Galt & Taggart მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებს აფასებს
ეკონომიკური ზრდა
2023 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 6.2%-მდე დაჩქარდა, წინა 3 თვის შენელებული ზრდის შემდეგ, რაც ჩვენს მოლოდინთან თანხვედრაშია. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, რაც ასევე თანხვედრაშია ჩვენს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის 6.8%-იან პროგნოზთან. რაც შეეხება 2024 წელს, ჩვენი პროგნოზით რეალური მშპ-ის ზრდა 5.0%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ინფლაცია
წლიური ინფლაცია დაბალ 0.8%-იან დონეზე შენარჩუნდა ოქტომბერში. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ნავთობპროდუქტების ფასები გაიზარდა, თუმცა ამავდროულად, შემცირდა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები და შედეგად, ინფლაციის საერთო დონე უცვლელი დარჩა. ამასთან, ოქტომბერში კვლავ გაგრძელდა ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპის შენელება სექტემბერში დაფიქსირებული 5.3%-დან 4.5%-მდე.
მონეტარული პოლიტიკა
2023 წლის 29 ნოემბერს გაიმართა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა და მიღებული გადაწყვეტილებით უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებით, ადგილობრივ ბაზარს უცხოურ ვალუტაში დამატებითი ლიკვიდობა მიეწოდება, რაც ეკონომიკაზე გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გავლენას გარკვეულწილად შეამსუბუქებს. ჩვენი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ლარის მხარდამჭერია. ამასთან, რეფინანსირების განაკვეთის ტრაექტორიაზე ვინარჩუნებთ ჩვენს წინა პროგნოზს და დეკემბრის ბოლო სხდომაზე ველოდებით სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 9.75%-მდე, ხოლო დამატებით 100 საბაზისო პუნქტით 8.75%-მდე შეამცირებს 2024 წლის ბოლოს.
ლარის გაცვლითი კურსი
2023 წლის ნოემბრის განმავლობაში ლარმა სტაბილურობა შეინარჩუნა. ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. რაც შეეხება ლარი/ევროს წყვილს, 2024 წელს საშუალოდ 3.0-ის ფარგლებში ვპროგნოზირებთ. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვამ 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
იხილეთ ყველა ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური პარამეტრის ფაქტიური და საპროგნოზო მაჩვენებელი 2012-დან 2024 წლის ჩათვლით აქ.
უახლესი
1 საათის წინ
რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა კონცენტრაციისას4 საათის წინ
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