დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს საქართველოს რკინიგზით გადაზიდული სატრანზიტო ტვირთების 47.4% რუსული იყო

2023 წელს საქართველოს რკინიგზით გადაზიდული სატრანზიტო ტვირთების 47.4% რუსული იყო

2024-03-01 13:29:00

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 8.2 პროცენტით ნაკლები, სულ 13.6 მლნ. ტონა ტვირთი.

აღნიშნული მოცულობის 12.0 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 31.1 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 56.9 პროცენტი - ტრანზიტზე. 

2023 წელს საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 27.4 პროცენტი მოდის ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე, 72.6 პროცენტი კი - ქვეყანაში შემოტანილზე.

2023 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 47.4 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 26.5 პროცენტის გამომგზავნს - აზერბაიჯანი, 3.4 პროცენტისას - თურქმენეთი, 3.2 პროცენტისას - რუმინეთი, 2.8 პროცენტისას - ბულგარეთი, 2.3 პროცენტისას - თურქეთი, 1.3 პროცენტისას - ბელარუსი, 1.2 პროცენტი კი გამოგზავნილი იყო ჩინეთის2 მიერ. 2023 წელს რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 12.0 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენდა, 10.8 პროცენტის დანიშნულების ქვეყანა იყო სომხეთი, 9.5 პროცენტის დანიშნულების ქვეყანა იყო რუსეთის ფედერაცია, ხოლო 4.5 პროცენტისა - აზერბაიჯანი. 2023 წელს ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყანის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 11.3 პროცენტი - თურქეთი, 8.8 პროცენტი - ნიდერლანდები, 6.2 პროცენტი - იტალია, 5.2 პროცენტი - ჩინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 6.1 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 5.7 პროცენტისას - ყაზახეთი, 2.4 პროცენტისას - ჩინეთი, 2.0 პროცენტისას - თურქეთი, ხოლო 1.7 პროცენტის გამომგზავნი იყო აშშ.

საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 28.9 პროცენტი მოდიოდა ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 28.5 პროცენტი - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.7 პროცენტი - საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.

2023 წელს სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 65.5 პროცენტი ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდიოდა, 11.0 პროცენტი - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 10.2 პროცენტი - სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (44.3 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (23.3 პროცენტი) და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (8.3 პროცენტი); ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (49.2 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (23.0 პროცენტი), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (10.8 პროცენტი) და სოფლის მეურნეობის პროდუქტები (4.8 პროცენტი). 2023 წელს ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 73.4 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (30.0 პროცენტი), ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (26.3 პროცენტი) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (17.1 პროცენტი).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები