. საკუთარი წიგნის მთავარი გმირი თუ გიყვარს, ამაზე ნაკლებად არ უნდა გიყვარდეს და თუ არ გიყვარს უპირობოდ უნდა გიყვარდეს, როგორც ცხოვრებაში ისე წიგნში და ისე წერის დროს.

წარმოიდგინე ბონდმა პადინგტონთან ერთად დეკადები იცხოვრა, წარმოიდგინე ამ დროის განმავლობაში რამდენი კონფლიქტი და დავიდარაბა გაიარეს და წარმოიდგინე, აი წარმოიდგინე როგორ უყვარს, როგორ დიდ პატივს სცემს და როგორ უჭირს რომ დაემშვიდობოს…

ასე რომ,  სიამოვნებით ვიქნებოდი ყველაზე ზრდილობიანი და ხათაბალებში გახვევის მოყვარული დათვის შესახებ დაწერილი წიგნების ავტორი. სიამოვნებით ვისწავლიდი ეგეთ, უპირობო სიყვარულს როგორითაც მაიკლ ბონდს პადინგტონი უყვარს.

წიგნები, რომელსაც ვურჩევდი ყველას, ვისაც თანამედროვე ქართული ლიტერატურა ჯერ არ შეჰყვარებია

თანამედროვე ქართული ლიტერატურა ჩემთვის აკა მორჩილაძეთი იწყება. “გადაფრენა მადათოვზე და უკან” “ობოლე” და “Made in Tiflis” ის წიგნებია სტუდენტობიდან აქამდე რომ მომყვებიან. ბესიკ ხარანაულის “ამბა ბესარიონი” სულ სხვა და ძალიან დიდი სიყვარულია, მახსოვს რომელიღაც ლიტერატურული საიტიდან გადმოვაკოპირე და ეგრევე Kindl-ში ჩავაგდე… დღემდე მაქვს და სულ მექნება, დაახლოებით მაგ პერიოდისაა ზაირა არსენიშვილის “ვაჰ, სოფელო” სამწუხაროდ თავის დროს ჩაკარგული მაგრამ მკითხველისგან თავიდან აღმოჩენილი… გინდა არ გინდა ეს ფაქტი რაღაცნაირად თან გამშვიდებს და თან გასევდიანებს. კარგი წიგნები არ იკარგებიან, ავტორები — კი. რას ვიზამთ, კარგი წიგნი მწერალზე დიდ ხანს ცოცხლობს.

თუ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში შებიჯებაზე ვლაპარაკობთ, არჩილ ქიქოძის “სამხრეთული სპილო” იქნებოდა იდეალური  პირველი ნაბიჯი — ჩვენი დროის დრამა, ჩვენი დროის მთავარი გმირით, რომელმაც ცხოვრებას სულ ერთადერთხელ მოუხუჭა თვალი და ისიც იმიტომ რომ ეგეც ცხოვრებამ ასწავლა და აი ის რაც თვალის ერთ დახამხამებაში მოხდა, დარჩენილ ცხოვრებაში აღარც კლავს და აღარც ასვენებს. “სამხრეთული სპილო” სინდისის წიგნია, არა მხოლოდ მთავარი გმირების, არამედ ქალაქის, ქვეყნის და იმ დროებების ამ ქალაქმა და ქვეყანამ რომ ნახა და ვერაფრით გადააგორა.

თუ პატარა და მოქნილ წიგნს ეძებ თამთა მელაშვილის “გათვლა” აიღე ხელში. წაიკითხე, დაფიქრდი, ამოისუნთქე, როგორმე გამოდი ემოციებიდან და ახლა კიდევ ერთხელ გადაიკითხე, ოღონდ ამჯერად წინადადებებს შორის დამალული, ბავშვობის დროინდელი გათვლების რიტმის დაჭერა სცადე. მეორე ჯერზე ხომ სულ სხვანაირად იკითხება არა? ეგაა კარგი წიგნი, ყოველ ახალ წაკითხვაზე უკეთესდება.

Gen Z-ს ზურა ჯიშკარიანის “საღეჭი განთიადებით” დაწყებას ვურჩევდი, არც-ერთ სხვა ქართულ წიგნში არ შემხვედრია კიბერ-პანკის, სოციალური რეალიზმის და დოკუმენტური პროზის ასეთი ქაოსური თუ რადიკალური თუ ქაოსურად რადიკალური ასინთეზი. ოღონდ ამ შემთხვევაში ქაოსიც, რადიკალიზმიც და ასინთეზიც ქების სიტყვებია. რატომ? გადაშალე და მიხვდები.

მუსიკის, განსაკუთრებით ჯაზის და განსაკუთრებით კიტ ჯარეტის მოყვარულებმა ზაზა ბურჭულაძის “ჩემი სიმღერა (რომანსი)” არ გამოტოვოთ. ეს არ არის წიგნი მხოლოდ მუსიკაზე, ან მხოლოდ ჯაზზე და არც მხოლოდ კიტ ჯარეტზეა და თუ მაინც არის, მხოლოდ იმდენად რამდენადაც ეს წიგნი ზაზაზეცაა და თითქოს წარმოუდგენელია ამ ორის ამბავი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოჰყვე და თითქოს წარმოუდგენელია კიოლნის კონცერტზე საუბრისას, თბილისის ამბები არ გამოურიო შიგნით ან ოთხმოცდაათიანი წლების ის შემზარავი ნატურმორტები, საუნდტრეკად რომ ჯარეტისავე კვნესა ადევს. 

ბოლოს წაკითხული წიგნი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე

რიჩარდ იეიტსის მოთხრობების კრებული “Eleven Kind of loneliness”. იეტსიც იმ მწერლებიდანაა სიცოცხლეში რომ დიდად ვერ დაფასდნენ და მერე და მერე რომ აღმოაჩინეს. ეს ძალიან საინტერესო წარსულის კაცია, ჟურნალისტობით დაწყებული, რობერტ კენედის ტექსტების გოსთვრაითერობით დამთავრებული ყველაფერი აქვს ცხოვრებაში გაკეთებული და მარტოსულობაზე და მის თერთმეტ სახეზე თუ ვინმეს სიტყვა ეთქმოდა, იეიტსი ნამდვილად ერთ-ერთი იყო.

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ყველაზე ხშირად ვურჩევ სხვებს

გიორგი გასპადინოვის “Time Shelter” ფანტასტიკური წიგნი — დროზე, დროის დავიწყებასა და ვერ დავიწყებაზე, დროისგან გაცლაზე და დროში ჩარჩენაზე, დროზე როგორც სიმართლეზე და დროზე როგორც უდიდეს ტყუილზე. აწმყოზე რომელიც გაყალბებული წარსულის კარნახითაა დაწერილი.

გასპადინოვი პირველი ბულგარელი მწერალია რომელმაც საერთაშორისო ბუკერის პრემია მიიღო.

ქვეყანა, რომლის ლიტერატურაც ყველაზე მეტად მიყვარს

რა ვქნა, არ ვარ კლასიკის დიდი მოყვარული. ვაფასებ. პატივს ვცემ, მაგრამ არა რა, არაა ჩემი. მე მეოცე საუკუნის პროზისკენ ვარ. მეოცე საუკუნის პროზა კი ამერიკაა. თავს ზემოთ ძალა არაა. მწერლების სიას რომელიც ფოლკნერით შეგიძლია დაიწყო, წინ ვერაფერი დაუდგება და თან მითუმეტეს თუ ჰემინგუეით, სტეინბეკით, სელინჯერით, ფილიპ როთით და რიჩარდ იეიტსით აგრძელებ და თუ მაინც კიდევ რამით უნდა გავამყარო ეს არგუმენტი მაშინ ვოლტ ვიტმენს, ალან პოს და მარკ ტვენს მოვიშველიებ და თუ შედარებით თანამედროვე მწერლებიც უნდა ვახსენოთ, მაშინ პოლ ოსტერი, დონ დელილო და ფოსტერ ვოლასიც ვთქვათ და აი ახლა ეს აბზაცი რომ ჩავიკითხე, მივხვდი რომ ბიტნიკები საერთოდ დამავიწყდნენ და აი მაგათაც თუ ჩავსვამთ  სიაში, ოლ სტარიც შეიკვრება.

იდეათეკა საქართველოს ბანკის გამორჩეული საგანმანათლებლო პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონების ათეულობით სკოლაში მულტიფუნქციური სივრცეები ეწყობა და ასე იქმნება განათლების შესაძლებლობები მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება - მოსწავლეებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებთან ერთად, იდეათეკა, პირველ რიგში, აღჭურვილია ლიტერატურული საკითხავის მრავალფეროვანი არჩევანით. წიგნები იდეათეკიდან კი ჩვენი ბლოგების სერიაა, სადაც ლიტერატურის ყველაზე დიდი ქომაგები ნებისმიერი ასაკის მკითხველს საყვარელი წიგნების შესახებ უყვებიან.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები