„თეგეტა გრინ პლანეტსა“ და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის შედეგად გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირი მთელი საქართველოს მასშტაბით ხუთი თვის განმავლობაში გაიმართება, რომლის მხარდამჭერი, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა „კლიმატური დაპირებაა“.
მასშტაბური ტურნირის მიზანია, დებატების ტექნიკის გამოყენებით გარემოსდაცვითი თემის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება. შესაბამისად, კომპანიის მხრიდან მნიშვნელოვანია გაეროს მდგრადი განვითარების ისეთი მიზნების შესრულების ხელშეწყობა, როგორებიცაა ხარისხიანი განათლება, მდგრადი მოხმარება და წარმოება, კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები და სხვ. „თეგეტა ჰოლდინგისთვის“, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი CSR სტრატეგიით ხელმძღვანელობს, პრიორიტეტული მიმართულებები სწორედ გარემოსა და განათლებაზე ზრუნვაა.