დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გიას ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური“ მალე აშშ-ში გამოჩნდება - მეწარმე ობიექტის გახსნას მანჰეტენზე გეგმავს

„გიას ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური“ მალე აშშ-ში გამოჩნდება - მეწარმე ობიექტის გახსნას მანჰეტენზე გეგმავს

21-02-2024 18:00:00

ცნობილი ქართული ბრენდი „გიას ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური“ მალე აშშ-ში გამოჩნდება. როგორც Business Insider Georgia-სთან თავად ბრენდის მფლობელმა, ცნობილმა მზარეულმა (შეფმა) გია აგირბამ განაცხადა, სახაჭაპურე „გიას აჭარული ხაჭაპური“ ნიუ იორკის ცენტრში განთავსდება. აშშ-ში ბიზნესის დაწყება მეწარმეს დაახლოებით 495 ათასი დოლარი უჯდება. 

„12 თებერვალს მივიღე ნიუ იორკის მერის ერიკ ადამსის ჯილდო. ვაპირებ, რომ მანჰეტენზე სახაჭაპურე „გიას აჭარული ხაჭაპური“ გავხსნა. ვიზები უკვე მზად არის, საქართველოდან 10 ადამიანი მიმყავს, რომლებიც იქ დასაქმდებიან. მინდა ყველა დეტალი ადგილზე გავიარო და ჩემი წარმომადგენლები დავტოვო. ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლას არ ვაპირებ, დროდადრო ჩავალხოლმე. აშშ-ში ქართულ კერძებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. თავად ნიუ იორკის მერის ინიციატივაა, რომ „გიას აჭარული ხაჭაპური“ ნიუ იორკში იყოს წარმოდგენილი. სახაჭაპურის გახსნას მანჰეტენზე დაახლოებით 2 თვეში ვაპირებ და 380 კვ/მ-ზე იქნება განთავსებული. გეტყვით, რომ ნიუ იორკში-ში კომუნიკაციებში და სხვა მრავალი მიმართულებით ქალბატონი დიანა ბაგრატიონი დაგვეხმარა, რომელიც აშშ-ში საქართველოს პოპულარიზაციისთვის მართლაც ბევრ რამეს აკეთებს“, - განმარტავს გია აგირბა.

მისივე თქმით, ნიუ იორკში გამოცხვება ყველა იმ სახეობის ხაჭაპური, რაც კი საქართველოში არსებობს. საუბარია, დაახლოებით 39 სახეობის ხაჭაპურზე. რაც შეეხება ნედლეულს, სახაჭაპურე თავდაპირველად საქართველოში წარმოებული ყველით მომარაგდება, თუმცა შემდგომ სპეციალურად „გიას აჭარული ხაჭაპურისთვის“ ქართული ტექნოლოგიით ყველის წარმოება აშშ-შიც დაიწყება. 

„ფერმები ყველა ქვეყანაშია და ყველის პრობლემა არ იქნება. უკვე გაფორმებული მაქვს ამერიკულ ფერმებთან ხელშეკრულებები, სადაც ჩემი წესით დავამზადებინებ ყველს და ისეთივე პროდუქციას მივიღებთ სახაჭაპურეში, რაც ჩვენთვის არის სასურველი.

თავდაპირველად ხაჭაპური საქართველოში წარმოებული ყველით მომზადდება. ყველის საწარმო „ცეზარი“ აშშ-ში გზავნის ყველს და შესაბამისად მათი სერვისით ვისარგებლებთ. საქართველოდან აშშ-ში ყველის ჩატანა ძვირი ჯდება, მაგრამ საწყის ეტაპზე აუცილებელია, რომ ხაჭაპურის წარმოება ქართული ყველით დავიწყოთ და შემდეგ ამერიკაში წარმოებულ ყველსაც მივიღებთ, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული ტექნოლოგიებით იქნება დამზადებული“, - აღნიშნა გია აგირბამ.

 „გიას ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური“ მალე თბილისში მდებარე რესტორან ქვევრშიც გამოჩნდება, რაზეც მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„მოლაპარაკებები უკვე მქონდა რესტორან „ქვევრის“ მფლობელთან და რამდენიმე დღეში „გიას ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური“ უკვე „ქვევრშიც“ გაიყიდება. სადაც ახლა „ქვევრია“, ადრე რესტორანი „მაჭახელა“ იყო, სადაც  წლები ვმუშაობდი და იქ იყო ჩემი აშენებული ბუხარი. როდესაც „ქვევრის“ მენეჯმენტმა აღნიშნული უძრავი  ქონება იყიდა, ის ბუხარი ისევ ხელუხლებელია და მას აქტიურად გამოვიყენებ“, - აღნიშნა გია აგირბამ.

ცნობილია, რომ გია აგირბამ ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა 1987 წლიდან დაიწყო და შემდგომ მისი ოფიციალურად დარეგისტრირებაც გადაწყვიტა. გია აგირბა ამ პროდუქტის გამომგონებელია და „გიას ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური“ საქპატენტიის მიერ სასაქონლო ნიშნადაცაა დარეგისტრირებული. 

დღეს გია აგირბა ბათუმში, რესტორან „ალავერდში“ მუშაობს. ეს ქართული რესტორანია, სადაც აქცენტი მაინც ხაჭაპურზე კეთდება. 

„სადაც მე ვარ იქ მოდის ყველა ჩემი მომხმარებელი და შესაბამისად რესტორან „ალავერდში“ მომხმარებლების რაოდენობა მზარდია. რაც მე ამ რესტორანში ვარ მომხმარებლების რაოდენობა თითქმის 300%-ით გაიზარდა. 

ბათუმში, ზამთრის პერიოდში შედარებით ნაკლებია დატვირთვა, მაგრამ ჩემი სახელისა და ჩემი აჭარული ხაჭაპურის გამო სტუმრების რაოდენობა მაინც სოლიდურია. რესტორანი სულ 400 სტუმარზეა გათვლილი და არატურისტულ სეზონზე დაახლოებით 70%-მდეა დატვირთული“, - ამბობს გია აგირბა.

მისი თქმით, მაღალ ტურისტულ სეზონზე რესტორანში დღეში 4000 ცალ ხაჭაპურსაც კი აცხობს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები