დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გახდი საიდუმლო სანტა” - პროექტი, სოციალურად დაუცველ ბავშვებს საახალწლო სურვილებს უსრულებს

„გახდი საიდუმლო სანტა” - პროექტი, სოციალურად დაუცველ ბავშვებს საახალწლო სურვილებს უსრულებს

05-12-2023 19:00:43

ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის ორგანიზებით, უკვე მერვე წელია პროექტი ,,გახდი საიდუმლო სანტა” სოციალურად დაუცველ ბავშვებს საახალწლო სურვილებს უსრულებს.

ბავშვების ნატვრების ასასრულებლად პროექტის ორგანიზატორებს საზოგადოების, ძირითადად რიგითი მოქალაქეების მხრიდან, მაღალი მხარდაჭერა აქვთ.

როგორც ,,გახდი საიდუმლო სანტას" ორგანიზატორი ანანო ქომეთიანი Business Insider Georgia- თან ამბობს, წერილების სურვილების  90 %  გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში სრულდება.

,,ჩვენ ხიდი ვართ კეთილ ადამიანებსა და იმ ბავშვებს შორის, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. მიხარია, რომ იმ საზოგადოების ნაწილი ვარ, რომელთა დამსახურებითაც, სურვილების 90 % გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში სრულდება. წელს უპრეცედენტო ჩართულობაა, გვთხოვენ ახალი წერილების დამატებას, რაც ძალიან გვახარებს, ჩვენი წრეც ფართოვდება, შესაბამისად, მეტი ბავშვი შეხვდება ახალ წელს საჩუქრითა და გაბრწყინებული თვალებით.

ყოველწლიურად 400-მდე ჯადოსნური სანტას მომლოდინე ბავშვის წერილებს ვაქვეყნებთ ჩვენს ,,ფეისბუქ" გვერდზე, სანტა არც ერთს ტოვებს უსაჩუქროდ, ჩვენ კი თითოეული მათგანისგან მიღებული პოზიტიური ენერგია მიგვყვება მთელი წლის განმავლობაში", - აცხადებს ანანო ქომეთიანი.

პროექტი აერთიანებს თბილისს, ტყიბულს, სამეგრელოს (მოიცავს ზუგდიდს, წალენჯიხას, ჩხოროწყუს) და სხვა. 
იდუმალ სანტას ბავშვები წერილებს უგზავნიან ოკუპირებული რეგიონებიდანაც -  როგორც გორის დეფაქტო საზღვრისპირა სოფლიდან, ასევე აფხაზეთიდან. შეგროვილი საჩუქრები ჯადოსნური ხურჯინით ადრესატებთან მიაქვს პროექტის ორგანიზატორს, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდანაა.

რაც შეეხება სურვილების შემსრულებლებს, როგორც ანანო ქომეთიანი ამბობს, ამ კეთილ საქმეში ჩართული არიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ბიზნესი.

,,სურვილების ასრულებაში ძირითადად კეთილი ადამიანები გვეხმარებიან. ისინი ხდებიან ერთი ან რამდენიმე ბავშვის სანტა. რაც შეეხება ბიზნეს სექტორს, ყოველწლიურად ერთვებიან პროექტში, თუმცა მცირე რაოდენობით, ამიტომ კარგი იქნება მათი ჩართულობა თუ გაიზრდება,  რათა უფრო მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვის დახმარება შევძლოთ და არ დავტოვოთ საახალწლო საჩუქრის გარეშე. აღსანიშნავია, ესპანური სტარტაპი „გლოვოს“ ჩართულობა, რომელიც საჩუქრების შეგროვების პროცესში სრულიად უსასყიდლოდ გვეხმარება. ასევე, ერთ-ერთი კაფეს ინიციატივით, წერილების ნაწილი მათ სივრცეში განვათავსეთ.

გასულ წელს, გვქონდა ღონისძიება, ბავშვები „ექსპო ჯორჯიაში“ შევკრიბეთ, მოსულ პატარებს შევთავაზეთ გასართობი და განმავითარებელი თამაშები,გავუმასპინძლდით საკვებით (ღონისძიების ორგანიზებაში დაგვეხმარა მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები).

წელს ასევე ვგეგმავთ, დღის ცენტრებში მივიდეთ,  დავურიგოთ ბავშვებს საჩუქრებთან ერთად სურსათი, ყოველდღიური გამოყენების ნივთები, გავუხალისოთ დღე  და ძალიან კარგი იქნება თუ ბიზნესისგან ამ ნაწილში მხარდაჭერას მივიღებთ", - ამბობს ანანო ქომეთიანი.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველი ბავშვების საახალწლო სურვილებს, ეს სია უმეტესწილად ყოფითი საჭიროებებიდანაა. ითხოვენ თბილ ქურთუკს, ფეხსაცმელს, და-ძმისთვის ტკბილეულს, ზოგი წერს, რომ ხატვა უყვარს და სახატავი ნივთები არ აქვს, ზოგს ფეხბურთელობა უნდა და ბურთია მისი ოცნება!

,,წელს ძალიან აქტიურია ჩვენი გვერდი, კეთილი ადამიანებისგან არ წყდება შეტყობინებები. გვყავს სანტები, რომლებიც ყოველ წელს წერილების დადებას სულმოუთმენლად ელოდებიან, ასევე, არიან ემიგრანტები, რომლებიც ირჩევენ კონკრეტულ წერილს, თანხას გვირიცხავენ და ჩვენ ვყიდულობთ საჩუქრებს, ზოგი რეგიონიდან გვიგზავნის საჩუქარს, წელს ერთი ასეთი ფაქტიც დაფიქსირდა, ერთ-ერთი კლინიკის ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების ექიმები გაერთიანდნენ და ასრულებენ რამდენიმე ბავშვის სურვილს, ასეთი ადამიანი უამრავია ჩვენს გარშემო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ.

ტრადიციულად, წერილებს 1-ელ დეკემბერს ვაქვეყნებთ-ხოლმე, წელსაც ასე მოვიქეცით, ატვირთვიდან რამდენიმე საათში ყველას გამოუჩნდა სანტა. ეს ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნო პროცესია , როცა ამდენი ადამიანი გამოხატავს ინიციატივას გაახარონ ბავშვები", - აცხადებს პროექტის ორგანიზატორი.

ამდენად, სანტას როლის მორგება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამისათვის საკმარისია, ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის ფეისბუქ გვერდზე განთავსებული წერილის ქვეშ დაწერონ -„მე გავხდები (ბავშვის სახელი) სანტა“. 
დღეის მდგომარეობით, უკვე 120-მდე ბავშვის წერილია გამოქვეყნებული.

როგორც ანანო ქომეთიანი აღნიშნავს, ელოდებიან 150-მდე წერილი მიღებას, რომელიც ეტაპობრივად განთავსდება „გახდი საიდუმლო სანტას” ფ/ბ  გვერდზე, პარალელურად  ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით, სამეგრელოში 120-მდე ბავშვი მიიღებს საჩუქარს. 

და ბოლოს, წერილი იდუმალ სანტას  ტყიბულიდან:

,,„გამარჯობა თოვლის ბაბუ! მე ვარ ნინი 11 წლის, ვცხოვრობ ტყიბულში. თოვლის ბაბუ ვიცი რომ ყველა ბავშვის ოცნების ახდენა შეგიძლიათ, ჩემი ოცნებაა მქონდეს დიდი სათამაშო თოჯინა და ჩემი პატარა 1 წლის დაიკოსთვის პამპერსები, ასევე ტკბილეული"
სიყვარულით ნინო

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები