დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საბანკო სექტორი წლებია ინტენსიურად მუშაობს - ალექსანდრე ძნელაძე

კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საბანკო სექტორი წლებია ინტენსიურად მუშაობს - ალექსანდრე ძნელაძე

16-05-2024 13:15:00

კიბერუსაფრთხოების რისკების ზრდა პირდაპირ კავშირშია ციფრული მომსახურებების მიღების ზრდასთან, - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ საბანკო სექტორში კიბერუსაფრთხოების შესახებ სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

აღნიშნული შეხვედრა საქართველოს საბანკო ასოციაციამ, USAID-ის მიერ დაფინანსებულ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციისა და მედეგობის პროგრამასთან (CIDR) პარტნიორობით გამართა, რომელსაც კომერციული ბანკების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა მიეძღვნა საქართველოს საბანკო სექტორის კიბერმედეგობის განმტკიცების საკითხს გაძლიერებული თანამშრომლობისა და ცოდნის გაცვლის გზით.

„კიბერუსაფრთხოების ნაწილში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არათუ შიდა საბანკო სისტემაში, არამედ მთლიანად ცნობიერების ამაღლების კუთხითაც საბანკო სისტემა არაერთი წელია მუშაობს. კიბერუსაფრთხოების რისკების ზრდა პირდაპირ კავშირშია ციფრული მომსახურებების მიღების ზრდასთან.

რეალურად, რომ შევხედოთ საბანკო სერვისების მიღება და საბანკო სერვისების გამოყენება, მომხმარებლების კუთხით ტრანზაქციების გამოყენების ნაწილში 95%-ს ასცდა. ანუ პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად მომხმარებლები ციფრულად და დისტანციურად იღებენ ამ სერვისებს.

აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია საბანკო სისტემა არამხოლოდ შიდა სისტემებზე იყოს ორიენტირებული, ასევე მომხმარებლის ცნობიერებაც იყოს მკვეთრად გაზრდილი. ამ რისკებთან მიმართებაში არაერთხელ ვსაუბრობთ ხოლმე და იცით თქვენ, რომ არაერთი მედია საშუალებით ვავრცელებთ მოსალოდნელი, პოტენციური და არსებული რისკების შესახებ ინფორმაციებს. მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სისტემა არის მოწინავე უსაფრთხოების ნაწილში.

როგორც იცით, სებ-საც აქვს თავისი გზამკვლევი და მოთხოვნები ამ კუთხით რა პირობები უნდა შეასრულოს საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენელმა, რომ ადეკვატურად პასუხობდეს იმ გამოწვევას, რა გამოწვევებიც არის დღეს. მაგრამ აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მცდელობა არის კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გავაზიაროთ ერთმანეთთან და ეს გამოცდილება გავაზიაროთ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით. საერთაშორისო სტანდარტები ცვალებადია და მუდმივად შემოდის სიახლეები ამ კუთხით და მნიშვნელოვანია, რომ ეს სიახლეები მივაწოდოთ არამხოლოდ საბანკო სექტორს, არამედ ყველა მომხმარებელს“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

მისი განმარტებით, კიბერთალითობის მცდელობები გაზრდილია, თუმცა სამაგიეროდ კიბერთაღლითობის წარმატებული შემხვევები პროცენტულ ჭრილში შემცირებულია. 

„მცდელობები კოლოსალურად იზრდება. რამდენჯერმე იზრდება ყოველწლიურად. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები უფრო მომზადებულები ხვდებიან და არამხოლოდ მომხმარებლები, არამედ მთლიანად საბანკო სექტორი.

მუდმივად ხდება საბანკო სექტორიდან, სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან ინფორმაციის მოწოდება, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს. ფიშინგის მაგალითი თუ იყო, ან სხვა მცდელობები თუ იყო, ვცდილობთ ოპერატიულად მივაწოდოთ ინფორმაცია, ინდივიდუალურად, მომხმარებელს.

