დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიმდინარეობს ბაზრების დივერსიფიკაცია, ციტრუსი გერმანიაში, ბულგარეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც გავიდა - სამინისტრო

მიმდინარეობს ბაზრების დივერსიფიკაცია, ციტრუსი გერმანიაში, ბულგარეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც გავიდა - სამინისტრო

29-11-2023 18:18:59

ციტრუსის მოსავალი რაოდენობით და ხარისხითაც გაუმჯობესებულია. შარშანდელთან შედარებით, წელს დაახლოებით 20%-ით მეტი მოსავალია ნავარაუდევი. მთავარი გამოწვევა ბაზრების დივერსიფიკაციაა, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით  Business Insider Georgia- თან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე აცხადებს.

მისი თქმით, მაქსიმალური ღონისძიებები ტარდება, რომ ციტრუსის წარმოების, ასევე ექსპორტის საკითხებში არანაირი შეფერხება არ იყოს. 

„ცხადია, ბაზრის დივერსიფიცირება მნიშვნელოვანი ფაქტორია. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ექსპორტი ამ მიმართულებით შეფერხებულია, თუმცა არ შეჩერებულა. ზოგადად მსოფლიოში მანდარინის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია.

ეს გავლენას ახდენს ჩვენს შემთხვევაშიც, ამიტომ ბუნებრივია, რომ ექსპორტის დიდი წილი რუსეთში მიიმართება. პარალელურად მატულობს გადაზიდვები სხვა ბაზრებზეც, მათ შორის, სომხეთში. არცთუ დიდი  რაოდენობით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გერმანიაში, ბულგარეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც გავიდა გარკვეული რაოდენობა. თავისი მოთხოვნა აქვს ევროპის ბაზარს, რა მიმართულებითაც სამუშაოებს ასევე ვაძლიერებთ.

ვფიქრობ, რომ ბაზრების დივერსიფიკაციის რეალური  შესაძლებლობა ჩნდება. ამას ეხმარება ხელშემწყობი ღონისძიებები, რასაც ციტრუსის სექტორში  სახელმწიფო ახორციელებს", - აცხადებს თენგიზ ნასარიძე.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აცხადებს, წელს, ვინაიდან ხარისხიანი ციტრუსის რეალიზაციის პრობლემა არ დამდგარა. შესაბამისად, მთავრობა დიდ დახმარებას გაუწევს მეციტრუსე ფერმერებს, რომ ხარისხი გააუმჯობესონ.

„სახელმწიფო ფერმერებს ეხმარება ნერგების გაშენებით, ასევე  მოვლისა და შეფუთვის საშუალებებით, მარკეტინგული კუთხით მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს ფაქტორი არის განმსაზღვრელი ევროპულ ბაზრებზე პოზიციების გასამყარებლად. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მანდარინის ახალი ჯიშები დავნერგოთ. ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ამ საკითხს უკავშირდება. ზოგან ჯიშები მოძველებულია, რაც შეიძლება დაავადებების გამომწვევი გახდეს. ამიტომ მანდარინის  წარმოებით ვინც არის დაინტერესებული, ვეხმარებით, რომ მოსავლის სწორი მოვლა შეძლონ“, - ამბობს თენგიზ ნასარიძე.

შეგახსენებთ, რომ წელს, სახელმწიფომ მანდარინის სუბსიდირების ფასი გაზარდა. თუკი გასულ წლებში არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების ფასი 20 თეთრი იყო - სადაც 15 თეთრს სახელმწიფო იხდიდა, ხოლო 5 თეთრს საწარმო, ახლა ეს ფასი 30 თეთრია. სახელმწიფო სუბსიდიის ღირებულება 25 თეთრს შეადგენს, საწარმოს ჩართულობა კი - 5 თეთრს.

გასულ წელს საქართველოდან 36 ათასი ტონა - 21 მლნ დოლარამდე ღირებულების ციტრუსი გავიდა ექსპორტზე. ციტრუსიდან საექსპორტო შემოსავალი 21 წელს 30 მლნ დოლარი (58 ათასი ტონა), ხოლო 2020 წელს 27 მლნ დოლარი (53 ათასი ტონა) იყო.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები