დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულში მესტიაში ევროპის ქვეყნებიდან მეტი ტურისტი ჩამოვა - „ლაჰილი“

გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულში მესტიაში ევროპის ქვეყნებიდან მეტი ტურისტი ჩამოვა - „ლაჰილი“

2024-05-08 11:00:00

გაზაფხულის სეზონზე მესტიაში ტურისტების აქტივობა დაბალია, თუმცა მაისის პირველ კვირაში ზრდა აპრილთან შედარებით 20-50%-ია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმრო „ლაჰილის“ მფლობელმა ლევან დადვანმა განუცხადა.

„მაისში ტურისტული ნაკადების ზრდის მიუხედავად, ახლო პერიოდის ჯავშნები გაუქმდა. ვფიქრობ, ეს რეგიონში შექმნილი ვითარებითაა გამოწვეული. გავლენა აქვს რუსეთ-უკრაინის ომს დაძაბულობას ღაზას სექტორში, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონზე მესტიაში ტურისტული ნაკადები გაიზრდება“, - ამბობს ლევან დადვანი.

რაც შეეხება ინტერესს, თუ რომელი ბაზრებიდან გაიზარდა ჯავშნები, „ლაჰილის“ მფლობელის განცხადებით, გაზაფხულის სეზონზე აქტიურია აზიის ბაზარი, ხოლო ევროპიდან ტურისტული ნაკადები საგრძნობლადაა შემცირებული. ასევე აქტიურია დსთ-სა და ადგილობრივი ბაზარი.

ლევან დადვანი, მესტიაში ტურისტული ნაკადების შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებს,მათ შორისაა შიდა ფრენების შემცირება და გაუმართავი ინფრასტრუქტურა.

„ასევე შემცირებულია Wizz Air-ის ფრენები, რომელიც პანდემიამდელ ნიშნულს ჯერ არ დაუბრუნდა. სამწუხაროა ისიც, რომ სვანეთში ინფრასტრუქტურული პრობლემებიც მატულობს, რადგან გზა ბოლოს 2011 წელს გაკეთდა. ასევე პრობლემაა შიდა ფრენები. ერთხელ ხორციელდება ფრენა მესტიის მიმართულებთ და  თვითმფრინავს 17 მგზავრი გადაჰყავს. 2015-2016 წლებში თვითმფრინავი 5-6 ფრენას ახორციელებდა და 100-მდე ტურისტი ჩამოჰყავდა“, - ამბობს „ლაჰილის“ მფლობელი.

მისი თქმით, არსებული პრობლემების მიუხედავად, აქვთ მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონზე მესტიაში ტურისტების აქტივობა გაიზრდება.

„ზაფხულის სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით. ხდება სასტუმროს დიზაინის განახლება. ტურისტებმა უკვე დაიწყეს ზაფხულის სეზონისთვის სასტუმროს დაჯავშნა. დომინირებს პოლონეთი, ესტონეთი, ისრაელი. საკმაოდ ბევრი ჯავშანი მივიღეთ ავსტრალიიდან“, - ამბობს ლევან დადვანი.

სასტუმრო „ლაჰილი“ ოთხი წელია ბაზარზე ოპერირებს. სასტუმროს 25 ნომერი აქვს. ორადგილიანი ოთახის ფასი საუზმით 190 ლარია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 საათის წინ

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები