დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაყიდვების 45%-იანი ზრდა და საერთაშორისო ჯილდოები - „ვოლვო ქარ კავკასიის“ 2023 წლის წარმატება

გაყიდვების 45%-იანი ზრდა და საერთაშორისო ჯილდოები - „ვოლვო ქარ კავკასიის“ 2023 წლის წარმატება

2024-02-11 11:18:00

გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებელი, სრულიად ახალი კონცეფციის შოურუმი, საერთაშორისო ჯილდოები და მასშტაბური გეგმები 2024 წლისთვის - „ვოლვო ქარ კავკასიისთვის“  2023 წელი იმაზე პოზიტიური აღმოჩნდა, ვიდრე კომპანია წლის დასაწყისში პროგნოზირებდა. 45%-ით გაზრდილი გაყიდვები - ეს წარმატებული წლის მხოლოდ ერთი კომპონენტია.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ სტრატეგიულ ბიზნესერთეულში „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ კავკასია“ შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია კავკასიასა და შუა აზიაში. „ვოლვო ქარ კავკასია“ პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. გასული წლის ბოლოს ამ ოთხ ქვეყანას ყაზახეთიც დაემატა, რომლის ათვისებასა და განვითარებაზეც  კომპანია 2024 წელს აქტიურად იმუშავებს.

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „გასული წელი კომპანიისთვის განსაკუთრებით პოზიტიური და არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილების წელი იყო. გავაფართოვეთ ოპერირების გეოგრაფიული არეალი. აზერბაიჯანში ახალ დილერთან ერთად დავიწყეთ მუშაობა, რაც პირდაპირ აისახა გაყიდვების ზრდასა და ბრენდის იმიჯზე. შეიძლება ითქვას, რომ წლის განმავლობაში ყველანაირი გეგმა არა თუ შევასრულეთ, არამედ გადავაჭარბეთ კიდეც“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება Excellence Club-ის ჯილდოა, რომლის მფლობელიც უკვე ზედიზედ მეორე წელია სწორედ „ვოლვო ქარ კავკასიაა“. Excellence Club „ვოლვოს“ სათავო ოფისის ჯილდოა, რომელშიც ვოლვოს 50 ქვეყნის წარმომადგენლობა მონაწილეობს და შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება, მათ შორის: გაყიდვები, ბაზრის წილი, მომსახურება და სხვადასხვა მაჩვენებელი.

კიდევ ერთი აღიარება, რომელიც გასული წლის შედეგებისთვის „ვოლვო ქარ კავკასიამ“  Volvo Cars-ისგან მოიპოვა, Operations leader-ის სტატუსია, რაც ხაზს უსვამს კომპანიის გამორჩეულ დამოკიდებულებას მომხმარებლების მიმართ, რომელიც მხოლოდ მიღებული მომსახურებით არ შემოიფარგლება და განსაკუთრებულ ურთიერთობებში ფორმირდება.

„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვისძრავიანი უახლესი მოდელები. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს ყველაზე გაყიდვადი მოდელი კვლავ XC90-ია, რომელსაც მოჰყვება XC60-და XC40. „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პირველად გაყიდა ელექტრული C40 და XC40-ები, მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ისიც, რომ, ჯამურად, გაყიდული ავტომობილების 25% დამუხტვად ჰიბრიდებზე მოდის.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქართულ ბაზარზე სტაბილურად იზრდება მოთხოვნა სწორედ დამუხტვად ჰიბრიდებზე, აღნიშნული მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 150%-ით გაიზარდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ დამუხტვადი ჰიბრიდი ყველაზე მეტად პასუხობს დღევანდელი ინფრასტრუქტურის მთავარ გამოწვევებს და მაქსიმალურად ერგება ნებისმიერ სიტუაციას.

 

„ვოლვო ქარ საქართველოს“ წარმატებულ წელზე ციფრებიც მეტყველებს, კომპანიამ შეძლო და გაზარდა როგორც შემოსავლები, ისე დასაქმებულთა რაოდენობა. უფრო ზუსტად, გასულ წელს კომპანიის გაყიდვები, ჯამურად, 45%-ით გაიზარდა.