რაც შეეხება წარმატებულ შემთხვევებს, წარმატებული შემთხვევების რაოდენობა პროცენტულად მკვერად კლებადია. თუ ადრე მომხმარებელი იყო ინფორმირებული ფიზიკურ საფრთხეებთან მიმართებაში, დღეს მან უნდა შეიძინოს ინტიუტიური შეგრძნება, კიბერსივრცეში როგორ იმოქმედოს და რას უნდა გაუსვას ხაზი“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

USAID-ის მიერ დაფინანსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციისა და მედეგობის პროგრამის ხელმძღვანელის ქრისტინე ნაჭყებია თქმით, პროექტის ფარგლებში დაწყებულია კვლევა იმის დასადგენად თუ რა გამოწვევებია საქართველოს საფინანსო სექტორში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

„USAID-ის მიერ დაფინანსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაცია და მედეგობის პროგრამა, არის რეგიონული პროგრამა, რომელიც 2021 წელს დაიწყო USAID-ის და ევროპის და ევრაზიის ბიურომ და მას ახორციელებს ორგანიზაცია DAI Global. ის დაიწყო 2021 წელს და გრძელდება 2026 წლამდე და მუშაობს კიბერუსაფრთხოების მედეგობის გაძლიერებაზე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ორგანიზაციებში 7 ქვეყანაში: დასავლეთ ბალკანეთის, შავი ზღვის და კავკასიის რეგიონში. საქართველოს პროგრამა დაიწყოს 2023 წლის ბოლოს. მთლიანად ეს პერიოდი ორიენტირებულია ფინანსურ სექტორში კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაზე. ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, როგორც საბანკო ასოციაციასთან ასევე სებ-თან და კომერციულ ბანკებთან ამ მიმართულებით.

ჩვენი პროგრამა მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით. ეს არის სამუშაო ძალის გაძლიერება, რაც არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც არის გლობალურად და საქართველოშიც. ჩვენ ვეცდებით დავეხმაროთ უნივერსიტეტებს, ასევე სხვა სასწავლო დაწესებულებებს, რომ გააძლიერონ სასწავლო კურსები კიბერუსაფრთხოების სფეროში. ასევე ვიმუშავებთ სექტორის ოპერატორებთან, საფინანსო სექტორში მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ვგულისხმობ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების კვალიფიკაციას. დავიწყეთ კვლევა და ეს კვლევა გვაჩვენებს თუ რა გამოწვევებია საქართველოს საფინანსო სექტორში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და ამის საფუძველზე ტექნიკურ დახმარებას დავგეგმავთ ტექნიკური ოპერატორებისთვის“, - აღნიშნა ქრისტინე ნაჭყებიამ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საბანკო ასოციაცია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციისა და მედეგობის პროგრამასთან თანამშრომლობით მომავალშიც გააგრძელებს  მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას, რათა შესაძლებელი იყოს უწყვეტი დიალოგი და თანამშრომლობა საბანკო სექტორში მოღვაწე კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებს შორის. საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობის გზით, მსგავსი შეხვედრები მათ მონაწილეებს საშუალებას მისცემს, რომ ინფორმირებულნი იყვნენ ცვალებადი კიბერსაფრთხეებისა და კიბერ-რისკის შემცირების გზების შესახებ ეფექტიანი შემარბილებელი ტექნიკების გამოყენებითა და კიბერმედეგობის გაძლიერებით.

კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციისა და მედეგობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომლის მართვასაც ა.შ.შ.-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს სახელით ახორციელებს DAI Global. პროგრამა ფოკუსირებულია კიბერუსაფრთხოების მედეგობის გაძლიერებაზე  დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში.

პროგრამის საერთო მიზანია რეგიონში კიბერუსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება. კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საკვანძო ინსტიტუციების დაცვის მექანიზმების გაძლიერების გზით, პროგრამა მიზნად ისახავს, უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის აუცილებელი სერვისების უწყვეტი მიწოდება და, ამავე დროს, გაზარდოს საერთო მედეგობა კიბერსაფრთხეების მიმართ. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები