დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მიზანია, სასტუმრო-კომპლექსი ოთხივე სეზონზე იყოს მიმზიდველი - „ქვევრები“

ჩვენი მიზანია, სასტუმრო-კომპლექსი ოთხივე სეზონზე იყოს მიმზიდველი - „ქვევრები“

2024-05-16 16:00:00

კახეთში, სოფელ შალაურში მდებარე განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო კომპლექსი „ქვევრები“ გაფართოებას გეგმავს და ამ თანხების მოზიდვაზე მოლაპარაკებებს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან მართავს.

კომპანია „ქვევრების“ მენეჯმენტის მიზანია, რომ სასტუმრო 4 სეზონიანი გახადოს, რისთვისაც კომპლექს საწყის ეტაპზე შიდა აუზი და დიდი საკონფერენციო დარბაზი ესაჭიროება.

როგორც Business Insider Georgia-სთან „ქვევრების“ თანადამფუძნებელმა ირაკლი ნადარაიამ განაცხადა, აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად კომპანიას 1-1,2 მლნ ლარი ესაჭიროება.

„სამწუხაროდ დახურული აუზი არ გაქვს და გვაქვს მხოლოდ გარე აუზი და შესაბამისად ზამთრის პერიოდში გვაქვს ჩავარდნა. მხოლოდ ღამისთევა ხომ არ არის, არ გაქვს გასართობი მიმართულება, რომ სტუმარი 3-4 ღამით დავიტოვოთ.

თანხების მოძიებაზე მოლაპარაკებები სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან მიდის. ისედაც დიდი სასესხო ვალდებულებები გაქვს აღებული და შესაბამისად შემოსავლებმა თუ ვერ უზრუნველყო შესაბამისი დანამატი ბანკები ჯერჯერობით უარს აცხადებენ დამატებითი სესხის გაცემაზე“, - აღნიშნა ირაკლი ნადარაიამ.

დღეს სასტუმრო „ქვევრები“ აერთიანებს მეღვინეობის მარადიულ ხიბლს  ქვევრს და თანამედროვე კომფორტს. სასტუმროში მდებარე რესტორანი ამფორა უგემრიელეს ქართულ, ევროპულ კერძებსა და  ქართული ღვინის ფართო არჩევანს გთავაზობთ.

„ჯავშნები შემოდის როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ვიზიტორებისგან, თუმცა ჯავშნების 60-65%-ი მაინც ადგილობრივებზე მოდის.

რაც შეეხება რესტორანს, აქტიურად მუშაობს. ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან, რათა სხვადასხვა ტურებისას ტურისტები ჩვენს რესტორანში მოიყვანონ. ასეთ დროს სხვა სატარიფო მიდგომაა და მოგების მარჟა მაღალი არ არის, მაგრამ ჩვენ ცნობადობის გაზრდის მიზნით გვიღირს“, - აღნიშნა ირაკლი ნადარაიამ.

„ქვევრების“ თანადამფუძნებლის თქმით, უცხოური ჯავშნების შემოდის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, რუსეთიდან სხვა სხვა. რაც შეეხება ევროპიდან ჯავშნებს სასტუმროს მაგალითზე ამ დროისათვის ძალიან ცოტაა.

„თავიდან მოთხოვნა სასტუმროს შენობაში ღამისთევაზე იყო, თუმცა ბოლო პერიოდში მოთხოვნადი უკვე ქვევრში ღამის თევა გახდა. რეალურად პირველი ჯერ მაინც ქვევრები იჯავშნება.

ერთ ქვევრში 2 სტუმრის მიღება შესაძლებელი და სულ 20 ქვევრი გაქვს, ხოლო სასტუმროს შენობაში 17 სასტუმრო ოთახია“,- აღნიშნა „ქვევრების“ თანადამფუძნებელმა.

ირკვევა, რომ სასტუმრო „ქვევრები“ სექტემბრის განმავლობაში 70%-ით უკვე დაჯავშნილია, რომელთა უმეტესობა კორპორაციული ჯავშნებია. სასტუმრო კომპლექსი მოთხოვნადია ქორწილების მიმართულებითაც.

როგორც სასტუმროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასტუმრო „ქვევრებში“ ნახავთ, გემოვნებით გაფორმებულ ინტერიერს, რომელიც ასხივებს თანამედროვე ელეგანტურობას და ხიბლს.

„თითოეული ქვევრის ოთახი, ისევე როგორც მთავარი შენობა, გთავაზობთ ყველა იმ კომფორტს, რასაც პრემიუმ კლასის სასტუმროსგან ელით, ოთახებს კავკასიონის მთებისა და ვენახების მომხიბლავი ხედებით.

სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე დაგხვდებათ ღია საცურაო აუზი, აუზის ლაუნჯი,  რესტორანი, ბარი და საკონფერენციო დარბაზი“, - აღნიშნულია სასტუმროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები